ბებიის ანდერძი
ავტორი: ნია დვალი 20:00 21.08
ლანა ბებიამისის ბინაში შემოდგომაზე გადავიდა, მართალია, სახლი ძველი აშენებული იყო, თუმცა სადარბაზოს უკვე ჰქონდა რკინის დიდი მასიური კარი და დომოფონითაც იყო აღჭურვილი. სახლი ცხრასართულიანი იყო, შელახული ლიფტითა და კარზე აკრული ჭრელ-ჭრელი განცხადებებით.
ბინა ლანას ანდერძით ერგო. ოროთახიანი, მეორე სართულზე, შემინული ლოჯიით, სამზარეულოს ნაცრისფერი გარნიტურითა და ოთხკუთხა მაგიდით, რომელზეც ბებია ოდესღაც ხინკლის მოხვევას ასწავლიდა.
ლანას თითქმის არაფერი გადაუყრია. მხოლოდ ძველი ხალიჩები დაახვია და სოფელში გაგზავნა, მათ ნაცვლად კი ღია ფერის ლამინატი დააგო. სამზარეულოში ლინოლეუმი ფილებით შეცვალა, ბებიამისის ჭურჭელი გადარეცხა და ღია თაროებზე შეინახა, ახალი ელექტროჩაიდანი იყიდა და სამზარეულოს მეტი სიმყუდროვისთვის ლედ განათებები დაამატა.
ლანა 35 წლის იყო, ტანდაბალი, კარგი აღნაგობის, მაგრამ ოდნავ ჩასხმული, მოკლე მუქი თმით, რომელსაც თავად იჭრიდა, სალონებში, რატომღაც, არ დადიოდა. ავეჯის საამქროში მუშაობდა, გაყიდვების განყოფილებაში, მშვიდ, უპრობლემო ადამიანად იცნობდნენ, მაგრამ ჯიუტი იყო: თუ გაჯიუტდებოდა, ადგილიდან ვერ დაძრავდით. სკანდალები და ხმამაღალი საუბარი არ უყვარდა. თუმცა უფრო მეტად არ უყვარდა, როდესაც ასულელებდნენ.
ერთ დღესაც ბინის წინ, ფეხის საწმენდთან, მწვანე ფერის სანთელი იპოვა. გვერდით ქაღალდი ეგდო. ლანამ აიღო, გაშალა და წაიკითხა: „მიმთვისებელი“. ლანამ იფიქრა, რომ ბავშვები ეთამაშებოდნენ. კიბის უჯრედს გახედა. მოპირდაპირედ მარტოხელა პენსიონერი ცხოვრობდა, ზარს დააჭირა თითი, მაგრამ არავინ გაუღო. ლიფტისკენ გაიხედა, საეჭვო ვერაფერი შენიშნა, ამიტომ ბარათი გადააგდო და სამსახურში წავიდა.
მეორე დღეს, როდესაც ბინიდან გამოვიდა, უკვე სამი სანთელი დახვდა. ერთი კვირის შემდეგ უკვე მთელმა სადარბაზომ იცოდა, რომ ლანასთან რაღაც ხდებოდა. მის დანახვაზე მეზობლები შეთქმულებივით ჩურჩულებდნენ.
ერთ დღესაც, როდესაც მარკეტში მიდიოდა, სადარბაზოს წინ ხანშიშესული ქალები დახვდნენ, რომლებმაც მაშინვე შეწყვიტეს საუბარი, როგორც კი ლანა დაინახეს. ლანა მათ წინ შეჩერდა და ჯიქურ ჰკითხა:
– თუ რამე გაინტერესებთ, მე მკითხეთ.
– ჩვენ – არაფერი... უბრალოდ, ხალხი ამბობს, ბინა სადავო იყოო, – დიდი ხნის დუმილის შემდეგ უპასუხა მისმა კარის მეზობელმა, ზაირამ.
– ვინ ხალხი? – ლანამ მეზობლებს გადახედა, – როდიდან გახდა ანდერძი სადავო?
– მე იურისტი არ ვარ, ლანა, საყვარელო, – ზაირამ მაშინვე შეარბილა ტონი, მაგრამ სანთლებს ტყუილუბრალოდ არ დებენ. შესაძლოა, ვინმეს უნდა, რომ გაგაფრთხილოს.
ლანას გაეღიმა, მაგრამ გული მაინც უსიამოვნოდ შეეკუმშა.
საღამოს დეიდაშვილმა დაურეკა. ეკა მასზე ხუთი წლით იყო უფროსი. მოვლილი, მაღალი ქალი თითოეულ სიტყვას ისე წარმოთქვამდა, თითქოს ბეჭედს ასვამდა. სილამაზის სალონი ჰქონდა და ძალიან უყვარდა მისტიკა – მუდმივად ენერგიებსა და კარმას ახსენებდა ხოლმე.
– ლანა, გავიგე, რომ შენთან რაღაცები ხდება, – უთხრა ლანას მისალმებისა და მოკითხვის გარეშე.
– ჭორები სწრაფად ვრცელდება, – ხისტად უპასუხა ლანამ.
– საწყენად არ მითქვამს, უბრალოდ, ბებიას ბინა ჩვენთვის, ყველასთვის, სახლი იყო. ერთ დღესაც კი ბებია წავიდა და ბინა ჩვენთვის ჩაიკეტა.
– ბებიამ ჩუქება თავის სიცოცხლეში გააფორმა.
– მესმის, მაგრამ ეს ერთია და მეორეა სინდისი, – არ შეეპუა ეკა.
– სინდისი?! – გაიმეორა ლანამ, – რას გულისხმობ?
– იცი, რასაც ვგულისხმობ, ეს ბინა ორად უნდა გაყოფილიყო. ბებიას ორი შვილი ჰყავს: დედაჩემი და დედაშენი.
– მისთვის ერთხელაც კი არ მიგიტანია წამლები, არ მოგიკითხავს, – შეახსენა ლანამ.
– რა თქმა უნდა, შენ ყველაფერს ანგარიშობ...
– მე ანგარიშიანი ვარ, შენ – ანგელოზი, – მოულოდნელად დაეთანხმა ლანა, მაგრამ ეკამ არ შეიმჩნია სარკაზმი.
– ხანდახან საცხოვრებელი თავად აძევებს უცხოს. ასე რომ, ნურაფერი გაგიკვირდება.
– მემუქრები? – ამოიღო ხმა ლანამ.
– არა, ფაქტს გეუბნები.
ლანამ გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი – ამ საუბრის გაგრძელება აღარ უნდოდა.
სანთლებს კი ისევ ტოვებდნენ მის კართან და ბარათების შინაარსიც უფრო და უფრო თავხედური ხდებოდა.
– დააბრუნე, რაც მიითვისე.
– რაც შენი არაა, არ შეგრჩება.
– უწესო ადამიანი ხარ.
ბარათები კოხტად იყო გადაკეცილი, სანთლები ხან ფეხის საწმენდზე იდო, ხან კი მწკრივად ეწყო კარის ჩარჩოსთან. ერთხელ ვიღაცამ კართან მსხვილი მარილი დაყარა. ლანამ უხმოდ მოგავა. არავისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ სამსახურში ანგარიშში შეცდომები ეპარებოდა, იმიტომ რომ სულ აფორიაქებული იყო. სახლში ყოფნისას კი კართან ხშირად მიდიოდა და ნაბიჯების ხმას აყურადებდა. როდესაც სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა, სულ იმაზე ფიქრობდა, რომ ყველაზე ცუდი სანთლები კი არ იყო, არამედ ის, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, აშინებდა და ამით სიამოვნებას იღებდა.
შაბათს მასთან უმცროსი ძმა მივიდა. დათოს მუდამ დაღლილი სახე ჰქონდა და ნებისმიერ კონფლიქტს წყვეტდა ფრაზით: „დაიკიდე“. შემოსასვლელში რომ ბარათების გროვა დაინახა, დას უთხრა:
– ლან, გაყიდე ეს ბინა. აიღე ფული, იყიდე სტუდიო სადმე, ახალაშენებულ კორპუსში. რატომ იშლი ნერვებს?
– ვიღაც მაშინებს და მე უნდა დავთმო?
– და რას დაამტკიცებ სიჯიუტით? ხალხი ბოროტია. ხვალ რამე უარესს მოიგონებენ.
ლანამ მას თვალებში შეხედა და უარის ნიშნად თავი გააქნია. დათო მიხვდა, რომ ამაზე საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ მძიმედ ამოისუნთქა და დას პატარა, მოძრაობის დეტექტორიანი კამერის გამოწერაში დაეხმარა. კამერა არ ღირდა ძვირი, ჰქონდა ღამის გადაღებისა და ტელეფონის აპლიკაციის ფუნქცია და მონტაჟდებოდა კარის სათვალთვალოში.
– როდესაც დაინახავ რამე მოძრაობას, თვითშემოქმედება არ დაიწყო. მე დამირეკე, მოვალ და გავარკვიოთ ყველაფერი.
– მაშინვე შენ გეტყვი, – დაეთანხმა ლანა, მაგრამ უკვე მაშინვე იცოდა, რომ ჯერ თავად გასცემდა პასუხს მოძალადეს.
კამერა მეორე დღეს მიიტანეს. ლანამ ხელოსანი გამოძახა და კამერა კარის სათვალთვალოში ჩაამონტაჟებინა. გარედან არაფერი ემჩნეოდა, სამაგიეროდ, შიგნიდან ყველაფერი ჩანდა: ლიფტი, კიბე, მეზობლების ფეხსაწმენდები, კარი.
პირველი ორი ღამის განმავლობაში არაფერი მომხდარა. მესამე ღამეს, გამთენიის 4 საათზე ტელეფონი აციმციმდა და დაიწკრიალა.
ლანას მაშინვე გამოეღვიძა. გული აუჩქარდა, იმდენად აღელდა, რომ ეკრანს მაშინვე ვერც დააჭირა თითი, რომ ვიდეო გაეხსნა.
სართულზე ნახევრად ბნელოდა. კიბეზე გრძელ პალტოში გამოწყობილი ქალი ამოვიდა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, ხელში პაკეტი ეჭირა. უცნობმა სწრაფად მიმოიხედა ირგვლივ, შემდეგ ლანას კართან ჩაიმუხლა და ორი სანთელი დადო. ბოლოს წერილი ამოიღო და სანთლებს გვერდით მიუდო. ლანამ გამოსახულება გაადიდა. ქალი შეტრიალდა და სახიდან თავსაფარი ჩამოუცურდა. კამერამ სახე დააფიქსირა.
ეკა იყო!
არც მეზობელი, არც მოზარდები, არც გიჟი სხვა სადარბაზოდან – უბრალოდ, ეკა. ლამინირებული წარბებითა და დაგრძელებული წამწამებით, ძვირფასი ხელთათმანებითა და ვერცხლისფერი ჩანთით, რომელსაც არ იშორებდა.
ლანა საწოლში გაუნძრევლად იწვა. თავიდან არ გაბრაზებულა, რაღაც მძიმე და აუხსნელი გრძნობა დაეუფლა. თითქოს ხელში ისეთი სიმართლე შეაჩეჩეს, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანდა.
ლანამ ისევ ჩანაწერს დახედა: ეკამ სანთლები გაასწორა, რომ სიმეტრულად მდგარიყო და კიბისკენ წავიდა, ლიფტით არ უსარგებლია. ლანამ ჩანაწერს სამჯერ უყურა.
შემდეგ წამოდგა, სამზარეულოში შუქი აანთო, ჩაიდანში წყალი ჩაასხა და ჩართო. მაგიდაზე იდო საშაქრე, ფაიფურის ღიღილოებიანი ლამბაქები, ბებიამისის ნაქონი და ფაიფურისვე ჭიქები. ყველაფერი სიმყუდროვეს ასხივებდა, სახლში ჩვეულებრიობა და სიმშვიდე სუფევდა. ლანამ დამამშვიდებელი ნაყენი მოიმზადა და დალია. ერთხანს კიდევ იჯდა სამზარეულოში – ფანჯრიდან ქალაქს უყურებდა, რომლის გაღვიძებასაც მზე აპირებდა, რადგან მისი სხივები უკვე ამოწვერილიყო. ლანა ფიქრობდა... ბოლოს, როგორც ჩანს, გეგმა დასახა, შუქი ჩააქრო და საძინებლისკენ გაემართა.
***
შემდეგ კვირა დღეს ლანამ ახლო ნათესავები დაპატიჟა – ახალმოსახლეობის აღსანიშნავად, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე უთხრა. რა თქმა უნდა, მივიდა მისი ძმა, დედამისი, ეკა და დეიდამისი, ანუ ეკას დედა.
ნათესაურ შეკრებაზე ყველაზე გვიან ეკა გამოცხადდა და ეს არც იყო გასაკვირი: ის ყოველთვის იგვიანებდა ხოლმე, იმ იმედით, რომ ეფექტურად შევიდოდა და ყველას დაამახსოვრებდა თავს.
ეკას უკმაყოფილო სახე ჰქონდა:
– რა მოხდა ასეთი სასწრაფო? – იკითხა მან და ხელთათმანები გაიძრო.
ლანამ მაგიდაზე თავისი საფირმო კექსი დადო და ფაიფურის ფინჯნებიც ამოალაგა.
– ჩაის დალევთ?
– ჩაის დასალევად მოგვიყვანე? – ცხვირი აიბზუა ეკამ.
– ლანა, ნუ წელავ, – უთხრა ძმამ. მას უკვე ნანახი ჰქონდა ჩანაწერი და მოღუშული იჯდა.
ეკამ ეჭვით გადახედა დეიდაშვილს.
ლანამ ტელევიზორი ჩართო, ტელეფონს დაუკავშირა და ნათესავებს გადახედა.
– კინოსეანსი გვაქვს? – ირონიულად იკითხა ეკამ და თავი გადააქნია, – რისთვის მომაცდინეთ, სისულელისთვის...
ჯერ კადრი ბუნდოვანი იყო, შემდეგ ეკრანზე პალტოში გამოწყობილი ქალი კართან ჩაიმუხლა. ლანას დეიდამ ამოიოხრა და რატომღაც მაგიდას ჩაებღაუჭა, ეკა გაფითრდა, მაგრამ სწრაფადვე მოეგო გონს.
– ეს მე არ ვარ.
ლანამ კადრი ზუსტად იმ მომენტში შეაჩერა, სადაც დეიდაშვილის სახე თითქმის სრულად ჩანდა.
– რა თქმა უნდა. შენ არ ხარ. შენი ავატარია, – გაიცინა ლანამ.
დათოსაც გაეცინა. დეიდა თამარამ თავი გადააქნია.
– ეკა, ეს რატომ გააკეთე?
– რატომ?! – უცებ იფეთქა ეკამ. ტუჩები აუკანკალდა და მთელი მისი მოვლილი იმიჯი დაიმსხვრა:
– მან მიიღო ყველაფერი! მარტომ! ჩვენ არავინ ვართ?! ჩვენ ოჯახი არ ვართ? დედა, ეს შენი ბინა არ არის?!
– დიახ, ეს ბინა იყო დედაშენის, დედაჩემის, მაგრამ ბებიამ ასე გადაწყვიტა, – მშვიდად უთხრა დეიდაშვილს ლანამ.
– იმიტომ, რომ შენ სულ მის გარშემო ტრიალებდი!
– მე არ ვტრიალებდი. მე მას ვუვლიდი, როდესაც შენ სალონებში დადიოდი და დრო არ გქონდა. ენატრებოდი, სულ შენს ნახვას ითხოვდა, შენ კი ერთხელაც არ დაგირეკავს მისთვის.
– შენ უვლიდი იმიტომ, რომ ბინა გინდოდა, – ჩაისისინა ეკამ.
– შენც მოგევლო ბინის ხათრით, – გაუღიმა ლანამ.
სამზარეულოში სიჩუმე ტყვიასავით აწვებოდა ჰაერს. დეიდა თამარას თავი დაეხარა და მაგიდას დასჩერებოდა.
ეკა უცებ წამოხტა და ლანას დაუყვირა:
– ამას მწარედ განანებ!
ლანაც წამოდგა.
– მე არა, შენ ინანებ. მე ამ ჩანაწერს შევინახავ. და კიდევ ერთხელ თუ გამოჩნდები ჩემს კართან სანთლებით, წერილებით ან რჩევებით, წავალ პოლიციაში.
ეკას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვები ვერ მონახა. ჩანთა აიღო და კარი გაიჯახუნა.
ორი დღის შემდეგ ზაირამ ლანა ლიფტთან შეაჩერა. ხელში პური ეჭირა, სახეზე გულწრფელი შეწუხება აღბეჭდვოდა:
– ხალხის ენას ძვალი არ აქვს, მეც კი გამომაყეყეჩეს, ამხელა ქალი...
ლანამ გაუღიმა.
– ხდება ხოლმე.
– ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეკა იქნებოდა. ბავშვობაში ძალიან კარგი გოგონა იყო, კეთილი, გულისხმიერი.
– ბავშვობაში ყველანი კარგები ვართ, მთავარია, როგორები გავიზრდებით.
– მაპატიე, შვილო, – გულწრფელად უთხრა ზაირამ.
– რა თქმა უნდა, ზაირა დეიდა, – ახლა კი უნდა გავიქცე, მეჩქარება.
***
იმ შეკრების შემდეგ ლანას კართან აღარავის დაუდია სანთლები, არც ბარათები დაუტოვებია. არც მეზობლები ჩურჩულებდნენ ლანას ზურგს უკან. პირიქით. თვალს არიდებდნენ ხოლმე უხერხულად.
ლანას ბებიამისის ბინა არ გაუყიდია, გაარემონტა, საკეტი გამოცვალა, თავად ვარცხნილობა შეიცვალა და ჩაცმულობის სტილიც. აუზზე ჩაეწერა და თავის მოვლა დაიწყო, რასაც ბებიამისი უჩიჩინებდა ხოლმე. ახლა უკვე აღარ არიდებდა თვალს თავის გამოსახულებას სარკეში და არც სინდისი ქენჯნიდა, რომ ბებიამ ის გამოარჩია. ლანამ ისწავლა იმის მიღება, რასაც ადამიანები აძლევდნენ და უკვე დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





