რომანი და დეტექტივი

ენდჰაუზის საიდუმლოება

№2

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 21.01

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #47-1 (1201)

პუარომ ვაიზს შეხედა.

– თქვენ ამის შესახებ რაიმე იცოდით?

ვაიზმა თავი გააქნია.

– ვიცოდი, რომ ფილიპ ბაკლი ავსტრალიაში ცხოვრობდა, მაგრამ არასოდეს მსმენია, რომ იგი ცუდ ისტორიაში ყოფილიყო გარეული.

მისის კროფტმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

– არა, თქვენ ვერ გამომტყუებთ ვერც ერთ სიტყვას. ეს საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდება.

– მაშ ასე, – ჩაილაპარაკა მისტერ კროფტმა. სიხარულის დაფარვას ცდილობდა, მაგრამ მისი ხმა მაინც საზეიმოდ ჟღერდა, – საწყალი გოგონა, – ჩაიჩურჩულა მისის კროფტმა და სახეზე ცხვირსახოცი აიფარა, – როგორ მინდოდა, ახლა ჩვენთვის შეეხედა. ვინ იცის, იქნებ კიდევაც გვიყურებს.

– შესაძლებელია, – დაეთანხმა პუარო. და უცებ მას გონება გაუნათდა. – ჩვენ სწორედ ძალიან მოხერხებულად ვზივართ მაგიდის ირგვლივ. მოდით სპირიტული სეანსი მოვაწყოთ. ძალიან საინტერესო იქნება.

იგი მარდად წამოხტა და ლამპები ჩააქრო. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ თუნდაც რომელიმეს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ჰქონოდა, ვერ მოასწრებდა. თბილი საღამო იყო და ფანჯრები გამოვაღეთ, ფარდები არ ჩამოგვიშვია. მთელი გულით ვწყევლიდი პუაროს, რომ ინსტრუქცია დროზე არ მომცა. როდესაც სიბნელეში ზიხარ და რაღაცის მოლოდინი გაქვს, უნებლიეთ, უბედურების წინათგრძნობა გიპყრობს. რა თქმა უნდა, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. ასევე იყვნენ სხვებიც. შევკრთი, როდესაც დავინახე, რომ სასადილოს კარი ნელა გაიღო. შევიგრძენით გამყინავი სიცივე და უცებ ყველამ დავინახეთ მოჩვენება. კარში იდგა თეთრი ბუნდოვანი ფიგურა. ნიკ ბაკლი!.. იგი ჩვენკენ ნელა და უხმაუროდ მოდიოდა, მაშინ მივხვდი, რა დიდი მსახიობი დაკარგა მსოფლიომ. უეცრად ინვალიდის სავარძლიდან, ხავილისმაგვარი ყვირილი მოისმა. მისტერ კროფტი ისეთ ხმებს გამოსცემდა, თითქოს რაღაც ბუყბუყებსო. შეშინებულმა ჩელენჯერმა შეიგინა, ვაიზმა, როგორც მე მომეჩვენა, უკან დაიხია, ლაზარუსი კი, პირიქით, წინ წამოიწია, მხოლოდ ფრედერიკა იჯდა უსიტყვოდ და გაუნძრევლად.

ელენი ყვიროდა:

– ის არის ის! იგი დაგვიბრუნდა. ის მოდის! მოკლული ყოველთვის ბრუნდებიან. ეს ისაა, ეს ისაა!

ამომრთველმა დაიჩხაკუნა და სინათლე აინთო. მოღიმარი პუარო ისე გვიყურებდა, როგორც ცირკის მსახიობი კარგად შესრულებული ნომრის შემდეგ. ოთახის შუაში კი თეთრ საბურველში გახვეული ნიკი იდგა. პირველად გონს ფრედერიკა მოეგო.

– ნიკ, შენ... ცოცხალი ხარ!

– ნამდვილად ცოცხალი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი, მისის კროფტ, იმის გამო, რაც მამაჩემისათვის გააკეთეთ, მაგრამ, ვშიშობ, რომ ანდერძით სარგებლობა ჯერ ნაადრევია.

კარი კვლავ გაიღო და ვიღაც შემოვიდა, ჩემდა გასაკვირვად, ეს ჯეპი იყო. პირდაპირ ინვალიდის სავარძლისაკენ გასწია.

– ჰელო! დაიძახა მან, – ეს ვის ვხედავ? ჩემი ძველი ნაცნობი! მილი მერტონი, საკუთარი პერსონით. ისევ ძველებურადვე აგრძელებ, ჩემო ძვირფასო? სიყალბეში მილი მერტონს ბადალი არა ჰყავს. ჩვენ გავიგეთ, რომ, როდესაც ისინი უკანასკნელად მიიპარებოდნენ, მათი მანქანა კატასტროფაში მოხვდა. ზურგი გაუტყდა, მაგრამ თვალთმაქცობას არ თმობს.

– მაშ ეს ანდერძი ყალბია? – წამოიყვირა გაკვირვებულმა ვაიზმა.

– აბა რა გეგონათ? – დამცინავად თქვა ნიკმა, – ნუთუ ფიქრობდით, რომ მე ასეთ სულელურ ანდერძს დავწერდი? თქვენ ენდჰაუზი დაგიტოვეთ, ჩარლზ, დანარჩენი კი ფრედერიკას.

ამ დროს მოხდა ყოველივე. ფანჯრის რაფასთან ალი ავარდა, ტყვიამ გაიზუზუნა, შემდეგ კიდევ ერთი გასროლა, კვნესის ხმა და ფანჯრის მიღმა რაღაც დავარდა. დავინახეთ, რომ შუა ოთახში ფრედერიკა დგას და მას მკლავიდან სისხლის სუსტი ნაკადი მოედინება. პუარომ სიბრაზისაგან დაიღრიალა და კარს ეცა. მას ჩელენჯერი დაედევნა. ისინი მალე დაბრუნდნენ და უცნობი მამაკაცის უსიცოცხლო გვამი შემოათრიეს. ის კაცი აღმოჩნდა, რომელმაც წინა საღამოს ჩემი ოთახის ფანჯარაში შემოიხედა. მაშინვე ვიცანი.

ფრედერიკა ნელა დაიძრა სავარძლისაკენ.

– დაჭრილი ხართ, მადამ? – ჰკითხა პუარომ და მას და უცნობს შორის ჩადგა. მან თავი გააქნია.

– არაფერია, მხარი მაქვს გაკაწრული.

უცნობმა თვალები გაახილა და ქალის მზერა დაიჭირა. – ახლა მაინც ხომ მოვაღწიე შენამდე, – ყრუდ და ბოროტად ამოიხროტინა მან.

ფრედერიკამ პუაროს შეხედა.

– დიახ, მადამ, ის მკვდარია, – წყნარად ჩაილაპარაკა ჩემმა მეგობარმა.

– ეს ჩემი ქმარი იყო, – თქვა მან ჩუმად.

ლაზარუსმა სავარძელი მოიტანა და ქალი დასვა.

– ეს იყო... სრულიად ზნედაცემული კაცი. ნარკომანი, რომელმაც მეც მიმაჩვია ნარკოტიკებს. მოსვენებას არ მაძლევდა. საიდანღაც გამოჩნდებოდა და ფულს მთხოვდა. შანტაჟს მიწყობდა. თუ ფულს არ მივცემდი, მოკვლით მაშინებდა. ასე მგონია, მან მოკლა მეგი ბაკლი, ალბათ, მე ვეგონე. ერთ დღეს მუსიე პუაროს მაგიდაზე ჩემი მეუღლის ხელით დაწერილ ქაღალდის ნაგლეჯს მოვკარი თვალი. ეს იყო იმ წერილის ნაგლეჯი, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღე. მაშინ მივხვდი, რომ მუსიე პუარომ კვალს მიაგნო. იმ დღიდან მხოლოდ ლოდინიღა დამრჩენოდა... – ქალი ატირდა.

ლაზარუსი სწრაფად მიუახლოვდა ფრედერიკას.

– ჩემო კარგო... ჩემო კარგო... – ბუტბუტებდა იგი..

პუარომ ნელა შეგვათვალიერა.

– მე გეტყვით სიმართლეს. – მის მბრძანებლურ ტონს დავემორჩილეთ, უსიტყვოდ დავსხედით და მოლოდინში გავინაბეთ.

იგი ფრედერიკასკენ დაიხარა.

– შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, მადამ. თქვენი მეუღლე დანაშაულში არ იყო გარეული. მადმუაზელ მეგი სხვამ მოკლა. პუარომ ჯეპს რაღაც ანიშნა. ის წინ გამოვიდა და დაიწყო:

– ვმოქმედებდი რა მოცემული ინსტრუქციის თანახმად, საღამოს პუაროს დახმარებით საიდუმლოდ შევედი სახლში და სასადილო ოთახში პორტიერის უკან დავიმალე. როდესაც ყველანი ამ ოთახში შეიკრიბეთ, სასადილოში შემოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ქალი და სინათლე აანთო. ის მიუახლოვდა ბუხარს და პანელის უკან მოთავსებული პატარა ნიშა გამოაღო. ამ ნიშიდან მან რევოლვერი ამოიღო, ხელში ჩაბღუჯა და ოთახიდან გავიდა. შემოსასვლელში ეკიდა ახლახან მოსული სტუმრების პალტოები და მოსასხამები. ახალგაზრდა ქალმა ცხვირსახოცით საგულდაგულოდ გაწმინდა რევოლვერი და ნაცრისფერი მოსასხამის ჯიბეში ჩაუშვა. მოსასხამი მისის რაისს ეკუთვნოდა...

– სიცრუეა! თავიდან ბოლომდე სიცრუეა. ეს ნიკი ყვიროდა. პუარომ მასზე ანიშნა.

– აი, სწორედ მადმუაზელ ნიკმა მოკლა თავისი ბიძაშვილი მეგი ბაკლი.

– თქვენ რა, შეიშალეთ? – დაიყვირა ნიკმა. – რისთვის უნდა მომეკლა მეგი?

– რათა მიგეღოთ ფული, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მას მაიკლ სეტონისაგან. მასაც ხომ მაგდალა ბაკლი ერქვა, და სწორედ მასზე იყო დანიშნული სეტონი და არა თქვენზე.

ნიკს სხეული უცახცახებდა და ლაპარაკი აღარ შეეძლო. პუარო ჯეპს მიუბრუნდა:

– დარეკეთ პოლიციაში?

– დიახ, პოლიციელები შემოსასვლელში დგანან. დაპატიმრების ორდერიც თანა აქვთ.

– მგონი, დროა დავამთავროთ ეს უაზრო კომედია.

– რომლის ჩანაფიქრი თქვენ გეკუთვნით და დადგმაც თქვენვე განახორციელეთ. მხოლოდ საჭირო არ იყო მთავარი როლის შემსრულებლად ერკიულ პუაროს მოწვევა. ეს იყო მადმუაზელ, ძალიან სერიოზული შეცდომა.

ცოტანი ვიყავით. დავრჩით ფრედერიკა, ლაზარუსი, ჩელენჯერი, ვაიზი და მე.

– ვაღიარებ, რომ გამასულელეს, – დაიწყო პუარომ, – პატარა ნიკი თავის ჭკუაზე მახტუნებდა. უმჯობესია, ეს ისტორია, რომელიც ასე ნაწილ-ნაწილ შევქმენი, თავიდან მოისმინოთ. ამგვარად, ქვეყანაზე ცხოვრობს ერთი ქალიშვილი სახელად ნიკ ბაკლი, ახალგაზრდა, ლამაზი, არცთუ ისე კეთილსინდისიერი და თავის სახლზე ფანატიკურად შეყვარებული. მადმუაზელ ნიკს უყვარდა ენდჰაუზი, მაგრამ მას ფული არ ჰქონდა. სახლი კი დაგირავებული იყო, მას აუცილებლად სჭირდებოდა ფული. ძალიან სჭირდებოდა, შოვნა კი არ შეეძლო. და აი, ლე ტუკში იგი ეცნობა ახალგაზრდა სეტონს, რომელსაც ქალიშვილი მოეწონება. ნიკმა იცის, რომ სეტონი აუცილებლად მიიღებს ბიძის მემკვიდრეობას. ბიძა კი მილიონერია. აი, ფიქრობს იგი, ამობრწყინდა ჩემი ვარსკვლავი და უეცრად... ყველაფერი იმსხვრევა. სეტონი გაიცნობს მეგის და მაშინვე შეუყვარდება იგი. მადმუაზელ ნიკი გაოგნებულია, მას სხვა ამჯობინეს და ისიც ვინ? – საკუთარი ბიძაშვილი მეგი. ახალგაზრდა სეტონი მეგის სულ სხვა თვალით უყურებს. მისთვის ის ერთადერთია ამ ქვეყანაზე, ეწყობა საიდუმლო ნიშნობა. ამის შესახებ იცის, უნდა იცოდეს, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, და ეს ერთი მადმუაზელ ნიკია. საცოდავი მეგი ბედნიერია. ბიძაშვილს უკითხავს დანიშნულის წერილებს. ამ გზით შეიტყობს მადმუაზელ ნიკი ანდერძის ამბავს. მერე, სერ მეტიუ სეტონი უეცრად კვდება და ამის კვალდაკვალ ვრცელდება ხმა მაიკლ სეტონის დაღუპვის შესახებ. ახალგაზრდა ლედის გონებაში მაშინვე საოცარი გეგმა ისახება. სეტონმა არ იცის, რომ მასაც მაგდალა ჰქვია. ის მხოლოდ ნიკით იცნობს და თუ იგი განაცხადებს, რომ ისინი დანიშნულები იყვნენ, ამაში ეჭვი არავის შეეპარება. მაგრამ ამისთვის საჭიროა მეგის ჩამოცილება. დრო ცოტა აქვს. ნიკი შეუთანხმდება მეგის, რათა სტუმრად ეწვიოს რამდენიმე დღით. შემდეგ მოხერხებულად აწყობს „უბედურ შემთხვევებს“. გადაჭრის სურათის თოკს, მოშლის მანქანის მუხრუჭებს. მას ყოფნის თავხედობა, რომ მე თანამონაწილედ გამიხადოს. მეც ხელს ვუწყობ და ვთავაზობ ბიძაშვილის გამოძახებას... ამით სარგებლობს, დეპეშას უგზავნის მეგის და ერთი დღით ადრე გამომგზავრებას სთხოვს. ნიკი სთავაზობს ბიძაშვილს მოიხუროს მისი შალი. შემდეგ ჩუმად ეპარება, ესვრის და სწრაფად ბრუნდება შინ. რევოლვერს სამალავში ინახავს, რომლის არსებობაც, მისი აზრით, არავინ იცის.

– კანფეტებისა რა გაირკვა? – იკითხა ფრედერიკამ.

– კანფეტებიც მისი გეგმის ნაწილი იყო. თუ მეგის სიკვდილის შემდეგ ნიკზე თავდასხმა არ შენელდებოდა, მაშინ ყველანი დარწმუნდებოდნენ, რომ მეგი შეცდომით მოკლეს.

კოკაინი მან შეუმჩნევლად შეიტანა საავადმყოფოში. ჭამს ერთს და ავად ხდება... თუმცა არცთუ ძლიერ, მან შესანიშნავად იცის, რა დოზით უნდა მიიღოს კოკაინი და როგორ გააძლიეროს მოწამვლის სიმპტომები…

– მუსიე პუარო, – იკითხა ლაზარუსმა, – როგორ მიხვდით? ან როდის აღგეძრათ პირველი ეჭვები?

– საუბედუროდ, დიდ სირცხვილად მიმაჩნია ამის თქმა. გვიან... მაგრამ დადგა დრო, როდესაც გონება გამინათდა. მადმუაზელ ნიკმა შეცდომა დაუშვა. მან გადააჭარბა. როდესაც რჩევა მივეცი, რომელიმე ამხანაგი მოეწვია, იგი დამთანხმდა, მაგრამ დამიმალა, რომ მეგი უკვე მოპატიჟებული ჰყავდა. საქმე ისაა, რომ ენდჰაუზში ჩამოსვლისთანავე მეგი ბაკლიმ წერილი მისწერა მშობლებს, ჰოდა, ამ წერილში ერთმა უმნიშვნელო ფრაზამ ჩამაფიქრა. „...ვერ გამიგია, რატომ გამომიგზავნა ასეთი დეპეშა. ჩემი აზრით, დიდი არაფერი დაშავდებოდა, მე რომ სამშაბათს ჩამოვსულიყავი“. ანუ, მეგი ყოველგვარი დეპეშის გარეშეც აპირებდა სამშაბათს ჩამოსვლას. მაგრამ ამ შემთხვევაში მადმუაზელ ნიკმა სიმართლე დამალა. და აი, პირველად შევხედე მას სხვა თვალით. აღვადგინე ყოველგვარი შეუსაბამობანი და ვივარაუდე: „იქნებ სწორედ მადმუაზელ ნიკი ცრუობს და არა სხვა? უეცრად გამიელვა აზრმა: საინტერესოა, როგორია მადმუაზელ მეგის სრული სახელი? დავუშვათ, რომ მასაც მაგდალა ჰქვია. იქნებ ორი მაგდალა ბაკლი არსებობს? მერე ვიფიქრე... რატომაა ასე ცოტა წერილები? თუ ქალიშვილი შეყვარებულის წერილებს ინახავს, შეინახავს ყველას, რატომ აარჩია სწორედ ესენი? იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მაშინვე უნდა შემემჩნია, რადგან პირდაპირ თვალში ეცემა ადამიანს. ოცდაშვიდ თებერვალს მადმუაზელ ნიკს ოპერაცია გაუკეთეს. მაიკლ სეტონის ერთი წერილი დათარიღებულია ორი მარტით და მასში გაკვრითაც კი არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ის შეწუხებულია ნიკის ავადმყოფობით...

და კიდევ. რატომ იყიდა მადმუაზელ ნიკმა შავი კაბა? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლებოდა ყოფილიყო – მას უნდოდა ისეთივე ჩაცმულობა ჰქონოდა, როგორიც მის ბიძაშვილს. ამ მსგავსებას ბოლოს წითელი შალი დააგვირგვინებდა. ნიკი ბაკლი გაცხარებით უარყოფდა სამალავის არსებობას. მან გადაჭრით განაცხადა, რომ სახლში არაფერი ამის მსგავსი არ არსებობსო. ელენს კი, ჩემი აზრით, არ სჭირდებოდა მისი მოგონება. ნიკს აუცილებლად უნდა სცოდნოდა ეს. ამასთანავე, რატომ ცხარობდა იგი ასე სასტიკად? იმიტომ რომ იქ ჰქონდა შენახული რევოლვერი და მოხერხებულ დროს უცდიდა, რათა ვინმესთვის ჩაედო და ამით მკვლელობაში დაედანაშაულებინა.

უცნაური საღამო გავატარეთ ამ უცნაურ სახლში, – განაგრძო პუარომ. – ელენი მართალი იყო, როდესაც მას „ბოროტი სახლი“ უწოდა.

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული