რომანი და დეტექტივი

ანგარებიდან სიყვარულამდე

№31

ავტორი: ნია დვალი 20:00

ანგარებიდან სიყვარულამდე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28-30 (1335)

– ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ ვეღარ გიკავშირდებოდი, ალბათ, ნომერი შეცვალე. როდესაც ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს, პლასტიკური ქირურგიის კლინიკას დავუკავშირდი, სადაც მუშაობდი და მითხრეს, რომ ლადოს მისთხოვდი და თაფლობის თვე გქონდათ. მივხვდი, რომ მე არ ამირჩიე და გადავწყვიტე, რომ ამას უნდა შევგუებოდი. არ მინდოდა შენთვის ხელი შემეშალა. მერე ვლადიმერმა დამირეკა, რაღაც საქმე ჰქონდა და მაშინ გავიგე, რომ ბავშვს ელოდებოდით. ძალიან ბედნიერი ხმა ჰქონდა... მაგრამ... მოიცა, ასე სწრაფად ნუ მიდიხარ, ვერ გეწევი, – დიტომ ანას ფრთხილად მოჰკიდა ხელი მხარში და თავისკენ შეაბრუნა.

ანა არაფერს ამბობდა, მხოლოდ ცრემლები სდიოდა ლოყებზე.

– მე მართლა არ მინდოდა შენი ცხოვრების არევა, – ეუბნებოდა დიტო ანას და თვალებში უყურებდა.

ანა თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ჩახუტებოდა, აუტანელ ტკივილამდე უნდოდა, შეხებოდა დიტოს. ერთხანს მოინუსხა კიდეც, მაგრამ მალევე გამოერკვა:

– შენ სხვისი ქმარი ხარ, ცოლი და ქალიშვილი გყავს, – როგორც იქნა, ამოთქვა ანამ, – მათზე უნდა იზრუნო. შენი გოგონა მაშინ ძლივს გადარჩა. წადი მათთან.

– ბავშვი კარგადაა. ჩვენ კი მალევე განვქორწინდით. ის ცოლად გაჰყვა თავის თანაკლასელს. მე შვილის სანახავად ჩამოვედი. ბოლო ნახევარი წელია, უცხოეთში ვმუშაობ, მაგრამ შენ სულ მახსოვხარ...

ანა სულის მოსათქმელად სკამზე ჩამოჯდა. იხუთებოდა. სუნთქვა უჭირდა. დიტოს ნათქვამს იაზრებდა: წელიწადზე მეტია, რაც განქორწინებულია, მისი უკვე ყოფილი ცოლი სხვაზეა გათხოვილი! ესე იგი, დიტო თავისუფალია...

ნოდიკომ ეტლიდან გადმოსვლა სცადა და დიტომ ის ხელში აიყვანა. ბავშვმა გაუღიმა და ხელები სახეზე ჩამოუსვა. დიტომ ბავშვი მოატრიალა, რომ კალთაში ჩაესვა და უცებ სახე შეეცვალა, ანა მიხვდა, რომ ნოდიკოს ხალი დაინახა, ზუსტად ისეთი, როგორიც თავად ჰქონდა, გულის ფორმის, მარჯვენა ყურის ოდნავ ქვემოთ.

– ჩემი შვილია?! – ჰკითხა ანას არაბუნებრივი ხმით.

ანამ მხოლოდ თავი დაუქნია.

***

ანას ხელში თავისი ვაჟის ახალი დაბადების მოწმობა ეჭირა, სადაც მამისა და დედის გრაფა სწორად იყო შევსებული. ბედნიერი დედა ხან შვილის დაბადების მოწმობას უყურებდა, ხან – ტორტს. შემდეგ დაბადების მოწმობა მაგიდაზე დადო და ტორტზე ერთი ცალი სანთლის ჩამაგრებას შეუდგა. სწორედ ამ დროს ტელეფონმაც დაიწკრიალა.

ანას არც დაუხედავს, ისე უპასუხა, დარწმუნებული იყო, რომ ოლიკო ურეკავდა, მაგრამ შეცდა.

– გამარჯობა, ანა, ელენე ვარ, ლადოს ქალიშვილი, – ანა დაიბნა, იმიტომ რომ ლადოს ქალიშვილები მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი, როდესაც მის გასაცნობად ჩამოვიდნენ. მაშინვე ეტყობოდათ, რომ ორივე უკმაყოფილო იყო მამის არჩევნით, თუმცა ის უკვე დაქორწინებული იყო ანაზე და ბავშვს ელოდებოდნენ. ანას არ სწყენია, ვინაიდან მათი დედის გარდაცვალებიდან ორ წელიც არ იყო გასული, თანაც, ანა მათზე უმცროსი იყო. თუმცა, ანას დაამახსოვრდა მათთან ის ცივი შეხვედრა: რამდენიმე დღეს დარჩნენ სტუმრად და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ შორის დაძაბულობა იგრძნობოდა. ანას მაშინვე გაუელვა თავში: ნეტავ, რისთვის რეკავს? – მაგრამ მშვიდად უპასუხა:

– დიახ, გისმენთ.

– მამას შენი ნახვა უნდა. ავადაა. შეძლებ?

ანა მცირე ხნით შეყოვნდა, შემდეგ კი დაეთანხმა:

– ხვალ, – ანას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ უნდა მოესურვებინა ლადოს მისი ნახვა.

– მითხარი, როდის შეძლებ და მე გამოგივლი, – შესთავაზა ელენემ.

– ვინ იყო? – ჰკითხა დიტომ, რომელიც იმ წუთას შევიდა ოთახში და ხელში ბავშვი ეჭირა.

– ლადოს შვილი, ჩემი ნახვა უნდა, ავად ყოფილა.

– შეგიძლია, არ წახვიდე, – მოიღუშა დიტო, – საკმაოდ არაადამიანურად მოგექცა.

– არც ჩვენ მოვექეცით უკეთესად, – არ დაეთანხმა ანა.

– მაშინ მეც წამოვალ, ბავშვი ჩემს მშობლებს დავუტოვოთ. - შესთავაზა დიტომ.

– არა, ჯობია, მარტო წავიდე, უთხრა ჩაფიქრებულმა ანამ, შემდეგ კი გაიცინა, – ახლა კი დღესასწაული იწყება... – საზეიმოდ წარმოთქვა ანამ.

***

ელენემ ანას დილის 10 საათზე გამოუარა, როგორც შეთანხმდნენ.

– რა დაემართა ლადოს? – ჰკითხა ანამ ელენეს, როდესაც მანქანაში ჩაჯდა.

– ქრონიკულმა დაავადებამ შეახსენა თავი, – მოკლედ უპასუხა ელენემ, – ვფიქრობ, ნერვიულობის ბრალია.

ანამ შეამჩნია, რომ ლადოს ქალიშვილი გაღიზიანებული იყო და არც დაუმალავს ეს ანასთვის:

– მე თქვენი ურთიერთობის, მით უმეტეს, ქორწინების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მამა ჯიუტია.

ანას არაფერი უთქვამს, თუმცა გაიფიქრა, რომ შვილების საქმე არ არის მშობლების პირად ცხოვრებაში ჩარევა. ამის შემდეგ ხმა არც ერთს აღარ ამოუღია.

ლადო ვერანდაზე, სავარძელში, იჯდა. სახეზე უდიდესი სევდა აღბეჭდვოდა და ამ რამდენიმე თვის შემდეგ ანას საოცრად დაბერებული ეჩვენა.

– დაჯექი, – მიმართა ლადომ ანას სავარძელზე, როდესაც ქალი მიუახლოვდა.

ანა მორჩილად დაჯდა.

– კარგად გამოიყურები, – შენიშნა ყოფილმა ქმარმა, – მე კი ავად გავხდი.

ანა დუმდა, იმიტომ რომ არ იცოდა, რა ეთქვა.

– ვფიქრობდი, რომ ვერასდროს შევძლებდი შენს პატიებას, მაგრამ დავფიქრდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე უნდა მოგიხადო ბოდიში. არ მესმის, რაზე ვფიქრობდი, ბებერი სულელი, როდესაც შენზე დაქორწინება გადავწყვიტე. ჩემს ასაკში შენი შვილად აყვანა უფრო შემეფერებოდა, – ლადომ მწარედ ჩაიღიმა, – მე კი ხელი მოვაწერე შენთან და არც კი გავიაზრე, რომ, ადრე თუ გვიან, ახალგაზრდობა თავისას მოითხოვდა. შენ ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელი გოგო იყავი, მე კი შენზე – ბევრად უფროსი, ამიტომ მე მევალებოდა, ორის მაგივრად მეფიქრა, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი.

ანა თავდახრილი უსმენდა. არ ელოდა ამის მოსმენას. გული აუჩუყდა და სინდისის ქენჯნამაც შეაწუხა.

– მე ყველაფერი გაპატიე და ახლა პატიებას შენ გთხოვ, – თქვა ბოლოს ლადომ.

– გმადლობ, რომ მაპატიე, – ამოიღო ხმა ანამ, – მე უკვე გაპატიე.

– ძალიან კარგი. როგორაა შენი ვაჟი? – მოიკითხა ლადომ ნოდიკო.

– კარგად. მადლობა.

– დიტოსთან დაქორწინდი?

– დიახ, – ანამ ისევ დახარა თვალები.

– არ მეგონა, თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, მაგრამ მიხარია, რომ ბედნიერები ხართ.

ლადომ პლედი გადაწია და ანამ დაინახა, რომ მუხლებზე ზარდახშა ედო, სწორედ ის ზარდახშა, რომელშიც ანა ლადოს ნაჩუქარ ძვირფასეულობებს ინახავდა.

– აქ შენი ნივთებია, რომელთა გაჩუქება და გადაყრაც მაშინ ვერ მოვასწარი, – ლადომ ზარდახშა ანას გაუწოდა, მინდა, რომ წაიღო. ეს შენია.

ანა ყოყმანობდა, მაგრამ ლადო მიეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში:

– თუ ამას აიღებ, დავრწმუნდები, რომ ჩემზე ნაწყენი აღარ ხარ.

ანამ ზარდახშა გამოართვა და მარცხენა თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. წამოდგა და ლადოს გადაეხვია. წყენა, ბრაზი, სინანული თავისით გაქარწყლდა და მათ ადგილას მადლიერებამ დაიკავა ადგილი.

– დიტოს უთხარი, რომ დღეს აუცილებლად დამირეკოს, – უთხრა ლადომ დამშვიდობებისას.

სახლში მივიდა თუ არა, ანამ ზარდახშა გახსნა. იქ ყველა ის ძვირფასი სამკაული იდო, რომლებსაც ლადო მუდმივად ჩუქნიდა და ანამ უკვე არ იცოდა, რისთვის გამოეყენებინა ისინი. ახლა მისი ერთადერთი სამკაული იყო ვერცხლის პატარა ჯვარი, რომელიც დამ აჩუქა და საქორწინო ბეჭედი, რომელიც დიტომ აჩუქა. ეს მისთვის უძვირფასესი ნივთები იყო და მეტი არც არაფერი სჭირდებოდა. ზარდახშა საძინებელში შეიტანა და ტანსაცმლის კარადის ზედა თაროზე შემოდო და მძიმედ ამოიოხრა.

***

– ვერც კი წარმოიდგენ, რა შემომთავაზა ლადომ! – დიტომ თავის ყოფილ მასწავლებელს მაშინვე დაურეკა, როგორც კი ანამ უთხრა, რომ მასთან დალაპარაკება სურდა, – თავისი კლინიკის ხელმძღვანელობა. დირექტორობა შემომთავაზა. ხელები უკანკალებს და ოპერაციებს ვეღარ აკეთებს, ამიტომ უფროს ქალიშვილთან აპირებს გადასვლას. სახლს ყიდის, კლინიკას იტოვებს და მე მანდობს...

– და დათანხმდი? – მოულოდნელად ჰკითხა ანამ დიტოს.

– არა, ვუთხარი, რომ მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა.

ანა მიხვდა, რომ დიტო ამ შემოთავაზების ზნეობრივ მხარეზე ფიქრობდა და მასაც ქენჯნიდა სინდისი. დიტომაც იგრძნო, რომ ანა მიხვდა. საბოლოოდ, ცოლ-ქმარმა ერთმანეთს შეხედეს და პასუხი ერთმანეთის თვალებში ამოიკითხეს...

დიტო სამზარეულოში გავიდა, რომ ლადოსთან დაერეკა. ანა კი მისაღებ ოთახში მარტო დარჩა, ბავშვს ეძინა. თვალი მოავლო ოთახს და მათ საქორწინო ფოტოზე შეჩერდა. ამჯერად ცერემონია საზეიმო იყო, თუმცა ცოტა სტუმრით – მხოლოდ ყველაზე ახლობლებს შეატყობინეს. ანას რძისფერი ულამაზესი გრძელი კაბა ეცვა, თმა ლამაზად ჰქონდა დავარცხნილი და ყვავილებით გაწყობილი. მისი და დიტოს სამი ფოტო, ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული, ახლა მისაღებ ოთახს ამშვენებდა. ანა ხშირად უყურებდა მათ და ყოველ ჯერზე მადლობას სწირავდა ღმერთს იმისთვის, რომ ყველა უბედურების შემდეგ მან და დიტომ მაინც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ერთად იყვნენ და ნოდიკოს დედაც ჰყავდა და მამაც...

***

– ვფიქრობ, ნოდიკოს დაიკო უნდა გავაცნოთ, – უთხრა ერთ დღესაც დიტომ ანას.

ანა შეიშმუშნა. თუმცა დიტოს ყოფილ ცოლთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვსაც ყოველთვის ნახულობდა და ზრუნავდა მასზე. არც ყოფილი ცოლი უშლიდა ხელს მამა-შვილის ურთიერთობას.

კვირაში ერთხელ მაინც ნახულობდა ქალიშვილს და ასეირნებდა. ანა ამ ამბავს ჩვეულებრივად იღებდა და სიამოვნებდა, რომ მისი ქმარი შვილს ყურადღებას არ აკლებდა.

მიუხედავად ამისა, ანა მაინც უხერხულად გრძნობდა თავს, როდესაც ქმარმა ბავშვების გაცნობა შესთავაზა. ვერაფრით წარმოედგინა დიტოს ყოფილ ცოლთან ურთიერთობა, მით უმეტეს, იმ უხერხული შეხვედრის შემდეგ, როცა მისგან ეტლი წამოიღო. თუმცა დიტოს ყოფილი ცოლი ანასადმი საკმაოდ კეთილგანწყობილი აღმოჩნდა და ანას გულზე მოეშვა – დიტოსთან ურთიერთობის გამო მას არავინ არაფერში ადანაშაულებდა.

– გამოგადგათ საბავშვო ეტლი? – ღიმილით ჰკითხა დიტოს ყოფილმა ცოლმა.

– დიახ, გმადლობთ. ნოდიკოს ძალიან მოეწონა და ჩემთვისაც ძალიან მოსახერხებელია.

– ვინ იფიქრებდა, რომ დის ეტლი ძმას შეხვდებოდა?! ნოდიკო ძალიან ჰგავს დიტოს... ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი იპოვეთ. ლაშა ყოველთვის მიყვარდა, მერე გავბრაზდი და მის ჯინაზე დიტოს გავყევი ცოლად. რაც დიდი სისულელე იყო, მაგრამ მაინც არ ვნანობ, იმიტომ რომ ჩემი გოგონა დაიბადა. თუმცა ყველანი ვიტანჯებოდით, მეც, დიტოც და ლაშაც. ახლა ყველაფერი დალაგდა.

ანამ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და, რატომღაც, მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ოდესღაც მდიდარ ქმარზე ოცნებობდა და მისთვის სულერთი იყო, ეყვარებოდა თუ არა. საერთოდაც, გრძნობები ზედმეტი რამ ეგონა, იმხანად ანასთვიხ მხოლოდ ფუფუნება იყო მთავარი, იმდენად უნდოდა სიღარიბისგან თავის დაღწევა. სწორედ ეს მიიღო ლადოსგან, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად იცოდა, რომ მასთან ვერასდროს იქნებოდა ბედნიერი.

ახლა ანა დიტოსთან ბევრად მოკრძალებულად ცხოვრობდა, ვიდრე ლადოსთან ერთად, ანას მშობლების ბინაში და არა უზარმაზარ კერძო სახლში. დიტოს ხელფასიც ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ლადოს შემოსავალი. თუმცა, ანას საწუწუნო მაინც არაფერი ჰქონდა. პირიქით – ის თანახმა იქნებოდა, უფრო უარეს პირობებშიც კი ეცხოვრა თავის საყვარელ ადამიანთან ერთად, იმიტომ რომ ახლა ესმოდა: გრძნობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი