რომანი და დეტექტივი

ჯუბა

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.06

ჯუბა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #22 (1222)

***

თბილისიდან გამგზავრებულ ჯანოს საშინელი ბოღმა ახრჩობდა. საკუთარ თავს ვერ პატიობდა ძმაკაცის დაპატიმრების ამბავს. „კრეტინი ვარ, ცალტვინა კრეტინი, როგორ ვერ მივხვდი, რომ ჯუბა გაპარვას აპირებდა“, – ფიქრობდა ჯანო. უხასიათობა თანამშრომლებმაც შეატყვეს. ნაწილის უფროსმა კი კაბინეტში დაიბარა და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. ჯანომ, რა თქმა უნდა, არაფერი უთხრა და თავის ტკივილი მოიმიზეზა. გამოცდილმა პოლკოვნიკმა ყურადღებით შეათვალიერა ჯანო და უთხრა:

– წესრიგში მოიყვანე საკუთარი თავი. დღეს ერთ კაცს უნდა შეხვდე და უხასიათობა არ შეგნიშნოს.

– არის, ამხანაგო პოლკოვნიკო! – გამოეჯგიმა უფროსს ჯანო.

პოლკოვნიკმა საათს დახედა და ჯანოს უთხრა:

– ოთხი საათი გაქვს დრო. გამოიძინე, იბანავე და ის კაციც მოვა. ახლა კი თავისუფალი ხარ.

ჯანოს არ უკითხავს უფროსისთვის ვის უნდა შეხვედროდა, რადგან ასეთი რამ მიღებული არ იყო. ის კაცი კი, ვინც სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოფრინდა ჯანოს სანახავად, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, პოლკოვნიკი დროზდოვი იყო. „კაგებეში“ განსაკუთრებული დანიშნულების, უაღრესად გასაიდუმლოებულ საბრძოლო-ოპერატიულ დანაყოფს ქმნიდნენ. ეს საქმე დროზდოვს ევალა და პოლკოვნიკი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებდა ადამიანებს პირველი სასწავლო ეტაპისთვის. დროზდოვი სამი საათი ელაპარაკა ჯანოს, დარწმუნდა, რომ საქმეში გამოადგებოდა და ბოლოს უთხრა:

– ერთ კვირაში მომზადებას დავიწყებთ. შენ კი ხვალვე მოსკოვში გადაგაფრენენ და სასწავლო ცენტრში დაბინავდები. რაზეც აქ ვისაუბრეთ და საერთოდ, ამ ამბის შესახებ სიტყვაც კი არავისთან დაძრა. გასაგებია?

– დიახ. ყველაფერი გასაგებია! – გამოეჯგიმა ჯანო. დროზდოვმა კი უთხრა.

– და კიდევ, აშკარად გეტყობა, რომ სამხედრო ხარ და ეს უნდა დაივიწყო როგორც საუბრის დროს, ასევე ქცვისას, მანერები აკონტროლე! შენი პროფილი შეუმჩნევლობაა და კარგად დაიმახსოვრე, გაითავისე.

– დიახ, – ყოველგვარი გამოჯგიმვის გარეშე უპასუხა ჯანომ პოლკოვნიკს და დროზდოვს კმაყოფილება დაეტყო სახეზე.

მოსკოვიდან ჯანო კახიანი პოდმოსკოვიეში, ბალაშიხის ზესაიდუმლო სასწავლო ცენტრში დახურული მიკროავტობუსით გადაიყვანეს, რომლის უკანა სალონს ფანჯრები არ ჰქონდა. მძღოლსა და სალონს შორის კი შემინული ტიხარი იყო და მგზავრი გზას ვერ ხედავდა. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ კურსანტმა, ფაქტობრივად, არ იცოდა, სად იმყოფებოდა. რადგან ბალაშიხას უმაღლესი კატეგორიის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი ჰქონდა, იქ ისეთი უსაფრთხოების სისტემა იყო, რომ შეუმჩნევლად ჭიანჭველაც კი ვერ შევიდოდა და გამოვიდოდა. ეს უზარმაზარი ტერიტორია ხშირი, მაღალ-მაღალი ხეების ტყით იყო შენიღბული. უშიშროების კომიტეტში შედიოდა და მისი ადგილსამყოფლისა და დანიშნულების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. იქ „კაგებეს“ სუპერმებრძოლების ინდივიდუალური პროგრამით ამზადებდნენ და ეს პროგრამა პოლკოვნიკ დროზდოვის მიერ იყო შემუშავებული. ბალაშიხაშივე ამზადებდნენ საერთაშორისო ტერორისტებს. მაგრამ მათ არც ის იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში იმყოფებოდნენ და არც ის, რომ „კაგებეს“ კონტროლქვეშ მუშაობდნენ. იმიტომ რომ ჩავარდნის შემთხვევაში თავიანთი ნამდვილი პატრონი არ დაესახელებინათ. ყველა ინტერნაციონალურ ჯგუფს ინსტრუქტორები მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდნენ. შემდგომ კი მათ თავიანთ ქვეყნებში უშვებდნენ და ისინი მთელ მსოფლიოს იყვნენ მოდებული. ერთი სიტყვით, ბალაშიხაში ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო და სწორედ ასეთ ადგილში მიიყვანეს ჯანო კახიანი მოსამზადებლად. უწყვეტი ერთწლიანი მომზადების შემდეგ ჯანო უშიშროების კომიტეტის საგანგებო ნომენკლატურაში შეიყვანეს და 23 წლის ასაკში უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. მოსკოვში ბინა მისცეს და განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებებს აძლევდნენ. ჯანოს, ძირითადად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწევდა მუშაობა და არამც თუ ჩავარდნა არ ჰქონია, ერთი შენიშვნაც კი არ მიუღია. კახიანი ძალიან გამოცდილი, იმავდროულად, ცივსისხლიანი ადამიანი გახდა. ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას, სწრაფად აზროვნებდა და შეეძლო ურთულესი სიტუაციებიდან თავის დაღწევა.

ჯანოს ამ საქმიანობას ზურგს საბჭოთა უშიშროების ის არალეგალური ინფრასტრუქტურა უმაგრებდა, რომელიც „კაგებეს“ ყველა ქვეყანაში ჰქონდა და კონსპირაციული ბინებისგან და საბანკო ანგარიშებისგან შედგებოდა. ჯანომ არაერთი ასეთი ბინა და ანგარიში იცოდა და საჭირო შემთხვევაში გამოყენების ნებართვაც ჰქონდა.

***

ჯანო კახიანის „კაგებეში“ საიდუმლო სამსახურის მეოთხე წელს მაიორის წოდება მიანიჭეს და ის ჯერ 28 წლისაც არ იყო. ერთ დღეს ჯანო დროზდოვმა დაიბარა და უთხრა:

– მაიორობას გილოცავ, ჯანო!

– გმადლობთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მიუგო ჯანომ დროზდოვს.

– ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

– დიახ, გისმენთ, – თქვა ჯანომ, თან რატომღაც, გულმა რეჩხი უყო და უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.

– ჯანო, იური ვლადიმიროვიჩის ბრძანებით, დღეიდან შენ აგენტ-ინდივიდუალისტის სტატუსი მოგეხსნა.

კახიანს, რომელიც ყოველთვის ბოლომდე უსმენდა თავის უფროსებს და არასოდეს მიუცია საკუთარი თავისთვის ზედმეტი კითხვის უფლებაც კი, დროზდოვს შეაწყვეტინა და წამოიძახა:

– რატომ, ამხანაგო პოლკოვნიკო?

– დღეიდან შენ ჩვენს ელიტაში ირიცხები და სტატუსი გიმაღლდება. უკვე იმდენი იცი, რომ რისკის ქვეშ შენი დაყენება ძალიან სახიფათოა. ღმერთმა არ ქნას და რომ ჩავარდე, არაა გამორიცხული, რომ მტერმა მთელი ინფორმაცია გამოგწუროს. მე იმას კი არ ვგულისხმობ, რომ გვიღალატებ, უბრალოდ, მათ ისეთი ქიმიური საშუალებები აქვთ, რომ საკმარისია შეგიშხაპუნონ და ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, რომ რაც იცი, ყველაფერს გათქმევინებენ. ამიტომ, ანდროპოვის ბრძანებით, შენ სპეციალურ აგენტთა მომზადების ცენტრის მთავარ ინსტრუქტორად გადაგიყვანთ – ბალაშიხის ცენტრის უფროსის მოადგილედ ხარ დანიშნული.

– ხვალ ციმბირის ტაიგაში ჩაიბარებ სასწავლო ჯგუფს და კურსანტებს მოამზადებ. ამაღამ ირკუტსკში უნდა გაფრინდე და აეროპორტში დაგხვდებიან. აბა, შენ იცი, ჯანო ვიცი, არ შეგვარცხვენ და წარმატებებს გისურვებ!

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – თქვა ჯანომ და დროზდოვს გაეჯგიმა.

– სამხედრო ჩვევებს დაუბრუნდი? – ღიმილით თქვა დროზდოვმა და დაამატა, – თუმცა, ახლა უკვე შეიძლება. უკეთესიც კია. კურსანტები ისე უნდა გაწურო, რომ შენზე უკეთესი თუ არა შენნაირები მაინც გამოვიდნენ.

ჯანო დროზდოვს გამოემშვიდობა და „ლუბიანკიდან“ შავი „ვოლგით“ აეროდრომზე გაემართა, საიდანაც „კაგებეს“ თვითმფრინავმა უშიშროების მაიორი ჯანსუღ კახიანი ირკუტსკში გადააფრინა.

***

ინდივიდუალურ აგენტთა მომზადების ერთწლიანი კურსი ოთხი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი სამი ეტაპი თეორიული მომზადება იყო. მეორე კი, ყველაზე რთული – საშინელზე საშინელი და განსაკუთრებით, მისი ბოლო ეპიზოდი. კურსანტრების ჯგუფს ჯერ სწრაფ და უზუსტეს სროლას ასწავლიდნენ ყველა სახეობის იარაღიდან, ბოლოს კი „ცოცხალზე ნადირობას“ უნდა დაუფლებოდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თითოეულ კურსანტს განსაზღვრულ დროში უნდა აღმოეჩინა, შეეპყრო და მოეკლა ცოცხალი ადამიანი. თავის დროზე ჯანოსაც წარმატებით ჰქონდა ჩაბარებული ეს ბოლო გამოცდა. როდესაც ამ გამოცდის დრო დადგა, ჯანოს ერთ-ერთმა ხელქვეითმა კაბინეტში მოუტანა „მოსანადირებლების“ სრული სია, ფოტოებითურთ. საქაღალდეები მაგიდაზე დაუდო და მოახსენა:

– აი, ამხანაგო მაიორო, ექვსნი არიან, ამ დილით ჩამოიყვანეს სპეცეტაპით და გაეცანით. თითოეული მათგანი უაღრესად საშიში დამნაშავეა, ორზე ნაკლები ადამიანი არცერთს არ ჰყავს მოკლული.

მოსანადირებელ კონტინგენტს „კაგებე“ სიკვდილმისჯილებისგან ირჩევდა და სასწავლო ცენტრში თითოეული მათგანის სრულ დოსიეს გზავნიდნენ. ინსტრუქტორი ამ დოსიეებს საფუძვლიანად ეცნობოდა და თავად წყვეტდა, თუ რომელი კურსანტისთვის რომელი „ობიექტი“ გადაეცა სანადიროდ. ნადირობა კი უკაცრიელ, გაუვალ ტაიგაში ხდებოდა, რომელიც მკაცრად იყო დაცული და მსხვერპლს მონადირისგან რომ დაეღწია თავი, სამხედრო ზონას მაინც ვერ გასცდებოდა.

ჯანო დოსიეებს ჩაუჯდა და კითხვას შეუდგა. პირველი ხუთი „ობიექტი“ განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები იყვნენ და სასიკვდილო განაჩენი სრულიად დამსახურებულად ჰქონდათ გამოტანილი. ზედ დართული ფოტოსურათები კი ნათლად ასახავდა მათ მხეცურ ბუნებას. ამიტომ, ჯანოს მათ მიმართ სიბრალულის ნატამალიც კი არ გასჩენია. უკვე თენდებოდა, როდესაც ჯანომ მეექვსე დოსიე გადაშალა. პირველ გვერდზე ჩაკრულ ფოტოსურათებს შეხედა და გაშრა. გაფითრდა, ცივმა ოფლმა დაასხა და თვალები უსაშველოდ გაუფართოვდა. ფოტოებზე ჯუბა იყო გამოსახული. ჯანოს არც კი ჩაუხედავს შემდეგ გვერდებზე. დოსიე დახურა და ხელქვეითს უხმო. ხოლო, როდესაც ის მოვიდა, უთხრა:

– ობიექტები სად არიან!

თავთავიანთ ბარაკებში, ამხანაგო მაიორო.

– დაცვა?

– გაძლიერებულია. როგორც ინსტრუქციითაა დადგენილი.

– გასაგებია, – თქვა ჯანომ და დაამატა, – ვერტმფრენი სადაა?

– წუთი წუთზე ჩამოფრინდება.

კარგი. თავისუფალი ხარ. დაისვენე. ნადირობას ღამის ათ საათზე ვიწყებთ. მანამდე კი თავად შევამოწმებ ყველაფერს.

ვერტმფრენით კურსის უფროსი ნადირობის დროს საგანგებო ზონის თავზე დაფრინავდა და მონადირეებთან პირდაპირი რადიოკავშირი ჰქონდა.

ხელქვეითი რომ წავიდა და ვერტმფრენიც ჩამოფრინდა, ჯანო ასაფრენ ბილიკზე მივიდა და მფრინავს უთხრა:

– დაღლილი იქნებით, დაისვენეთ. ღამის ფრენა მოგვიწევს და ძალები დაგჭირდება.

პილოტი რომ დასასვენებლად წავიდა, ჯანო „ობიექტების“ ბარაკებისკენ გაემართა და ბადრაგების მზადყოფნა შეამოწმა. ჯუბას ბარაკის მცველებს კი უთხრა:

– გამოიყვანეთ და ვერტმფრენში მოათავსეთ. პირველი ობიექტი ეგაა და გამთენიისას ვიწყებთ. ათწუთიან მზადებას გიცხადებთ. პილოტი რომ მოვა, „ობიექტი“ კაბინაში მიამაგრეთ და ჩემთან მოდით კაბინეტში. საგანგებო ინსტრუქცია უნდა ჩაგიტაროთ. მესამე სართულზე ვიქნები და გელოდებით!

ბადრაგებმა მორჩილად დაუკრეს თავი ჯანოს და ჯუბას გამოსაყვანად გაემართნენ.

როდესაც ბადრაგები შენობაში შევიდნენ, ჯანო ვერტმფრენში ჩაჯდა, სასწრაფოდ ჩართო ძრავა და ჰაერში აიჭრა. სანავიგაციო ხელსაწყოები გამორთო და ისეთი დაბალი სიმაღლე აირჩია, რომ ვერტმფრენის დასაჯდომი ნაწილი ლამის ხის კენწეროებს ედებოდა. ნახევარსაათიანი ფრენის შემდეგ ჯანომ ვერტმფრენი ბაიკალის ტბის ჩრდილო ნაპირზე დასვა, შემდეგ ჯუბა აუშვა და უშიშროების კომიტეტის სწრაფმავალ კატერში ჩასვა, უთხრა:

– ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიჩქაროთ. ახლა, ალბათ, უკვე მთელი „კაგებე“ დგას ფეხზე და გვეძებენ. მაქსიმუმ, ორ საათში უნდა გავაღწიოთ სამშვიდობოზე, თქვა ჯანომ, სამხრეთისკენ აიღო გეზი და ჯუბა მას უკან გაჰყვა.

***

ჯანომ მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა და ჩანაფიქრი შეასრულა – ჯუბასთან და ლელასთან ერთად მთიანი აჭარიდან ბილიკებით თურქეთში გადავიდა. ლელა ერთ-ერთ დედათა მონასტერში მსახურობდა მორჩილად. ჯანომ ეს ადრევე გაიგო და გოგონა მხოლოდ მას მერე დათანხმდა წასვლაზე, როდესაც ღვიძლი ძმა ნახა. დახვრეტილად შერაცხილი ჯუბა კი ურანის საბადოებზე ამუშავეს სხვა მსგავს „დახვრეტილებთან“ ერთად და როდესაც მან ამ ჯოჯოხეთს გაუძლო, უშიშროების სპეცკურსანტთა მსხვერპლად, საზარბაზნე ხორცად გაამწესეს.

მთელი „კაგებე“ ფეხზე იდგა და გაქცეულებს ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. ხოლო, როდესაც სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ დროზდოვს მოახსენეს, ერთ-ერთი საიდუმლო ევროპული საბანკო ანგარიშიდან მსხვილი თანხა მოიხსნაო, პოლკოვნიკმა გაიფიქრა, მორჩა. ახლა ოკეანეში ჩაგდებულ კენჭს უფრო მოძებნი, ვიდრე ამ გაქცეულ ქართველებსო.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი