რომანი და დეტექტივი

ბერილის გვირგვინი

№15

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 24.04, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13(1109)

ჩვენმა კლიენტმა სიხარულის წამოძახილით წამოავლო პატიოსან ქვებს ხელი:

– თქვენ გიპოვიათ ისინი! მე გადავრჩი, გადავრჩი!.. – გაჰყვიროდა იგი.

– თქვენ კიდევ ერთი ძალიან მძიმე ვალი გაწევთ კისერზე, მისტერ ჰოლდერ! – უთხრა ჰოლმსმა - თქვენს შვილს მორჩილად უნდა სთხოვოთ პატიება, შვილს, რომელსაც გაჭირვებაში თავი ვაჟკაცურად ეჭირა. და მე რომ ოდესმე შვილი შემძენოდა, მხოლოდ ასეთს ვინატრებდი.

– მაშ, ქვები ართურს არ აუღია?

– არა. მე ასე გითხარით გუშინაც და დღესაც გიმეორებთ. ართურს ვესაუბრე, მაგრამ ამჯერადაც არ გატყდა. მაშინ მე თვითონ მოვუყევი, ჩემი ვარაუდით, როგორ მოხდა პატიოსანი ქვების დაკარგვა. იძულებული იყო, სიმართლეს დასთანხმებოდა. თუ თქვენ მერის გაქცევის ამბავს ეტყვით, მაშინ შეიძლება, გულახდილად თქვას ყველაფერი. თქვენი ძმისწული მერი და სერ ჯორჯ ბარნველი ამ საქმეში შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

– ჩემი მერი? ეს შეუძლებელია!

– საუბედუროდ, ეს შესაძლებელზე მეტიც არის, გარკვეულიც და დაზუსტებულიც! არც თქვენა და არც თქვენს შვილს წარმოდგენა არ გქონდათ, ვინ შეუშვით საკუთარ სახლში. იგი მთელ ინგლისში საშიშ ადამიანად ითვლება – ხელიდან წასული მოთამაშე და საშიში ბოროტმოქმედი, კაცი, რომელსაც არც სინდისი გააჩნია და არც გული. თქვენმა ძმისწულმა მისნაირ ადამიანებზე არაფერი იცოდა. როცა ბარნველის ჩურჩულით ნათქვამი სიყვარულის ფიცი და მტკიცი მოისმინა, თქვენს ძმისწულს ეგონა, მე პირველი ქალი ვარ, რომელმაც ამ კაცის გული შევძარიო.

ახლა იმას მოგითხრობთ, რაც გუშინ ღამით თქვენს სახლში მოხდა. როცა თქვენ, თქვენი ძმისწულის აზრით, დაწექით, იგი ქვევით ჩავიდა და საყვარელს გვირგვინის ამბავი გაანდო. შეხვედრა ჰოლიდან საჯინიბოსაკენ გამავალი ფანჯრის ქვეშ ჰქონდათ დანიშნული. ბარნველის ფეხის ნაკვალევი თოვლზე იქაურობას ახლაც კარგად აჩნია. ბარნველს გვირგვინის ხსენებაზე სიმდიდრის მოხვეჭის ბოროტმა ვნებამ დარია ხელი. თავისი ნების მორჩილი ქალიც დაიყოლია. არიან ქალები, რომლებიც კუროებს ყველას და ყველაფერს ანაცვალებენ. მერიც ასეთ ქალთა პლეადას ეკუთვნის. მის ყურებში ჯერ კიდევ წიოდა ბარნველის ბოროტი დარიგება, როგორ მოეპარა გვირგვინი, რომ ქალმა თქვენს ფეხის ხმას მოჰკრა ყური, მან სასწრაფოდ მიკეტა სარკმელი და თქვენ ლუცისა და მისი ხისფეხა თაყვანისმცემლის ამბით აგიხვიათ თვალი. მათ რომ სატრფიალო ძაფები აქვთ გაბმული, ეს სრული ჭეშმარიტება გახლავთ.

თქვენს შვილს კი ძილი გაუკრთა. მისი ვალის პატრონს ან კი რა დააძინებდა! შუაღამისას ფრთხილად გადადგმული ნაბიჯების ხმა შემოესმა. იგი ადგა, კართან მივიდა და ჭუჭრუტანიდან დაინახა, როგორ მოიპარებოდა თქვენი ოთახისაკენ მისი სათაყვანებელი არსება და ბიძაშვილი. ლამპის შუქზე ართურმა თვალი მოჰკრა, მას ხელთ გვირგვინი ეპყრა. მერი დაბლა სართულისაკენ ჩამავალ კიბეს ჩაუყვა. მოულოდნელი საშინელებისაგან გონდაკარგული ართურიც მალვით დაედევნა უკან, და თქვენს კართან დაშვებულ ფარდას ამოეფარა. აქედან იგი მერის ყოველ მოძრაობას უთვალთვალებდა. მან დაინახა, როგორი სიფრთხილით გამოხსნა სარკმელი ქალმა, როგორ გადააწოდა ბნელში ვიღაცას გვირგვინი, მერე როგორ ფრთხილადვე დახურა ფანჯარა, არათურს გვერდით ჩაუარა და თავის საწოლ ოთახს მიაშურა.

ართურს გონება გაუნათდა, ნათლად წარმოიდგინა, გვირგვინის დაკარგვით თავს რა უბედურება დაგატყდებოდათ, და რა სასწრაფო ზომები იყო საჭირო, რომ გვირგვინი არავისთვის გაეტანებინა. იგი გარეთ ფეხშიშველი და ჩაუცმელი გამოვარდა, ფანჯარა გამოაღო, დაბლა თოვლში ჩახტა და მთვარის შუქზე დანახულ ადამიანის გამოსახულებას გამოენთო. სერ ჯორჯ ბარნველი ცდილობდა, მდევარს ხელიდან გასხლტომოდა, მაგრამ ართურმა მაგრად ჩაბღუჯა იგი. მათ შორის ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ბრძოლა გაიმართა. გვირგვინისთვის ორივეს მაგრად ჰქონდა ხელი ჩავლებული და არც ერთი მხარე არა თმობდა. თქვენმა შვილმა იმარჯვა, სერ ჯორჯ ბარნველს მუშტი სახეში უთავაზა და წარბი გაუხეთქა. უცებ რაღაცის მსხვრევის ხმა გაისმა და ართურმა იგრძნო, რომ გვირგვინი ხელთა აქვს და აღარავინ ებღაუჭება. წართმეული ნაალაფარით სახლისაკენ გამოიქცა, ფანჯრიდან გადმოძვრა, სარკმელი მაგრად ჩაკეტა, თქვენს ოთახში შევიდა და გვირგვინს სინჯვა მაშინღა დაუწყო. მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ძიძგილაობასა და ბრძოლაში გვირგვინი გაღუნულიყო. თქვენ სწორედ ამ დროს წაადექით თავს. მადლობის მაგიერ მას თავს დაესხით და შეურაცხყავით. ართურს არ შეეძლო თქვენთვის გაემხილა ის, რაც იცოდა, ვინაიდან მერი უნდა გაეცა, თუმცა ეს უკანასკნელი ართურისაგან დანდობის ღირსი სრულიადაც არ იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი