რომანი და დეტექტივი

ჩიპი

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.08

ჩიპი
დაკოპირებულია

ჩეჩნეთის მეორე ომი რომ დასრულდა, სამხედრო საკონტრაქტო ხელშეკრულება ერთი თვის მერე დამიმთავრდა. აღარ გავაგრძელე და ჯარიდან წამოვედი, სადაც 10 წელი ვმსახურობდი. ჯერ 30 წლისაც არ ვიყავი. არც ცოლ-შვილი მყავდა და არც ახლო ნათესავი. მამა არასდროს მყოლია და დედაჩემისგან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ლამაზი ქართველი უყვარდა. მისგან დაფეხმძიმდა და დაქორწინება იმიტომ ვერ მოასწრეს, რომ ის ლამაზი ქართველი, ანუ მამაჩემი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ დედაჩემის მიერ მოგონილი ამბავი, მაგრამ ქართულ გვარს ვატარებ და დედაჩემი ამას ყოველთვის დიდი სიამაყითა და ხაზგასმით აღნიშნავდა. მე კი ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თუ ვიცოდი. დედაჩემი მთხოვდა, რომ ქართული აუცილებლად მესწავლა, ცოლად ქართველი გოგონა მომეყვანა და საერთოდ, ქართულ ფესვებს დავბრუნებოდი. დედაჩემი პროფესიით პედაგოგი იყო, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ძალიან განათლებული ადამიანი და რუსულზე არანაკლებ იცოდა ქართული კულტურა და ლიტერატურა. გარეგნულად ლამაზი რუსი ქალი იყო და, ზოგადად გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ძალიან პატიოსანი ადამიანი. როგორც შემდგომ მივხვდი, დედაჩემს მამაჩემის გარდა არავინ ჰყვარებია და ეს სიყვარული და ერთგულება ჩემზე გადმოიტანა. თუმცა, ჩემგან ფარულად, გულის სიღრმეში, ძალიან დიდი განცდები ჰქონდა და ამან დააავადა. 18 წლის რომ შევსრულდი, ჯარში წავედი. კანონით, დედისერთობის გამო, შემეძლო სამხედრო ვალდებულებისთვის თავი დამეღწია, თუმცა თავს ვაჟკაცად მივიჩნევდი და საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადე. 2 წლის მერე სახლში დავბრუნდი. დედაჩემი ძალიან შეცვლილი დამხვდა. ის სიმსივნით მძიმედ იყო დაავადებული და ზუსტად ერთ თვეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი მითხრა: ქართველი ხარ. შენს ფესვებს დაუბრუნდი, ქართველ გოგონაზე დაქორწინდი... გფარავდეს ღმერთი!

დედის გარდაცვალებამ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. ორმოცი გადავუხადე, შემდეგ სამხედრო კომისარიატში მივედი და საკონტრაქტო ხელშეკრულება გავაფორმე. 9 წელი ვიმსახურე. ჩეჩნეთის ორივე ომში მივიღე მონაწილეობა. საკმაო წვრთნა გავიარე და ჯარიდან რომ წამოვედი, მცირედი დანაზოგი მქონდა. თუმცა, ის მხოლოდ სამიოდე თვე მეყო. შემდგომ კი ნულზე დავჯექი და სამსახურის ძებნა დავიწყე. ჯარში დაბრუნების სურვილი აღარ მქონდა. ვვარაუდობდი, რომ სადმე დაცვის სამსახურში დავსაქმდებოდი. რამდენიმე ადგილზე ვიყავი, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით. ასე ვიარე ერთი კვირა და ბოლო შეხვედრიდან რომ სახლში დავბრუნდი და საწოლზე წამოვწექი, სახლის ტელეფონმა დარეკა, რომელიც მობილურების შემოსვლის შემდეგ მოდაში აღარ იყო, მაგრამ მე მაინც არ გავაუქმე.

– დიახ. გისმენთ, – ვუპასუხე ზარს.

– როგორ ხარ. რას საქმიანობ? – მომესმა სერჟანტ როიზმანის ხმა, რომელთანაც 9 წელი მქონდა გატარებული საკონტრაქტო სამსახურში და სამხედრო მომზადება საფუძვლიანად მასთან გავიარე.

– არა მიშავს, თქვენ როგორ გიკითხოთ? – ვუთხარი სერჟანტს.

– ძველებურად. ჭამა-სმის მადა არ დამიკარგავს და ქალების სიყვარულის სურვილი არ გამქრობია, – ნახევრად ხუმრობით მითხრა სერჟანტმა და დაამატა, – თუმცა ჯარიდან წამოვედი.

– რას საქმიანობთ?

– დაცვის სამსახური ჩამოვაყალიბე. შენ რას საქმიანობ?

– სამსახურს ვეძებ, სხვათა შორის, თქვენს სფეროში, მაგრამ ჯერჯერობით ხეირიანი ვერაფერი მოვიძიე.

– სწორედ მაგაზე გირეკავ. ერთგულ და პროფესიონალ კადრებს ვაგროვებ და შენზე უკეთესს ვის მივიღებ? – მითხრა სერჟანტმა და დაამატა, – ხვალ ჩემს ოფისში გელოდები. დილას მოდი და დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ.

მეორე დღესვე შევხვდი სერჟანტ როიზმანს და დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. პატარა უწყება იყო. სულ რაღაც, 40 ადამიანი ვმუშაობდით, სერჟანტის ჩათვლით, მაგრამ ყველანი ძალიან გამოცდილები და გამობრძმედილები. ძირითადად, სამხედროები ვიყავით, თუმცა, რამდენიმე ყოფილი პოლიციელიც გვყავდა. ძირითადად, ძვირფასი ტვირთების, მათ შორის ფულის ტრანსპორტირებით ვიყავით დაკავებული. აგრეთვე, აღებული გვქონდა ორი ოფისიც და მდიდარი ფირმის მმართველებს ვიცავდით. სერჟანტი მთელი ამ უწყების შეფი იყო და მკაცრი დისციპლინა ჰქონდა დამყარებული. ამასანავე, თანამშრომლებს ფულსაც კარგად უხდიდა. ჩემთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. თუმცა, მე თვითონ ვერ ვფამილარობდი. როიზმანს ყოველთვის თქვენობით მივმართავდი და, საერთოდ, ხაზს არ ვუსვამდი იმას, რომ ერთმანეთთან ასეთი ახლობლური ურთიერთობები გვქონდა. სულ რაღაც, ორი თვე იყო გასული მუშაობის დაწყებიდან, რომ ერთ საღამოს როიზმანმა კაბინეტში დამიბარა და მითხრა:

– როგორ ხარ, როგორ შეეგუე აქაურობას?

– გმადლობთ. კარგად ვარ. აქაურობასაც კარგად შევეგუე.

– გრაფიკით, ხვალ არ მუშაობ და გცალია?

– დიახ. რა ხდება, რამე საქმე ხომ არაა.

– შენი დახმარება მჭირდება და ამიტომ დაგიძახე.

– დიახ. რა თქმა უნდა. რა დახმარება გჭირდებათ?

– შენს სახლთან რომ სკვერია, ხვალ, საღამოს შვიდ საათზე იქ მოდი და ყველაფერს გეტყვი.

– კარგი. შევთანხმდით, – ვუთხარი როიზმანს.

მეორე დღეს, დათქმულ დროს სკვერში მივედი. როიზმანი მანქანით იყო. ჩავუჯექი და წავედით. თხუთმეტი წუთის შემდეგ ერთ პატარა გარაჟს მივადექით. როიზმანმა ტანსაცმელი გამოიცვალა და სპორტულად გამოეწყო. პარიკი და წვერ-ულვაში დაიმაგრა. მეც, დაახლოებით, იმავე ფორმაში გამომაწყო და მითხრა:

– საჭეს მიუჯექი და წავედით. ადგილზე რომ მივალთ, ძრავა არ გამორთო, დამელოდე და ფეხი არსად მოიცვალო.

უხმოდ დავემორჩილე და ნახევარი საათის მერე ერთ-ერთი მიკრორაიონის სკვერში შევჩერდი. როიზმანმა პატარა, ტყავის ჩანთა გადაიკიდა. მანქანიდან გადავიდა და წავიდა. თუხთმეტი წუთის მერე დაბრუნდა და მითხრა:

– წავედით, მშვიდად იარე!

სერჟანტმა ერთ-ერთ ხიდთან მანქანა გამაჩერებინა და ჩანთით გადავიდა. მალევე უჩანთოდ დაბრუნდა უკან და ისევ იმ გარაჟში მივედით. ტანსაცმელი ისევ გამოვიცვალეთ. პარიკები და წვერ-ულვაში მოვიხსენით და მან უკან, სახლში მომიყვანა.

– მადლობა. ხვალ დაისვენე. ზეგამდე!

ორი დღის მერე სამსახურში გავედი. სერჟანტს არც კი უხსენებია ჩვენი ღამის ვოიაჟი და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მე კი ფიქრები მაბრუებდა და ეჭვები მღრღნიდა. ვოიაჟიდან ერთი კვირის მერე კი როიზმანმა კაბინეტში მიხმო, დაჯდომა შემომთავაზა. წინ სქელი კონვერტი დამიდო და მითხრა:

– აქ ოცდაათი ათასი დოლარია, შენი წილი. აიღე და მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა. უზადო დამხმარე ხარ, ნამდვილი პროფესიონალი და თუკი უარზე არ იქნები, უშუალოდ საქმეებს მიიღებ, შესაბამისად კი – ბევრად მეტ ფულსაც.

ეს სიტყვები ჩემი ეჭვების დასტური იყო, მაგრამ მაინც გადავამოწმე და ვკითხე:

– რას გულისხმობთ? გამარკვიეთ.

– ვერაფერს ხვდები? – მკითხა როიზმანმა.

– ვერა, – გავაქნიე თავი.

– შეკვეთებზე ვმუშაობ. იმ დღესაც შეკვეთა შევასრულე, რაშიც ფული გადამიხადეს. შენ კი დამეხმარე და ეს იმ დახმარების წილია.

– შეკვეთებს, ანუ მკვლელობებს?

როიზმანს გაეცინა და მითხრა:

– უფრო პროფესიონალურად რომ ვთქვათ, ლიკვიდაციებზე ვმუშაობ. შეგიძლია, შემომიერთდე.

უცებ თავში გამიელვა, რომ ასეთი ინფორმაციის მფლობელი თუ ის ბოლომდე არაა საქმეში, პოტენციური სამიზნეა და თავად ექვემდებარება ლიკვიდაციას. ამიტომ, ასე რომ არ მომხდარიყო, სერჟანტს ვუთხარი:

– გამოვდგები?

– გამოდგები. ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.

ასე გავხდი ლიკვიდატორი და ოთხი წლის განმავლობაში მაღალ პროფესიულ დონეზე უშეცდომოდ ვმუშაობდი. ჩვენს საქმეში შეცდომა სიკვდილის ტოლფასია. ჩვენ უფრო საშიში პროფესია გვაქვს, ვიდრე გამნაღმველებს. მესანგრე შეიძლება, შეცდეს, ნაღმი აუფეთქდეს და სასწაულებრივად გადაურჩეს სიკვდილს. თუ საღ-სალამათი არ დარჩება, დაიჭრას და მაინც იცოცხლოს. ჩვენთან კი სასწაულები არ ხდება. ერთი შეცდომა და „მეტკა“ დაგედება. ხოლო თუკი „მეტკა“ დაგადეს, აუცილებლად შეგისრულებენ, ანუ მოგკლავენ.

მუშაობის მეოთხე წელი რომ სრულდებოდა, შეკვეთის შესასრულებლად თბილისში მომიწია ჩასვლა. ჩემს ისტორიულ სამშობლოში პირველად ვიმყოფებოდი. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიიდან გამომდინარე, საქმის დროს უემოციო ვიყავი, თბილისის მიწაზე ფეხის დადგმისას გული არა მარტო ამიჩქარდა, არამედ ამიჩუყდა კიდეც. ეს იმიტომ დამემართა, რომ დედაჩემი გამახსენდა, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, ქართველი ხარ და შენს ფესვებს დაუბრუნდიო.

თბილისში შეკვეთის შესრულებამდე ერთი კვირით ადრე ჩავედი, რათა იქაურობა გულდასმით შემესწავლა. ჩვეულებისამებრ, ყოველთვის ასე ვიქცევი ხოლმე, როდესაც უცხო გარემოში მიწევს მუშაობა. ჩემთვის თბილისიც უცხო გარემო იყო და „თემის დამუშავებას“ გულდასმით შევუდექი. ობიექტი ქვემო ფონიჭალაში, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა. ის ნარკობარონი იყო, ფეშენებელური სასახლე ჰქონდა, მაღალი ბეტონის კედლით შემოღობილი. დაცვით გადაადგილდებოდა და რთული მოსახელთებელი იყო. მე ის სნაიპერული შაშხანიდან გასროლით უნდა მომეკლა. სასროლ პოზიციად მრავალსართულიანი სახლის სახურავი ავირჩიე და ჩავუსაფრდი. შაშხანას მაყუჩი და ღამის ხედვის ბინოკლი მოვარგე. ჩავწექი და ობიექტის გამოჩენას დაველოდე. უკვე ბნელოდა. გარინდული ვიყავი და როცა ობიექტი მანქანიდან გადმოვიდა, მისსავე ეზოში ორი ტყვია დავასვი თავში და დავალება წარმატებით შევასრულე. იარაღი სახურავზე დავტოვე და სწრაფად დავეშვი ფეხით. ლიფტს არ დაველოდე და ფეხით ჩასვლა გადავწყვიტე. ორი სართული რომ ჩავირბინე, ერთ-ერთ ბინასთან ასეთ სურათს შევესწარი: ორი ახალგაზრდა კაცი ოცდაათიოდე წლის ქალს ეძალადებოდნენ. ცდილობდნენ, ერთ-ერთ ბინაში შეერთიათ, რომლის კარიც ღია იყო. ქალი კი მათ წინააღმდეგობას უწევდა და რომ დამინახა, ერთ-ერთ მოძალადეს იმ ხელზე უკბინა, რომელიც მას პირზე ჰქონდა აფარებული და დამიყვირა, მიშველეო. საქმის ვითარების გარკვევის დრო არ იყო. ორივე მოძალადე ელვისებური დარტყმებით მოვიშორე. ქალს მაჯაში ჩავავლე ხელი და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინეთ. ათიოდე მეტრში მანქანა მეყენა და იქით გავემართეთ. ჩავსხედით, ავტომობილი დავძარი და ქალაქის ცენტრისკენ დავიძარით. ქართული არ ვიცოდი და ჩემს მგზავრს რუსულად ვკითხე:

– სად მიგიყვანოთ?

გოგონამ რუსულადვე მკითხა:

– რუსი ხართ?

– რუსულად მოლაპარაკე, – ვუპასუხე და გავუმეორე, – სად მიგიყვანოთ?

– სამწუხაროდ, წასასვლელი არსად მაქვს.

– აბა, რა ვქნათ?

– არ ვიცი. სადმე უნდა შევეფარო, თორემ მომკლავენ.

ქალის სილამაზემ, დედაჩემის მოგონებამ, ალბათ, თბილისურმა კლიმატმა და კიდევ რამ, არ ვიცი, ჩემი პროფესიისთვის დაუშვებელი საქციელი ჩამადენინა. სრულიად უცხო ადამიანი შემეცოდა და ვუთხარი:

– დროებით შემიძლია, შეგიკედლოთ. მერე კი თქვენ იცით. მოიფიქრებთ, ალბათ, სად წახვიდეთ.

– დიდი მადლობა! ესეც შეღავათია. წავიდეთ თქვენთან, – მითხრა გოგონამ და გამიღიმა.

დიდ დიღომში ბინა მქონდა ნაქირავები და ერთი თვის ფული უკვე გადახდილი. იქ ყოფნის ვადა ორ კვირაზე მეტი იყო დარჩენილი და გოგონა იქ მივიყვანე. ვავახშმე და ვუთხარი:

– შეგიძლიათ, აქ გაჩერდეთ რამდენიმე დღე, შემდეგ კი უნდა მოიფიქროთ, სად წახვალთ. ახლა კი დაისვენეთ, დაღლილი და ნანერვიულები ხართ.

– გმადლობთ. დავიძინებ, – მითხრა გოგონამ და საძინებელში შევიდა. მე კი ტელევიზორი ჩავრთე და საინფორმაციო გამოშვებას ვუყურე, რომელშიც შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ჩართვით ჟურნალისტი ჩემ მიერ განხორციელებულ ლიკვიდაციაზე საუბრობდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი