რომანი და დეტექტივი

გრძნეული სიზმარი

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 10.04

გრძნეული სიზმარი
დაკოპირებულია

გოჩა დილით შეხვედრაზე წავიდა. გავაცილე და რადგან არანაირი საქმე არ მქონდა, ისევ დავწექი. ძილბურანში ვიყავი, როდესაც ხმაურმა გამომაღვიძა. თავს ვიღაც მადგა და მიყვიროდა:

– ახლავე აბრძანდი და მიბრძანდი!

უცებ ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა. თვალები მოვიფშვნიტე. როგორც იქნა, სილუეტი გამოიკვეთა. თავზე ჩემი დედამთილი ციცო მადგა. ხალათი მოვისხი და წამოვდექი.

– ხომ მშვიდობაა, ქალბატონო ციცინო?

– შენთვის მშვიდობა არაა. ჩაიცვი, მოკრიფე შენი ნივთები და აქედან წადი! გასაღებები დატოვე!

ვცდილობდი, არ შეემჩნია, რომ ხელები მიკანკალებდა და რაც შეიძლება, მშვიდად მელაპარაკა:

– ეს ჩემი ბინაცაა, მე და გოჩამ ერთად ვიყიდეთ და ორივეზეა გაფორმებული. მე მაქვს აქ ცხოვრების უფლება.

ჩემი დედამთილი თითქოს შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა:

– უფლება ჰქონია! დაგავიწყდა, ვინ მოგცათ ფული პირველადი შენატანისთვის? ვინ გეხმარებოდათ რემონტში? ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მიიღე, რომ ჩემი შვილის ცოლი გახდი. ახლა კი შენ ის დააღალატე და მე არ მოგცემ უფლებას, ჩვენი სიკეთით ისარგებლო.

ვერ ვხვდებოდი. როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვგრძნობდი, რომ ახლა ამას აზრი არ ჰქონდა. იმ წუთას მე მისი რძალი კი არ ვიყავი, არამედ მტერი.

– კარგი, წავალ, ოღონდ ჯერ გოჩას დავურეკავ.

– ნუ შეაწუხებ, – მომიჭრა დედამთილმა, – ის ახლა მნიშვნელოვან შეხვედრაზეა. მე თვითონ ვეტყვი მერე.

ჩაცმა დავიწყე, თან, ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი, აუცილებელი ნივთები ჩავაწყვე.

– სწრაფად! – მაჩქარებდა დედამთილი.

უნებლიეთ თვალი მოვკარი კომოდზე ჩარჩოში ჩასმულ ფოტოსურათს – მე და გოჩას ქორწინების ერთი წლისთავზე გადაღებულს. ფოტო ფრთხილად ჩავდე ჩანთაში ტანსაცმლის ზემოდან, რომ არ დაზიანებულიყო. ოცი წუთის შემდეგ ორი ჩანთით ხელში კართან ვიდექი.

– და აქ უნებართვოდ აღარ გამოჩნდე! – გამაფრთხილა დედამთილმა და კარიც დაიხურა. გარეთ წვიმდა. ტელეფონი ამოვიღე და ეკრანს დავხედე. გოჩასგან არც ერთი გამოტოვებული ზარი არ იყო. სადარბაზოსთან, გადახურულ სკამზე ჩამოვჯექი. ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა. დავხედე – გოჩასგან შეტყობინება მოვიდა:

„ქეთი, დედამ მითხრა, რომ წახვედი. რა მოხდა?“

მაშინვე მისი ნომერი ავკრიფე.

– გოჩა, დედაშენი მოვიდა, მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი და გასაღებები დავუტოვე....

– რა? – გოჩას ხმა შეეცვალა, – ახლავე მოვალ, არსად წახვიდე. დამელოდე...

ნახევარ საათში გოჩა უკვე იქ იყო. მე მობუზული ვიჯექი სკამზე ჩანთებთან ერთად.

– დედაჩემი უცნაური ქალია, არ გაბრაზდე. ეს ჩვენი სახლია და შენ ზუსტად იგივე უფლება გაქვს, რაც მე.

სახლში ორივენი ერთად დავბრუნდით. ქალბატონი ციცო გამოვიდა და ღიმილი სახეზე შეეყინა. გოჩა არ დალოდებია, რას ეტყოდა დედამისი:

– დედა, ქეთის გაგდების უფლება არ გქონდა. ვიცი, რომ პირველადი შენატანი შენ მოგვეცი, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, ყველაფერი დაგიბრუნეთ. ქეთი არსად წავა. ეს მისი სახლია.

ქალბატონი ციცო უცებ დატკბა:

– ქეთი, მაპატიე. ზედმეტი მომივიდა, მეც კი ვერ ვხსნი, რა ბზიკმა მიკბინა. შენ სამსახურში საყვედურს არ გეტყვიან, შეხვედრაზე რომ არ წახვედი? – მიუბრუნდა შვილს.

გოჩას პასუხი არ გაუცია. ქალბატონმა ციცომ არ შეიმჩნია შვილის მიერ მისი კითხვის წაყრუება და მხიარულად თქვა:

– ჩაის მოვამზადებ, ქეთი შეციებული იქნება.

სახტად დავრჩი ჩემი დედამთილის ასეთი სახეცვლილებით, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ რამის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა. გოჩამ ჩემი ჩანთები აოღო და საძინებელში შეიტანა. მეც უკან გავყევი. ერთიანად ვლანკალებდი.

– აქ მოგიტან ჩაის, თუ გინდა, ჯერ შხაპი მიიღე და შემდეგ დააყოლე, გათბები და დამშვიდდები.

– იცი, მეც მიკვირს. რომ ასე ადვილად დავნებდი და წავედი. შენც კი არ დაგირეკე. მეგონა, რომ შენც... – ხმა ჩამივარდა აღელვებისგან.

– რომ მე ვიცოდი? – დაასრულა გოჩამ, – მართლა ასეთი ვიგინდარა გგონივარ?!

შემრცხვა და ცრემლები წამომცვივდა.

გოჩა ჩამეხუტა.

– ყველაფერს გამოვასწორებთ. გპირდები, რომ არასდროს იგრძნობ თავს დაუპატიჟებელ სტუმრად ჩვენს სახლში.

მე ამოვისლუკუნე და თავი მის მხრებში ჩავრგე. სიმშვიდე დამეუფლა, თითქოს ავი ჯადოქრისგან გამომიხსნეს. გული გამითბა და სითბო მთელ სხეულში ჩამეღვარა. თითქოს შევეზარდე გოჩას სხეულს და მასში გავიღვარე. უკვე აღარ ვბრაზობდი საკუთარ თავზე, რომ ასე მარტივად დავიჯერე გოჩას ღალატი და დავუშვი აზრი, რომ მას შეეძლო, ჩვენი სახლიდან ან, თუნდაც, მხოლოდ მისი სახლიდან ქუჩაში გავეგდე.

თავი აღარ მეცოდებოდა, პირიქით, თითქოს სალი კლდით ვიყავი გარშემორტყმული და არაფერი და არავინ მემუქრებოდა. გოჩას მშვიდი გულისცემა მამშვიდებდა და ჩემთვის მის გაცნობამდე უცხო გრძნობის – დაცულობის – ჯავშანს მაკრავდა.

ისევ ძილბურანის მდგომარეობისკენ წავედი. როგორც ჩანს, განცდილმა სტრესმა თავისი ქნა და უნებლიეთ გამეღიმა. გოჩამ ფრთხილად ჩამაწვინა საწოლში და მაკოცა:

– დაიძინე, მე დედას დაველაპარაკები.

***

ერთბაშად ჩავიძირე სიბნელეში და გამეღვიძა, ოღონდ ვიცოდი, რომ მაინც მეძინა. ჩემ წინ პატარა გოგონა იდგა, მოწყენილი. კარგად რომ დავაკვირდი, ეს მე ვიყავი, პატარა. დაახლოებით, 6-7 წლის ვიქნებოდი. თმა მაღლა მქონდა აწეული და ცისფერი, ბრჭყვიალებით ლამაზად გაწყობილი კაბა მეცვა. კაბა მაშინვე ვიცანი – მამიდაჩემმა ჩამომიტანა ინდოეთიდან, ხელებზე კი ორი ცალი სპილოს ძვლის სამაჯური მეკეთა, ლამაზად მოვარაყებული. ისინიც მამიდაჩემის საჩუქარი იყო. ფეხზე თეთრი, პრიალა ფეხსაცმელები მეცვა და თეთრი წინდები. ბაბუაჩემის ნაყიდი იყო. სიზმარშივე გამეღიმა, მაგრამ უცებ პატარა ქეთი აცახცახდა. მეც დავიძაბე, მაგრამ არც განძრევა შემეძლო და არც ხმის ამოღება. პატარა გაიქცა, მე უკან გავეკიდე და უცებ ჩემი მშობლების სახლში აღმოვჩნდით.

დედაჩემი სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა. უცებ თავი აიღო და პატარა ქეთის დაუძახა:

– უკვე 9 საათია, ძილის დროა. დაგბან და დაგაწვენ.

ჩემს ბავშვობას გარედან ვუყურებდი და იმავდროულად, ვგრძნობდი, რასაც გრძნობდა პატარა ქეთი. დედამ დაბანა, საღამური ჩააცვა და დააწვინა. მამა ისევ არ ჩანდა. პატარამ იცოდა, რომ, თუ მამამისი იგვიანებდა, ესე იგი, საქეიფოდ იყო. ხოლო, თუკი საქეიფოდ იყო, ესე იგი, მთვრალი დაბრუნდებოდა. ხოლო, თუ მთვრალი დაბრუნდებოდა, აუცილებლად ეჩხუბებოდა დედამისს.

პატარას გული აუჩქარდა და თვალები მაგრად დახუჭა. თავისი გულის ბაგიბუგი ისე მკაფიოდ ესმოდა, რომ ეგონა, დედამისისც გაიგონებდა. ამიტომ მუცელზე დაწვა, ორივე ხელი გულის ქვეშ ამოიდო და საბანი თავზე გადაიფარა. ძილი არა და არ მოდიოდა. საერთოდაც, არასდროს იძინებდა, როდესაც მამამისი იგვიანებდა. ელოდებოდა მის მოსვლას, რომ დედამისს მიშველებოდა.

პატარა თვალგახელილი იწვა საბნის ქვეშ და თავისი გულისცემის გამაყრუებელ ბაგუნს უსმენდა. ვერც მიხვდა, როგორ ჩაეძინა... უცებ სიზმარში შეხტა და თვალები გაახილა. ბინას მიუყურადა: ჩამიჩუმი არ ისმოდა. ამან კიდევ უფრო მეტად შეაშინა. ჩუმად ადგა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. იფიქრა, რომ სახლში მარტო დატოვეს, ახლა უკვე ძალიან შეეშინდა და შემოსასვლელისკენ გაიქცა და გაშეშდა: მამამისს დედამისი კუთხეში მიემწყვდია და ახრჩობდა. პატარას თვალებში დაუბნელდა და საკუთარმა უმწეობამ შეზარა.

ქეთიმ ამოიკვნესა და გვერდი იცვალა, თითქოს სიზმრისგან უნდოდა თავის დარწევა. მაგრამ ქუთუთოები დაუმძიმდა და სიბნელემ ისევ ჩაითრია... კვლავ სიზმარში გამოეღვიძა. ბნელ შარაგზას მიუყვებოდა. სადღაც შორს ერთსართულიანი სახლის მარტოხელა ფანჯარაში შუქი კიაფობდა. ქეთიმ ნაბიჯს მოუჩქარა და ძალიან მალე აღმოჩნდა განათებული ფანჯრის წინ.

შეიხედა. თავდაპირველად ოთახი გადღაბნილი იყო, შემდეგ თანდათან გამოიკვეთა სილუეტები: მაგიდასთან მამაკაცი იჯდა, მაგიდასთან კი ქალი და მოზარდი იდგნენ. გოგონა, დაახლოებით, 13-14 წლის იქნებოდა. ქეთი ფანჯარას მიეკრო. სილუეტები ეცნობოდა, მაგრამ მათ სახეებს ვერაფრის დიდებით ვერ არჩევდა.

მამაკაცი ყვიროდა, ქეთიმ ფანჯარას ახლა უკვე ყური მიადო და გაირინდა.

ქალი მამაკაცს აწყნარებდა:

– გეყოფა, დაწექი, დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ. ბავშვმაც უნდა დაიძინოს, ხვალ სკოლაში უნდა წავიდეს. ცოდვაა.

– არავინ არსად მიდის, – განაგრძობდა მამაკაცი ყვირილს და მაგიდას მუშტს ურტყამდა, – ბავშვმა სიმართლე უნდა იცოდეს.

– რა სიმართლე, რა სისულელეებს ამბობ? – არ ეშვებოდა ქალი, – ხვალ უთხარი სიმართლე, ახლა გვიანია.

მამაკაცმა ქალს ხელი აუქნია, მაგრამ ქალმა მოასწრო თავის გაწევა. ქეთიმ ახლაღა შეამჩნია, რომ მოზარდი გოგონა ცახცახებდა, მაგრამ სახეზე სიმტკიცე აღბეჭდვოდა.

– სიმართლე უნდა იცოდე! – დასჭექა მამაკაცმა: გესმის?

– მესმის, ყრუ არ ვარ, – შეუღრინა გოგონამ.

დედამისმა მუჯლუგუნი ჰკრა, გოგონამ დედასაც შეუბღვირა.

– ჰოდა, იცოდე, შენ არ ხარ ჩემი შვილი, – ისევ დაუყვირა მამაკაცმა გოგონას.

– ჰო, არ ვარ, – გაიმეორა გოგონამ, – არ ვარ და კარგია, რომ არ ვარ.

მამაკაცი დადუმდა და გოგონას მიაშტერდა, შემდეგ მზერა ქალისკენ გადაიტანა:

– გესმის, რას ამბობს?! შენი შვილი არ ვარო, – ქალმა არაფერი უპასუხა, გოგონამ კი ხმამაღლა გაიცინა.

– რაც თავი მახსოვს, სულ ამას მეუბნები და აი, გპასუხობ, რომ არ ვარ შენი შვილი და დიდი ბედნიერებაა, რომ არ ვარ.

მამაკაცმა ხელი ასწია, რომ გოგონასთვის სახეში გაერტყა, მაგრამ მის თვალებს რომ წააწყდა, ხელი უღონოდ ჩამოუშვა. ერთ ხანს იყუჩა, შემდეგ კი ისევ დაუყვირა:

– ახლავე დამიწერე ხელწერილი, რომ ჩემი შვილი არ ხარ.

– დიდი სიამოვნებით, – უთხრა გოგონამ და გავიდა. მცირე ხანში დაბრუნდა ფურცლითა და პასტით ხელში. მაგიდას მიუჯდა და წერა დაიწყო. რომ დაასრულა, მამაკაცს გაუწოდა:

– დავწერე, ახლა შემიძლია, წავიდე? – მამაკაცმა ფურცელი აიღო. ხმამაღლა წაიკითხა, რაც იქ ეწერა და ქალს მიუბრუნდა:

– გესმის, რა დაწერა? შენი შვილი არ ვარო. გესმის, რა დაწერა? – და ტირილი დაიწყო.

ქალი შეწუხდა და დამშვიდება დაუწყო. გოგონამ ორივეს ზიზღით გადახედა და გავიდა.

ქეთიმ იგრძნო, როგორ გაიზარდა გოგონა იმ ერთ წამში, როდესაც დაძლია შიში, იმის შიში, რომ უარყოფდნენ; რომ ვერც დედა იცავდა და არც მამა. ახლა ეს მართლაც სასაცილოდ ეჩვენებოდა და უკვირდა, რატომ ადრევე არ დაწერა, რისი რცხვენოდა და რატომ ეშინოდა?!

ფანჯარას მილურსმული ქეთი ტიროდა – მისმა მეხსიერებამ დაივიწყა მისივე ბავშვობის მწარე სინამდვილე, რომელიც ახლა მის წინ გათამაშდა.

***

თითქოს ვიღაცამ შეანჯღრიაო და გაეღვიძა. ბალიში დაესველებინა მის ცრემლებს.

– გაიღვიძე? – გოჩა დაადგა თავზე და ქეთის დაწითლებული თვალები რომ დაინახა, შეშფოთდა:

– ისევ იტირე?!

– არა, ცუდი სიზმარი ვნახე, – გაუღიმა ქეთიმ და სველი თვალები ხელებით ამოიმშრალა.

– მომიყევი, – მის გევრდით ჩამოჯდა გოჩა.

– აღარც მახსოვს, რაღაც ურჩხული მომსდევდა და შემეშინდა, – იცრუა ქეთიმ. მას არასდროს მოუყოლია გოჩასთვის თავისი ოჯახური ამბები. მოსაყოლიც არაფერი იყო, ვინაიდან იმ ღამის შემდეგ, რაც ქეთიმ ხელწერილი დაწერა, მამამისს აღარასდროს უჩხუბია დედამისთან, თუმცა შვილსა და მშობლებს შორის გაუცხოების უხილავი ფარდა ჩამოეშვა.

– ადგები? დედამ შენი საყვარელი სოკოს კრემსუპი მოამზადა.

ქეთის ისე უყვარდა ეს კერძი, გადაავიწყდა, ქალბატონმა ციცომ დღეს, დილით, გარეთ რომ მიაბრძანა. მაშინვე წამოფრინდა და ხალათი მოიცვა. ორივენი სამზარეულოში შევიდნენ. ქეთიმ არ იცოდა, რაზე ილაპარაკა დედა-შვილმა, მაგრამ დედამთილი აშკარად დარცხვენილი ჩანდა, რძალს თვალს ვერ უსწორებდა. სუფრა ლამაზად გაეწყო:

– მე წავალ, თქვენ ივახშმეთ და კიდევ ერთხელ მაპატიე, ქეთი. არ ვიცი, რა დამემართა. რომ მახსენდება, ძალიან მრცხვენია იმის, რაც ვთქვი და გავაკეთე.

უცებ მხრები აუკანკალდა და ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე:

– რაც შენ გამოჩნდი, მას შემდეგ მეშინია. მეშინია, რომ გოჩას ცხოვრებაში, თქვენს ცხოვრებაში ზედმეტი ვიქნები და გოჩას აღარ დავჭირდები.

– დედა, როგორ შეიძლება, დედა აღარ დაგჭირდეს ან რა სიტყვაა „დაგჭირდეს“, დედა დედაა, ცოლი ცოლია, ისინი არ უშლიან ხელს ერთმანეთს, – ქალბატონმა ციცომ სახეზე აიფარა ხელები და ქეთი უცებ მიხვდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ქალის ცხოვრებაზე, მის ტკივილებზე, იმ განსაცდელებზე, რომლებიც მან გამოიარა და რომლებმაც, ალბათ, გააბოროტა. უცებ ძალიან შეეცოდა ეს არც თუ ასაკოვანი და, როგორც ჩანს, ცხოვრებისგან ძალიან დაჩაგრული ქალი. ქეთი ადგა, მივიდა მასთან და ჩაეხუტა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი