არალეგალი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.04
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #12 (1317)
ჯგუფში ხუთი კურსანტი ვირიცხებოდით. თითოეულ ჩვენგანს ვინაობები შეცვლილი გვქონდა, რაც კონსპირაციის ნორმებიდან გამომდინარეობდა. აქაც კი, საგანგებო-საიდუმლო სკოლაში, სადაც თითოეული კურსანტი სკურპულოზური შემოწმების შემდეგ მიგვიღეს, კონსპირაციის დაცვა აუცილებელი ნორმა იყო. მკაცრად ვიყავით გაფრთხილებული, რომ საქმიანი, სწავლის პროცესიდან გამომდინარე კონტაქტების გარდა, ერთმანეთთან სხვა სახის საუბრები არ უნდა გვქონოდა. ერთმანეთისთვის არაფერი მოგვეყოლა ჩვენი ნამდვილი ვინაობის, წარმოშოშბისა და საერთოდ, წარსულის შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთმანეთთან მეგობრობა იკრძალებოდა. კურსანტებს ურთიერთობები მხოლოდ სასწავლო პროცესის დროს გვქონდა. სხვა დროს კი ან ინდივიდუალურ ინსტრუქტორებთან ვატარებდით, ან ჩვენს ოთახებში. ჩვენ სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, ცალკე შენობა გვქონდა და ყველას საკუთარი ოთახი გვქონდა გამოყოფილი. სხვა პროფილის ჯგუფებიდან კი ერთ ოთახში ორ-ორად, ანუ წყვილებად, იყვნენ განთავსებული. რომ იტყვიან, სკოლაში ზესაიდუმლო ატმოსფერო სუფევდა და ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ისეთი სიჩუმე იდგა, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. ხმაურიანი მეცადინეობებიც კი – სროლა, საბრძოლო მომზადება და ფიზიკური დატვირთვები ან იზოლირებულ სივრცეში ტარდებოდა, ან სპეციალურ პოლიგონზე, სადაც დახურული მანქანებით მივყავდით.
აგენტ-არალეგალის მომზადებას საშუალოდ, ხუთი წელი სჭირდება. ძირითადად, ეს მოიცავს ენობრივი ბარიერის დაძლევას, ანუ არამშობლიურ ენაზე ისე მეტყველებას, რომ ვერავინ შეიტანოს ეჭვი თქვენს იმ ეროვნებაში, რასაც ლეგენდით მოგანიჭებენ. მაგალითად, თუკი ლეგენდით ნიუ-იორკელი ხართ, უნდა იცოდეთ ყველა ის ნიუანსი – იქნება ეს აქცენტი, მიმიკებიც კი, როგორც იქცევიან ან მეტყველებენ ამ ქალაქის მკვიდრნი. ლეგენდის მიხედვით, მე 1940 წელს ბერლინში, ფაშისტურ გერმანიაში ვიყავი დაბადებული. მამაჩემი, ჰერმან შვარცკოფი „ესესის“ პოლკოვნიკი იყო, დედა, მატილდა მიულერი კი – დიასახლისი. მამა 1945 წლის 2 მაისს მოკლეს რუსებმა ბერლინში ბრანდენბურგის კართან და ეს ისტორია დედისგან ვიცოდი. რუსების შურისძიებით შეშინებულმა დედამ მე ბერლინიდან შვეიცარიის მთებში, ერთ მიყრუებულ სოფელში გამხიზნა და 1952 წლამდე იქ ვიმალებოდით. დედას პარანოიდული შიში ჰქონდა, რომ „ესესის“ პოლკოვნიკის ცოლ-შვილზე რუსები თუ არა, სხვები მაინც იძიებდნენ შურს. ამიტომ მან მოახერხა ყალბი დოკუმენტების შოვნა და ფრანგი ლემიეები გავხდით. დედა – ჟაკლინი, მე კი – მიშელ ლემიე. თუმცა, კვლავ კონსპირაციულ ცხოვრებას ვაგრძელებდით. 1961 წელს დედა გარდამეცვალა და ის რომ დავასაფლავე, ჰამბურგში ჩავედი და ოთხი წელიწადი სხვადასხვა დროშით მცურავ გემებზე ვმუშაობდი მენახშირედ. თავისუფალ დროს კი თვითგანათლებას ვუთმობდი. 1966 წელს ნიუ-იორკში ჩასული გემიდან გავიპარე და ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა კაფეში ვმუშაობდი. 1968 წელს კი საემიგრაციო სამსახურში მივედი. დავწერე განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. პარალელურად კი, ნიუ-იორკის საინჟინრო სკოლაში დავიწყე სწავლა, რომელიც 1972 წელს დავამთავრე და იმავე წელს მომანიჭეს ქვეყნის მოქალაქეობა. მე ჩემი ნამდვილი ვინაობა ჩამიწერეს და შეერთებული შტატების სრულუფლებიანი მოქალაქე, 32 წლის ტომას შვარცკოფი გავხდი. დიპლომიანი ინჟინერი და მართალია, სწავლის პერიოდში ლემიედ ვიყავ დაფიქსირებული, მაგრამ დიპლომში ტომას შვარცკოფი ჩამიწერეს.
ჩემი ლეგენდის თხრობისას მოვლენებს ოდნავ გავასწარი... 1966 წელს არალეგალთა სკოლის ოთხწლიანი კურსი დავასრულე და ყველაფერი ისე მქონდა ათვისებული, როგორც მასწავლეს. მაგალითად, ნებისმიერი პოლიგრაფის (სიცრუის დეტექტორი) მოტყუება შემეძლო და რომ მეთქვა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორე ან ჰომეროსი ვარ-მეთქი, აპარატი სიცრუეში ვერ მამხელდა.
1972-1974 წლებში ერთ-ერთ ტექნოლოგიურ-კომპიუტერულ ფირმაში ვმუშაობდი. 1974 წლის დეკემბერში კი კაფეში, სადაც ვსადილობდი, ერთი შუახნის რესპექტაბელური ჯენტლმენი მომიჯდა. მისტერ რობერტად გამეცნო და მთხოვა, რომ კონფიდენციალური საუბრისთვის საღამოს 9 საათზე მასთან მივსულიყავი ოფისში.
– რასთან დაკავშირებით, მისტერ რობერტ?! – გაკვირვებით ვკითხე მას, თუმცა ვიცოდი, რომ ეს კაცი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელი იყო. ამის შესახებ ცენტრიდან მაცნობეს და ამ შეხვედრას ველოდი.
– მისტერ ტომას, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა გელოდებათ და გთხოვთ, მობრძანდეთ. დარწმუნებული იყავით, რომ არ ინანებთ.
– მისტერ რობერტ, რაიმე სარფიანს მთავაზობთ?
– უსარფიანესსა და ძალიან საინტერესოს.
– კარგი, მოვალ.
– რობერტ შილტონი დაიმახსოვრეთ, მისტერ ტომას. გელოდებით.
რობერტ შილტონი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომელი იყო. ეს უწყება არ იყო აფიშირებული, როგორც „ცეერუ“ და „ეფბეერი“. ისინი თითქმის უჩინმაჩინნი იყვნენ და ვიწრო წრეებში მათ დაზვერვის დაზვერვას უწოდებდნენ. გარკვეული დროის პერიოდში არც „კაგებეში“ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ. ხოლო, როდესაც ეს ცნობილი გახდა, რაც იქ საბჭოთა აგენტის ჩანერგვით მოხერხდა, სწორედ მან შეატყობინა ცენტრს, რომ ჩვენი პერსონით იყვნენ დაინტერესებული. თუმცა, მან არ იცოდა, რომ მე „კაგებეს“ არალეგალი აგენტი ვიყავი. ინფორმაციაში ჩვენ გარდა კიდევ თორმეტი ადამიანის სახელი იყო ნახსენები და საბჭოთა აგენტი იტყობინებოდა, რომ სააგენტო ახალი კადრების მიღებას გეგმავდა და მან მხოლოდ სია გააგზავნა ცენტრში.
რობერტ შილტონს ნიუ-იორკის ტყუპი ცათამბჯენების 30-ე სართულზე შევხვდი, როგორც შემდგომ შევიტყვე, ეს იყო სააგანტოს ერთ-ერთი კონსპირაციული ოფისი. ის კომპიუტერული მომსახურების ფირმით იყო შენიღბული. ოთახში რომ შევედი, რობერტ შილტონმა დაჯდომა შემომთავაზა და ისეთი კეთილგანწყობილი აღარ ჩანდა, როგორც დილით. სახეზე მშვიდი, მაგრამ მკაცრი იერი დაჰკრავდა და ცდილობდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ცენტრიდან მოწოდებული შიფროვკით ვიცოდი, რომ სააგენტო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოწმებდა ჩემს ლეგენდას და იოტისოდენა ხინჯიც ვერ აღმოაჩინეს. მსგავსი ქმედება ამერიკული სპეცსამსახურის მხრიდან იმთავითვე გათვალისწინებული იყო ჩემს ლეგენდაში. ამიტომ, როდესაც მამოწმებდნენ, „კაგებეს“ შესაბამისმა რეზიდენტურებმა უკვე იცოდნენ და ამის შესახებ ცენტრს აცნობეს. თუმცა, არცერთმა რეზიდენტურამ, თვით რეზიდენტების ჩათვლით, არ იცოდა ჩემ შესახებ და მათ მხოლოდ შემოწმების მიმდინარეობა დააფიქსირეს და გადასცეს ცენტრში. ვინმე ჩვენიანი გამცემიც რომ აღმოჩენილიყო და მტრისთვის შეეტყობინებინა ამის შესახებ, მაინც ვერ მომაგნებდნენ. იმიტომ რომ ყველაფერი მკაცრად კოდირებული იყო. ეს კი ზეკონსპირაციის საშუალებას იძლეოდა.
სავარძელში მოვკალათდი და ოთახის მასპინძელს ვუთხარი:
– გისმენთ, მისტერ რობერტ. აბა, რა სარფიანი წინადადება გაქვთ ჩემთან?
შილტონმა მთელი ჩემი ლეგენდა დაწვრილებით მომიყვა. მე ყურადღებით ვუსმენდი. სახეზე კი დროდადრო გაოცება მეხატებოდა. ამით შილტონი კმაყოფილი იყო და როდესაც დაასრულა, მკითხა:
– რას იტყვით, მისტერ ტომას?
– პირველ რიგში, იმას, რომ ორმაგად გაოცებული ვარ. მიკვირს, საიდან იცით ჩემი ბიოგრაფია ჩემზე უკეთ – ეს ერთი და მეორე – რაში დაგჭირდათ ამის ცოდნა?
– ვერ ხვდებით? – გაეცინა შილტონს.
– ვერა.
– მართალია, თქვენი პიროვნების კვლევისას ჩვენმა ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ მიამიტობა გახასიათებთ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთ დონეზე.
– ესაა თქვენი სარფიანი წინადადება?
– არა, მისტერ ტომას, მე ჩვენს უწყებაში თანამშრომლობა უნდა შემოგთავაზოთ.
– რომელში?
– ზესაიდუმლო უწყებაში, რომლის არსებობის შესახებ თვით „კაგებემაც“ არაფერი იცის. „ცეერუში“ კი ამის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.
– რა უწყებაში?
– ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში, ანუ შინაურულად რომ ვთქვათ, დაზვერვის დაზვერვაში.
მხიარული სიცილი ამიტყდა და ვთქვი:
– შესანიშნავი ხუმრობა გცოდნიათ, მისტერ რობერტ. მე – მზვერავი? რას მივაწერო თქვენი ეს გათამაშება?
შილტონი მშვიდი სახით კეთილგანწყობილად მისმენდა. შევატყვე, რომ მოვწონდი და როცა გავჩერდი, მითხრა:
– სრული სერიოზულობით გეუბნებით და არნაირ გათამაშებას არ აქვს ადგილი. აბა, რისთვის დაგვჭირდა თქვენი ბიოგრაფიით დაინტერესება? წამით დაფიქრდით.
მოფიქრალის სახე მივიღე და შილტონს ვუთხარი:
– ესე იგი, სიმართლეს მეუბნებით?
– წმინდა წყლის სიმართლეა, – დამიდასტურა შილტონომა.
– კი მაგრამ, დაზვერვის დაზვერვას რაში უნდა გამოვადგე? მე ხომ არც სროლა ვიცი, არც ხელჩართული ბრძოლა და ერთ იმ თვისებასაც კი არ ვფლობ, რასაც ჯეიმს ბონდი? მე ხომ უბრალო ელექტროინჟინერი ვარ?
– თავმდაბლობა ადამიანს შვენისო, ნათქვამია, მაგრამ ახლა ეს უადგილოა. ჯეიმს ბონდის პროპაგანდისტულ-ზღაპრული სახე, მოდი, კინოს დავუტოვოთ. თქვენ კი იმით გახდით ჩვენთვის საინტერესო, რომ თქვენს პროფესიაში, ელექტროინჟინრობაში ბადალი არ გყავთ და სწორედ ასეთი კადრები გვჭირდება. ნუთუ თქვენი მომავალი სამსახური საინტერესოდ არ მიგაჩნიათ?
– არ ვიცი, მე ხომ არ ვიცი, რა საქმე უნდა გავაკეთო თქვენს უწყებაში?
– რა და ელექტროინჟინრული უზრუნველყოფა უნდა გაუწიოთ ჩვენს კომპიუტერულ ცენტრს, ანუ ჩვენი უწყების ტვინს. ხვდებით, რამხელა მნიშვნელობის საქმეში უნდა ჩაებათ?
– ინფორმაციების კომპიუტერიზაციას გულისხმობთ?
– დიახ. ყველა ინფორმაციის, ყველა ჩვენი საქმიანობის კომპიუტერიზაციას, რაც ჩვენს მუშაობას ათმაგად ეფექტურს გახდის და ამაში თქვენი კვალიფიციური დახმარება გვჭირდება.
ჩემი მომზადების პერიოდში განსაზღვრული იყო – ჩემი ჩანერგვა „ცეერუში“ ან თუნდაც „პენტაგონში“, თუ ეს მოხერხდებოდა, მაგრამ ასეთ სწრაფ წარმატებას არ ველოდებოდით. შილტონის თქმით, მე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეცსამსახურის სტრუქტურაში მთავაზობდნენ მუშაობას, თანაც, ისეთ პოზიციაზე, სადაც ზესაიდუმლო ინფორმაციების ოკეანე იყო. შილტონს გავუღიმე და ვუთხარი:
– რა გაეწყობა. მოდი, ვცადოთ, თანახმა ვარ.
დაახლოებით ვიცოდი, თუ რა სირთულეებს გადავეყრებოდი ჩემს ახალ სამუშაო ადგილზე, მაგრამ ეს სირთულეები ბევრად უფრო ძნელად გადასალახავი აღმოჩნდა. კომპიუტერიზებულ სისტემაში ყველაფერი ზეკოდირებული იყო და ჩემ წინ მხოლოდ ციფრების სამყარო იყო გადაშლილი. მათში გარკვევას 3 წელიწადი მოვანდომე და პირველი ინფორმაცია ცენტრში 1977 წელს გადავეცი. ის შეეხებოდა სააგენტოს მიერ წარმოებულ ფართომასშტაბიან ოპერაციას დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სხვა კაპიტალისტური და სოციალისტური ქვეყნების უმაღლეს სამთავრობო კაბინეტებში წარმოებულ საიდუმლო ჩანაწერებს. ცენტრში ამ ინფორმაციებს ამუშავებდნენ და წარმატებით იყენებდნენ პოლიტიკაში. ამის წყალობით, 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისში მოხერხდა რამდენიმე პროსაბჭოთა ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაციის აღმოფხვრა; გადატრიალების აღკვეთა კუბაში და მისი ლიდერის, ფიდელ კასტროს სიცოცხლის სამჯერ გადარჩენა. ჩემი ინფორმაციები გენერალ პოტაპოვს პირადად მისდიოდა და ის თავად ახორციელებდა გაშიფვრას და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემდა ადრესატებს. პოტაპოვის გარდა, ჩემ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. არც ის, რომ „კაგებეს“ აგენტი არალეგალი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში მუშაობდა. გენერალ-პოლკოვნიკი ანტონ პოტაპოვი პატიოსანი, მაღალი დონის პროფესიონალი იყო. მასში ეჭვი არ მეპარებოდა და ვიცოდი, რომ არასოდეს მიღალატებდა. ისიც იმავეს ფიქრობდა ჩემზე და ერთმანეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი კავშირი გვქონდა. 1986 წელს გენერალი პოტაპოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს კი მას მერე მოხდა, რაც ინფორმაცია გადავეცი იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებული, „პერესტროიკა“ ამერიკული პროექტი იყო და მივაწოდე შემდგომი მოქმედებების გაშიფრული სქემა. ცოტა ხანში კი ხელში ჩამივარდა ზესაიდუმლო, საკაცობრიო მნიშვნელობის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი, მიხეილ გორბაჩოვი ამერიკელების მითითებებს პირადად ასრულებდა. რომ საბჭოთა კავშირის პირველი ლედი, რაისა გორბაჩოვა, ამერიკული დაზვერვის მიერ იყო გადაბირებული და რომ სწორედ მან გადაიბირა თავისი ქმარი და ამერიკელების აგენტად გადააქცია.
შევარდნაძეზე კი ის იყო ნათქვამი, რომ პირდაპირ აგენტურულ კავშირში არ იმყოფებოდა ამერიკელ ან რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურთან. და, რომ შევარდნაძე გორბაჩოვების ტანდემის მითითებებს ასრულებდა, თუმცა ხვდებოდა მათი პირდაპირი აგენტობის ფაქტს... პოტაპოვი აშკარად მოკლული იყო. მასთან პირდაპირი კავშირი გაწყვეტილი მქონდა. რა თქმა უნდა, შემეძლო ამ ინფორმაციის მიწოდება სხვა არხებით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი რეალიზაცია არ მოხდებოდა. მე კი ძებნას დამიწყებდნენ და უკვალოდ გამაქრობდნენ. რა თქმა უნდა, დიდი საქმისთვის თავის განწირვა ღირდა. თუმცა, მოსკოვში უკვე მოღალატეების მთელი გუნდი იყო ჩაბუდებული და ამ ინფორმაციას ქვეყნის სასიკეთოდ არავინ გამოიყენებდა. იყო მეორე გზაც – ეს ყველაფერი მსოფლიო მედიისთვის მეცნობებინა. თუმცა, ვერც ეს გადაარჩენდა ქვეყანას. რომ იტყვიან, სიკვდილის კალო უკვე ილეწებოდა და მარტოკაცი ამას ვერ შევაჩერებდი. ამიტომ, გაჩუმება ვარჩიე. მით უმეტეს, რომ ცოლი და სამი შვილი მყავდა. მათ სიცოცხლეს კი სასიკვდილო საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი. თან, ამით არაფერი შეიცვლებოდა.
სააგენტოში 2010 წლამდე ვიმუშავე და 70 წლისა პენსიაზე გავედი. უკვე შვილიშვილებიც მყავდა და ბედნიერად ვცხოვრობდი. დროგამოშვებით 2-3 მეგობარსაც ვხვდებოდი და სიგარებისა და ვისკის თანხლებით წარსულს ვიხსენებდით, თანამედროვე პოლიტიკაზე ვსაუბროქბდით და ჩვენს აზრებს გამოვთქვამდით. ყველაზე ახლოს კი რობერტ შილტონთან ვიყავი. ის ჩემზე 15 წლით უფროსი იყო და ერთმანეთთან შეხვედრა და საუბარი გვახარებდა. 2012 წელს 87 წლის შილტონმა იმ კაფეში დამიბარა, სადაც 1974 წელს ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა. ღრმა მოხუცებულობის მიუხედავად, შილტონი საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურებოდა, არც მეხსიერებას უჩიოდა და არც სხვა დაავადებებს. ორი საათი ვისაუბრეთ. ძველიც გავიხსენეთ და ახალიც მიმოვიხილეთ. ბოლოს კი მან მითხრა:
– ჭკვიანი კაცი ხარ, ტომას და ბედნიერი ვარ, რომ ენაზე კბილის დაჭერა მოახერხე და არ დამჭირდა შენი დაბეზღება, რაც შენი განადგურებით დასრულდებოდა. ჩვენ კრემლში აგენტთა მთელი გუნდი გვყავდა „პერესტროიკის“ დროს და როცა მოსკოვში ინფორმაცია მივიდა ამერიკულ პროექტზე, სახელწოდებით – „პერესტროიკა“, იქიდან შეგვატყობინეს, რომ სააგენტოში „თხუნელა“ გვყავდა. მისი მოძებნა მე დამავალეს. მე კი მივხვდი, რომ ეს შენ იქნებოდი და ველოდებოდი შემდგომი ინფორმაციის გადაცემას გორბაჩოვებზე. შენ კი ეს არ გააკეთე და მაშინ იმასაც მივხვდი, რომ მოსკოვზე აღარ იმუშავებდი, რადგან ვერაფერს შეცვლიდი. შენი მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი იყო და შენი გაშიფვრისგან თავი შევიკავე. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა. ერთი თვის სიცოცხლე დამრჩენია. სიმსივნის ბოლო სტადია მაქვს. ახლა კი წავედი. მშვიდობით!
შილტონი წამოდგა. ხელი ჩამომართვა და კარისკენ გაემართა. რობერტს დავეწიე, გადავეხვიე და ვუთხარი:
– მადლობა, რობერტ. მშვიდობით!
ორი კვირის შემდეგ 87 წლის რობერტ შილტონი ონკოლოგიურ კლინიკაში გარდაიცვალა.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





