რომანი და დეტექტივი

ხაზინის ოქრო

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 15:01 08.12, 2020 წელი

ხაზინის ოქრო
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრი დერეფანში ბოლთას სცემდა და მიუხედავად იმისა, რომ მოწევა აკრძალული იყო, სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა. გენერალი გელაშვილი თბილისის საუკეთესო კერძო კლინიკაში იმყოფებოდა და ბადრი გამყრელიძის გონზე მოსვლას ელოდა. 

გამყრელიძე სახელმწიფო ბანკის დაცვის უფროსი იყო და პელენგის ჯგუფმა ის მცხეთასთან, მტკვრის პირას უგონო მდგომარეობაში იპოვა. საქმე კი ის იყო, რომ სულ რაღაც რვა საათის წინ ბანკის საცავიდან ოთხასი კილოგრამი ოქრო გაიტანეს. ამ ძვირფასი ლითონის დაკარგვის ამბავი ცვლის უფროსმა, გივი ჯოხაძემ აღმოაჩინა. როდესაც ის დილის ცხრა საათზე ბანკში მივიდა, რომ დაცვის ჯგუფის როტაცია მოეხდინა.

– აბა, როგორი მორიგეობა გქონდათ. ბანკს მძარცველები ხომ არ დასხმიან თავს? – ხუმრობით ჰკითხა ჯოხაძემ დაცვის ჯგუფის უფროსს ნოდარ სულაძეს.
– კი, თავსაც დაგვესხნენ და ოთხასი კილოგრამი ოქროც წაიღეს. ჩვენი ხელით კი არ დავტვირთეთ „ბრანევიკი“?! – მიუგო სულაძემ ჯოხაძეს.
– საცავში სულ ოთხასი კილო ოქროა და ის რომ ვინმემ მართლა წაიღოს, ქვეყანა რეზერვების გარეშე დარჩება, – თქვა ჯოხაძემ.
– მართლა წაიღეს და მართლა ჩვენ დავტვირთეთ ის „ბრანევიკზე“, – თქვა სულაძემ და დააყოლა, – ბადრი და ზურაბ სიდამონიძე იყვნენ „ბრანევიკით“ მოსულები და ოქრო მაგათ წაიღეს.
– სერიოზულად? – შეცბა ჯოხაძე.
– ჰო, სერიოზულად. რა ფერი გეცვალა. ისეთი სახე გაქვს, რომ თითქოს მართლა გაგვძარცვეს, – სიცილით თქვა სულაძემ.
ცვლის უფროსმა ყური აღარ ათხოვა ჯგუფის უფროსს და გაფითრებული სახით დარეკა მობილურზე. ცოტა ხნის მერე კი ჩაილაპარაკა:
– რა ხდება, ნეტავ, ბადრი არ მპასუხობს.
– სძინავს, ალბათ, – სიტყვა შეაშველა სულაძემ.
ჯოხაძე დაიჯღანა. ისევ ტელეფონზე დარეკა და ცოტა ხნის შემდეგ თქვა:
– ზურაბ სიდამონიძეს საერთოდ გამორთული აქვს ტელეფონი.
– ალბათ, მაგასაც სძინავს, – უპასუხა სულაძემ, რითაც ჯოხაძე გააღიზიანა და იღრიალა:
– რა დაიჩემე, სძინავს, სძინავს... სახელმწიფო ბანკის საცავის უფროსს ტელეფონი არ უნდა ჰქონდეს გამორთული! ასეა ინსტრუქციით. ბადრის კი ისეთი ფხიზელი ძილი აქვს, რომ აუცილებლად გააღვიძებდა ჩემი ზარი. რაღაც „ჩეპე“ მოხდა და სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
– რა „ჩეპე“, გივი. ოქრო ზურაბმა და ბადრიმ წაიღეს „ბრანევიკით“, – თქვა სულაძემ.
– რა თქვეს, სად მიგვაქვსო? – იკითხა ჯოხაძემ.
– მთავარ საცავში გადაგვაქვსო, – ასე თქვა ზურაბ სიდამონიძემ. შემდეგ საცავი გააღო და ჩვენ ოქროს ოთხასი ზოდი ჩავტვირთეთ „ბრანევიკში“, – თქვა სულაძემ.
– მარტო ბადრი გაჰყვა „ბრანევიკს“? – იკითხა ჯოხაძემ.
– მანქანაში „ბრანევიკის“ შოფერი და კიდევ ერთი ფორმიანი იჯდა, ალბათ, „ახრანიკი“, – მიუგო სულაძემ.
გივი ჯოხაძემ სახელმწიფო ბანკის მმართველს დაურეკა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ გაფითრებული და მოუწესრიგებელი, თმაგაბურძგნული ბანკის მმართველი ბანკში მივიდა და ჯოხაძეს უთხრა:
– პოლიცია მოვა ამ საქმის გასარკვევად.
– პოლიცია? აბა, ოქრო ახალ საცავში გადაგვაქვსო? – იკითხა ჯოხაძემ.

ბანკის კიბეებზე ჩამომჯდარმა ბანკის მმართველმა, რომელსაც სახე ცარცისფრად გათეთრებოდა ლამის ქვითინით თქვა:

– არა, გივი, რა ახალ საცავში, მთელი ოქროს მარაგია გატანილი.
დილის ათი საათისთვის სახელმწიფო ბანკი მაღალჩინოსანი პოლიციელებით გაივსო, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრი მეთაურობდა. იქვე შედგა პოლიციელთა რამდენიმე ჯგუფი და იქვე დაისახა სამოქმედო გეგმა. ერთი ჯგუფი ვიდეოჩანაწერების ნახვით იყო დაკავებული და კადრებზე ჩანდა, თუ როგორ გააღო საცავის უფროსმა ზურაბ სიდამონიძემ დიდი სეიფი, როგორ გამოიტანეს იქიდან მთელი ოქროს მარაგი და ბრონირებული სპეცმანქანით წაიღეს. მეორე ჯგუფი ნოდარ სიდამონიძისა და ბადრი გამყრელიძის სახლებში წავიდნენ, მაგრამ სახლში არცერთი არ დახვდათ. პელენგის ჯგუფმა კი ბადრი გამყრელიძის ჩართული ტელეფონის ძებნა დაიწყო და ის პატრონის ქურთუკის ჯიბეში აღმოჩნდა.

თავად ბადრი გამყრელიძე ცოცხალი იყო, თუმცა გათიშული. ის მცხეთაში, მტკვრის ნაპირას ეგდო კლდის ძირში და აშკარა იყო, რომ გადმოაგდეს. ბანკის დაცვის უფროსს ტანსაცმელზე ექვსი დიდი ნახვრეტი ემჩნეოდა და როგორც გაირკვა, ეს ნატყვიარები იყო. თუმცა ტყვიები ტიტანის ჯავშანჟილეტში გაჩხერილიყო და გამყრელიძე, სწორედ, ამან გადაარჩინა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ექიმის მოსვლამდე გამყრელიძის მოსულიერება სცადეს, მაგრამ როდესაც მისი წამოყენება სცადეს, ბანკის უფროსმა ველურივით დაიყმუვლა და ისევ გაითიშა. როგორც აღმოჩნდა, ექვსი ნეკნი ჰქონდა გატეხილი და მცხეთიდან თბილისის საუკეთესო კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

სანამ ნაკნებგატეხილი ბადრი გამყრელიძე ექიმებს შოკიდან გამოჰყავდათ, კერძო კლინიკაში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლთას სცემდა დერეფანში და დანაშაულის მთავარი მოწმის გამოფხიზლებას ელოდა. ხოლო სახეზე რომ დანაშაული იყო, ამას წყალი არ გაუვიდოდა და გაუჩინარებული ზურაბ სიდამონიძისა და ჯავშნოსნის ინტენსიური ძებნა მიმდინარეობდა. ჯავშნოსანს პოლიციამ ნატახტართან მიაგნო, მაგრამ მასში, რა თქმა უნდა, გრამი ოქროც კი არ აღმოჩნდა. სიდამონიძე კი არსად ჩანდა და მის მოსაძებნად საქართველოს მთელი პოლიცია და უშიშროება იდგა ფეხზე.

დღის ორი საათი სრულდებოდა. დანაშაულიდან ათი საათი იყო გასული, როდესაც პალატიდან დერეფანში ერთ-ერთი ექიმი გამოვიდა და შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრა:
– ბატონო ლევან, პაციენტი შოკიდან გამოვიდა და შეგიძლიათ, დაელაპარაკოთ, მაგრამ ათ წუთზე მეტხანს ნუ შეაწუხებთ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ანთებული სიგარეტი ერთ-ერთ თავის მოადგილეს შეაჩეჩა და პალატისკენ გაემართა.

***

შოკიდან გამოსულ ბადრი გამყრელიძეს შინაგან საქმეთა მინისტრი პირისპირ გაესაუბრა და შეიტყო, რომ ზურაბ სიდამონიძემ მას ლამის ორ საათზე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ბანკის დაცვის უფროსმა შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრა:
– ჩვეულებისამებრ გვიან ვიძინებ. წუხელ კი შედარებით ადრე დავწექი. სახლში მარტო ვარ. ჩემი ქალიშვილი საფრანგეთში სწავლობს და მეუღლე მასთანაა წასული. ფხიზელი ძილი ვიცი და ტელეფონის ზარმა მაშინვე გამაღვიძა. საათს რომ დავხედე, ორს ათი აკლდა. ზურაბ სიდამონიძე რეკავდა და გაღვიძებისთვის მომიბოდიშა, თან სასწრაფოდ შეხვედრა მთხოვა. რომ ვკითხე, სად მოვიდე-მეთქი, მიპასუხა, შენი სახლის წინ ვიმყოფებიო. ხუთ წუთში ჩავედი და მითხრა:
– ბადრი, ხომ იცი, როგორ გენდობი და შენ სწორედ, ამიტომ დაგიკავშირდიო.
– რა ხდება, ბატონო ზურაბ, ხომ მშვიდობაა-მეთქი, – ვკითხე. მან კი მითხრა:
– ხომ იცი, რაც ხდება ქვეყანაში. ხელისუფლება იცვლება და ინფორმაცია მაქვს, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბანკში არსებული ოქროს მთელი მარაგი უფრო დაცულ ადგილზე გადავიტანოთ. შენც სწორედ ამიტომ დაგირეკე, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთო.
ერთი სიტყვით, სიდამონიძემ მთავრობის მეთაურის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდიანი ქაღალდი მაჩვენა და ჩვენ ჯერ ჯავშანმანქანების გარაჟიდან წამოვიყვანეთ მანქანა, შემდეგ კი ბანკიდან ოქროს ოთხასი ზოდი წამოვიღეთ და მცხეთისკენ გავემართეთ. სიდამონიძის თქმით, საიმედო საცავი მცხეთის გარეუბანში, ერთ-ერთ საიდუმლო ბუნკერში მდებარეობდა. ერთი სიტყვით, ზაჰესს რომ გავცდით „ბრანევიკი“ მძღოლმა გააჩერა, ძრავა ჩამიქრაო. მის გვერდით მჯდომმა „ახრანიკმა“ კი მანქანიდან გადასვლა მთხოვა, დავეხმაროთო. რომ გადავედით, პისტოლეტიდან ექვსი ტყვია დამიშვა, მე გონება დავკარგე მან კი ხევში გადამაგდო. ჩვევა მაქვს, რომ ჯავშანჟილეტი ვატარო და სწორედ ამან მიხსნა სიკვდილისგან.

მინისტრი მთელი გულისყურით უსმენდა გამყრელიძეს და ჰკითხა:
– ჯავშანმანქანის მძღოლი და შეიარაღებული მცველი ავტოფარეხიდან წამოიყვანეთ?
– არა, ბატონო ლევან, – თავი გააქნია გამყრელიძემ და დაამატა, – ღამით იქ მხოლოდ დარაჯია. მძღოლი და „ახრანიკი“ სიდამონიძემ თვითონ მოიყვანა და მითხრა, საიდუმლო სტაფის შტატიაო.
– შეგიძლიათ, მძღოლი და შეიარაღებული მცველი ამიწეროთ? – იკითხა მინისტრმა.
– სიმართლე გითხრათ, სტანდარტული ტიპები იყვნენ. საშუალო სიმაღლის ათლეტები. ისეთები, როგორებიც ჩვენს სტრუქტურებში მუშაობენ. არც დავკვირვებივარ, სიმართლე გითხრათ. თანაც კომუფლაჟები ეცვათ და სამხედრო ქუდები ეხურათ, – თქვა გამყრელიძემ.
– კარგი. მეტს აღარ შეგაწუხებთ, ათ წუთზე მეტის უფლება არ მაქვს. თქვენს პალატასთან ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმორიგევებენ. თუკი რაიმე ახალს გაიხსენებთ, მათი მეშვეობით დაგაკავშირებენ გამომძიებელთან. აბა, ნახვამდის! გამოჯანმრთელებას გისურვებთ და იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, – უთხრა მინისტრმა ბადრი გამყრელიძეს და პალატიდან გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაუჩინარებული ოქროს ძებნაში პოლიციისა და უშიშროების დიდი ძალები იყო ჩართული, ინფორმაციას არ გაუჟონავს და ჟურნალისტებს არაფერი გაუგიათ. პოლიციამ კი ჯავშანმანქანების ავტოფარეხში დარაჯის ცხედარს მიაგნო, რომელიც თავში ორჯერ გასროლით იყო მოკლული, თანაც იმავე იარაღით, რომლიდანაც ბადრი გამყრელიძეს ექვსი ტყვია ესროლეს.

ავტოფარეხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები კი, სადაც, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები უნდა ყოფილიყვნენ დაფიქსირებული, გამქრალი იყო. დარაჯიც იმიტომ იყო მოკლული, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები გაენადგურებინათ. დანაშაული ისე იყო ჩადენილი, რომ ძალოვან სტრუქტურებს ხელჩასაჭიდი, ფაქტობრივად, არაფერი ჰქონდათ. ერთადერთი „იაღლიში“ დამნაშავეების მხრიდან ბადრი გამყრელიძის ცოცხლად გადარჩენა იყო. თუმცა, ვერც ის მატებდა ამ საქმეს რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელო დეტალს და გამოძიება ჩიხში იყო შესული.

***

პოლკოვნიკი ლადო ჩხეიძე საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ცნობილი და დაფასებული ადამიანი იყო. ის მალე 52 წლის გახდებოდა. მილიციაში მუშაობა კი ოცი წლისამ, ჯერ კიდევ გაგანია უძრაობის პერიოდში, კომუნისტების დროს დაიწყო.

ლადო მოსკოვში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და მეორე კურსი რომ დახურა, პირდაპირ „მურში“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) მივიდა და მუშაობის დაწყების სურვილი გამოთქვა. რადგან ყმაწვილი დღის დასწრებულ განყოფილებაზე სწავლობდა, ის ნახევარ განაკვეთზე გააფორმეს და ცნობილ ქართველ ოპერებს, „მურის“ ლეგენდებს გია (ჟორა) ცეცაძეს და კოკა (ჯაზიკა) რუსაძეს მიაბარეს.

უფროსმა მეგობარ-კოლეგებმა ლადო ისე გამოწვრთნეს, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში, ჯერ კიდევ სტუდენტი ჭაბუკი, მოსკოვის მილიციის წამყვანი თანამშრომელი გახდა. იურისტის დიპლომთან ერთად ლადომ „მურში“ ჯერ უმცროსი გამომძიებლის თანამდებობა მიიღო, შემდგომ უფროსი გამომძიებელი გახდა და 25 წლისამ განყოფილების უფროსის მოადგილეობა „დაირტყა“. ცეცაძემ ის თავის მოადგილედ დანიშნა და რუსაძესთან ერთად, ქართული ტრიო შიშის ზარს სცემდა მოსკოვის „შავ სამყაროს“. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე კი ქართული სამეული სამშობლოში დაბრუნდა და თავის ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ.

მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, ლადო ჩხეიძეს ხელმძღვანელი თანამდებობა არ დაუკავებია, ყოველთვის პრაქტიკულ საქმიანობაში იყო ჩართული და, ძირითადად, ჩახლართულ საქმეებზე მუშაობდა. თუმცა, თავის უფროს კოლეგებთან კონსულტაციაზე არასდროს ამბობდა უარს და ამით მხოლოდ მოგებული იყო.

მას მერეც, რაც „ჟორა“ და „ჯაზიკა“ პენსიაზე გავიდნენ, ლადოს არც მაშინ შეუწყვეტია მათთან კონსულტაციები. ოქროს საქმის მთავარი გამომძიებელიც, რა თქმა უნდა, ლადო ჩხეიძე იყო და ცეცაძესა და რუსაძეს დანაშაულიდან მეოთხე დღეს მიაკითხა ოფისში, სადაც მათ კერძო სამძებრო-საგამოძიებო სამსახური ჰქონდათ გახსნილი.

– აბა, ლადიკ, რა გაგჭირვებია? – ჰკითხა ცეცაძემ ახალმოსულს.
– „ჯაზიკა“ სადაა? – მოიკითხა რუსაძე ლადომ.
– პატარა „ზაპოი“ ჰქონდა და სახლში შუშდება, – მიუგო ცეცაძემ.
– ესე იგი, მარტო ჩვენ მოგვიწვევს ბჭობა, – თქვა ლადომ და დაამატა, – ოქროს საქმეზე არაფერი გაგიგია, ავთანდილოვიჩ?
– არა, რა მოხდა? – ჰკითხა ცეცაძემ.
პოლკოვნიკმა თადარიგის პოლიციის გენერალს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს ჰკითხა:
– რას იტყვი?
ცეცაძეს გაეცინა და მიუგო:
– იმას, რასაც შენ. რა ბევრი ფილოსოფიაა აქ საჭირო?
ლადოსაც გაეცინა და თქვა:
– ანუ, ფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ფიგურანტი სახელმწიფო ბანკის დაცვის უფროსი ბადრი გამყრელიძეა?
– რა, ეს უდავო არაა? – მხრები აიჩეჩა ცეცაძემ და დაამატა, – ყველა კვალი მოსპეს, თითქმის ყველა სამხილი გაანადგურეს და ყველაზე მთავარ მოწმეს ექვსი ტყვია ჟილეტიან ტანში ესროლეს და ერთი თავში არ „დააკანტროლკეს“, მით უმეტეს, რომ იარაღი, რომლიდანაც დარაჯი მოკლეს და გამყრელიძეს ჯავშანჟილეტში ესროლეს, ერთი და იგივეა. (გაგრძელება შემდეგ ნომერში).

აგრეთვე, წაიკითხეთ:

📖 ხაზინის ოქრო - თავი II

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი