რომანი და დეტექტივი

ალისფერი კვალი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 24.07, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #27(1123)

(იბეჭდება შემოკლებით)

გრეგსონი და ლესტრეიდი დიდი ყურადღებითა და ერთგვარი სიძულვილით ადევნებდნენ თვალყურს მოყვარული მაძებრის მანევრებს.

– მინდა, დაველაპარაკო იმ კონსტებლს, რომელმაც გვამი აღმოაჩინა. ხომ ვერ მეტყვით მის სახელსა და მისამართს?

ლესტრეიდმა თავის უბის წიგნაკში ჩაიხედა.

– ჯონ რენსი, – თქვა მან, – შეგიძლიათ ოდლეი-კორტში ნახოთ, კენსინგტონ პარკგეიტის ¹46 სახლში.

ჰოლმსმა მისამართი ჩაიწერა.

– რაღაც მინდა გითხრათ, გამოგადგებათ, – მიმართა მაძებრებს, – ჩადენილია მკვლელობა, მკვლელი მამაკაცია, ექვს ფუტზე მაღალი, ახალგაზრდა, თავისი სიმაღლისთვის მეტისმეტად პატარა ფეხები აქვს. უხეში ფეხსაცმელი აცვია, ფართოლანჩებიანი და ტრიქინოპოლურ სიგარებს ეწევა. აქ თავისი მსხვერპლის თანხლებით ჩამოვიდა ოთხბორბლიანი კებით, რომელშიც შებმული იყო ცხენი, დაჭედილი სამი ძველი და ერთი ახალი ნალით. ახალი ნალი წინა ფეხზე აქვს... მგონი, მკვლელი ლოყებღაჟღაჟაა, მარჯვენა ხელის ფრჩხილები კი მეტისმეტად გრძელი უნდა ჰქონდეს.

ლესტრეიდმა და გრეგსონმა ერთიმეორეს გადახედეს და უნდობლად გაიღიმეს.

– თუ ეს კაცი მოკლეს, რანაირად? – ჰკითხა ლესტრეიდმა.

– შხამით, – მოკლედ მიუგო შერლოკ ჰოლმსმა და გასასვლელისკენ გაემართა, – ერთიც, ლესტრეიდ, – დაუმატა მან, კართან რომ მივიდა, – rache გერმანული სიტყვაა და ნიშნავს „შურისძიებას“, ამიტომ მეტისმეტად ბევრ დროს ნუ დავკარგავთ ვინმე რაშელის მოსაძებნად.

ისარივით გესლიანი სიტყვა რომ წარმოთქვა, ჰოლმსი გარეთ გავიდა და გაკვირვებისგან პირდაღებული მაძებრები უკაცურ სახლში დატოვა.

***

დღის პირველ საათზე გამოვედით ლაურისტონგარდენის ¹3 სახლიდან, შერლოკ ჰოლმსი ტელეგრაფის უახლოეს განყოფილებაში შევიდა და გრძელი დეპეშა გაგზავნა. შემდეგ კები დაიბარა და უბრძანა იმ მისამართხზე წასვლა, ლესტრეიდმა რომ მოგვცა. გზაში საუბრის გუნებაზეც დადგა.

– პირველი, რაც მე ჩამოსვლისას შევნიშნე, კების ბორბლების ორი კვალი იყო. გუშინდელ ღამემდე მთელი კვირა არ ყოფილა წვიმა. მაშასადამე, ეს ღრმა კვალი კებს ღამით დაუტოვებია. ვნახე, აგრეთვე, ნალების კვალი, ამასთან, ერთი უფრო გამოკვეთილად ჩანდა, საიდანაც აშკარაა, რომ ეს ერთი ნალი დანარჩენებზე ახალი ყოფილა. რამდენადაც კები აქ იყო წვიმის დაწყებამდე და დილას აღარ გახლდათ, აქედან დავასკვენი, რომ კები აქ ყოფილა ღამით, მაშასადამე, მიტოვებულ სახლში ეს ორი სუბიექტი მოუყვანია.

– კაცის სიმაღლე როგორღა დაადგინეთ?

– უბრალოდ, ათი შემთხვევიდან ცხრაში სიმაღლის განსაზღვრა ნაბიჯის მიხედვით ხერხდება. მე გავზომე იმ ყმაწვილის ნაბიჯი თიხნარ გზაზე და იატაკის მტვერშიც. ამას გარდა, შევამოწმე ჩემი ანგარიში. როცა ადამიანი კედელზე წერს, ინსტინქტურად წერს თავისი თვალების სიმაღლეზე. წარწერა იატაკიდან, დაახლოებით, ექვსი ფუტის სიმაღლეზე იყო გაკეთებული. კიდევ გაოცებთ რამე?

– ფრჩხილები და ტრიქინოპოლური სიგარები?

– ჩემი ლუპით გავარკვიე, რომ ბათქაში გაჩხაპნილია, რაც არ მოხდებოდა, დამწერს ფრჩხილები რომ წაკვეთილი ჰქონოდა. იატაკიდან ცოტაოდენი ფერფლი ავხვეტე, მუქი და ფანტელის მსგავსი იყო. ასეთი ფერფლი მხოლოდ ტრიქინოპოლურ სიგარებს აქვს. სპეციალურად მაქვს შესწავლილი ეს სიგარა და შრომაც კი დამიწერია ამაზე. ვამაყობ იმით, რომ ფერფლის მიხედვით შემიძლია, ყოველგვარი თამბაქოს ან სიგარის ხარისხი გავარკვიო.

– რაც მეტს ვფიქრობ, ჩემი აზრით, მით უფრო მეტი იდუმალებითაა მოცული ეს საქმე. როგორ მოხვდა ეს ორი კაცი – თუ მართლა ორნი იყვნენ – უკაცურ სახლში? რა მოუვიდა კებმენს, რომელმაც ისინი აქამდე მოიყვანა? როგორ აიძულა ერთმა ადამიანმა მეორე, რომ შხამი დაელია? საიდანაა სისხლი? რა მიზანი ამოქმედებდა მკვლელს, თუ გაძარცვის განზრახვა არ ჰქონია? საიდანაა ქალის ბეჭედი? და, უპირველეს ყოვლისა, რისთვის დასჭირდა მკვლელს წასვლის წინ გერმანული სიტყვის rache-ის დაწერა?

ჰოლმსმა თავმომწონედ გაიღიმა.

– ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა მთავარი ფაქტორების სისწორეში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ კარგი ბაზა გვაქვს შემდგომი მუშაობისთვის.

ასე ვსაუბრობდით, სანამ ¹46 სახლამდე არ მივაღწიეთ. კონსტებლი ლოგინში იწვა და ჩვენ პატარა სასტუმრო ოთახში დაცდა გვიბრძანეს.

– განყოფილებაში უკვე ყოველივე მოვახსენე, – გვითხრა კონსტებელმა.

ჰოლმსმა ჯიბიდან ოქროს მონეტა ამოიღო და შეათამაშა.

– ჩვენ გვინდოდა, ყოველივე ეს თქვენგან მოგვესმინა, – უთხრა.

– სიამოვნებით მოგიყვებით, რაც ვიცი. ჩემი მორიგეობა საღამოს ათი საათიდან დილის ექვსამდე გრძელდება. ღამის პირველ საათზე გაწვიმდა. ჰარი მარშერს შევხვდი, ერთად ვიდექით ჰენრიეტა-სტრიტზე და ვსაუბრობდით. მოგვიანებით, ორ საათზე, თუ ცოტა უფრო გვიან, გადავწყვიტე, გამევლო და გამეგო, ბრიქსტონროუდზე ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. გზად კაციშვილი არ შემხვედრია, თუმცა ერთმა თუ ორმა კებმა ჩამიარა. უცებ, სწორედ იმ სახლში შუქი დავინახე. ვიცოდი, ლაურისტონგარდენზე, ამ ორ სახლში არავინ ცხოვრობდა. ამიტომ ძალიან შემაშინა ცეცხლმა, ფანჯრიდან რომ დავინახე, და გავიფიქრე, უბედურება ხომ არაფერი მომხდარა-მეთქი. როცა კართან მივედი...

– თქვენ შეჩერდით და უკანვე წახვედით ჭიშკრისკენ, – შეაწყვეტინა ჩემმა მეგობარმა, – რატომ მოიქეცით ასე?

– ვერაფერს ვიტყვი, ეს ასე იყო, სერ, – მიუგო კონსტებლმა, – თუმცა ვერ გამიგია, საიდან იცით ეს? კართან რომ მივედი, ისეთი დუმილი იყო და ისეთი თავზარი დამეცა, რომ გავიფიქრე, ხომ არავის დავუძახო-მეთქი. ჰოდა, უკან წავედი, ჭიშკრისკენ, იქნებ სადმე მარშერი ვნახო-მეთქი, მაგრამ ვერც ის ვნახე და ვერც სხვა ვინმე. კაცის ჭაჭანება არ ჩანდა, ძაღლიც კი არსად იყო. შემდეგ გული გავიმაგრე, სახლისკენ გამოვბრუნდი და კარი შევაღე. შიგ სიწყნარე სუფევდა და მეც შევედი ოთახში, სადაც შუქი ენთო. ბუხარში სანთელი ციმციმებდა, წითელი ცვილის სანთელი, რომლის შუქზეც მე დავინახე...

– დიახ, ყველაფერი ვიცი, რაც დაინახეთ. თქვენ რამდენჯერმე შემოუარეთ ოთახს, დაიჩოქეთ გვამის წინ, მერე გამოხვედით, სამზარეულოს კარის შეღება სცადეთ, შემდეგ...

– სად იმალებოდით? – შეჰყვირა რენსმა, – თქვენ ბევრად მეტი იცით, ვიდრე უნდა იცოდეთ.

ჰოლმსმა გაიცინა და მაგიდაზე თავისი სავიზიტო ბარათი დააგდო.

– ნუ დააპირებთ ჩემს დაპატიმრებას მკვლელობაში ეჭვმიტანის გამო, – უთხრა კონსტებლს, – მე ძაღლების ხროვიდან გახლავართ და არა მგელი. განაგრძეთ! შემდეგ რა გააკეთეთ?

რენსი ისევ დაჯდა დივანზე.

– ჭიშკართან დავბრუნდი და დავუსტვინე. სასტვენის ხმაზე მოვიდა მარშერი და ორიც სხვა.

– ქუჩაში ამ დროს არავინ იყო?

– ბევრი მთვრალი მინახავს ჩემს ცხოვრებაში, – თქვა რენსმა, – მაგრამ არასოდეს მინახავს ასე გალეშილი კაცი. ჭიშკრიდან რომ გამოვბრუნდი, ის კაცი ზღუდეს მიყრდნობოდა და ხმაჩახლეჩილი გაჰყვიროდა რაღაც სიმღერას. ფეხზე ვერ ჩერდებოდა და ჩვენ, მით უმეტეს, რა დახმარებას გაგვიწევდა!

– როგორ გამოიყურებოდა? – ჰკითხა შერლოკ ჰოლმსმა.

– ერთი გამტყვრალ-გალეშილი ახმახი კაცი იყო. ასე მოუცლელი რომ არ ვყოფილიყავით, განყოფილებაში მოხვდებოდა.

– რანაირი სახე ჰქონდა, რა ეცვა, ნუთუ ეს არ შეგინიშნავთ? – მოუთმენლად შეაწყვეტინა ჰოლმსმა.

– როგორ არა, შევნიშნე. მე და მარშერმა ხომ ხელით შევაკავეთ. მაღალი იყო, სახე უღაჟღაჟებდა, მოსასხამში გახლდათ გახვეული...

– საკმარისია! – შესძახა ჰოლმსმა, – საით წავიდა?

– უიმისოდაც გვყოფნიდა საქმე, – გაბრაზებით მიუგო კონსტებლმა, – თავდები ვარ, შინ მშვიდობით მივიდოდა.

– რა ეცვა?

– ყავისფერი მოსასხამი.

– ხელში წკნელი ეჭირა?

– წკნელი? არა.

– ჩანს, დაავიწყდა აღება, დარჩა წკნელი, – ჩაიბუტბუტა ჰოლმსმა, – ამის შემდეგ არ დაგინახავთ კები? ბორბლების ხმა არ გაგიგონიათ?

– არა.

– ინებეთ ეს ნახევარი სოვერენი, – უთხრა ჩემმა თანამგზავრმა და წამოდგა, – მე მგონია, რენს, რომ სამსახურში ვერასოდეს წინ ვერ წაიწევთ. წავიდეთ, ექიმო!

წავედით ისე, რომ ჩვენი მასპინძელი მაინც საკმაოდ გუნებაწამხდარი დავტოვეთ.

– არაფერი მესმის. რისთვის დასჭირდა იმავე სახლში დაბრუნება? განა დამნაშავეები ასე იქცევიან?

– ბეჭედი! ბეჭედი! გაიგეთ! ბეჭდისთვის დაბრუნდა. თუ მკვლელის შეპყრობის სხვა ღონისძიება ვერ გამოინახა, სატყუარად შეგვიძლია, ეს ბეჭედი გამოვიყენოთ. მე დავიჭერ იმ ვაჟბატონს, ექიმო! შემიძლია ნაძლევი დავდო, რომ შევიპყრობ.

***

განცხადებაში, იმ სვეტში, რომლის სათაური იყო „ნაპოვნია“, ეწერა:

„ბრიქსტონროუდის რაიონში, უაიტგარტის ტრაქტირსა და ჰოლანდ-გრუვს შორის გამავალ გზაზე ნაპოვნია საქორწინო ოქროს ბეჭედი. მიმართეთ დოქტორ უოტსონს 221-ბ, ბეიკერ-სტრიტი, საღამოს რვიდან ცხრა საათამდე“.

– მაპატიეთ, რომ თქვენი სახელით ვისარგებლე, – მითხრა ჰოლმსმა, – ჩემი სახელი რომ დამეწერა, რომელიმე სკოტლენდიარდელი შტერი შეეცდებოდა ამ საქმეში ჩარევას, – მითხრა ჰოლმსმა და ბეჭედი გადმომცა, – საუცხოოდ გამოდგება. თითქმის ზუსტი ასლია.

– თქვენი აზრით, ვინ გამოეხმაურება ამ განცხადებას?

– ყავისფერმოსასხამიანი კაცი, ჩვენი ლოყებღაჟღაჟა მეგობარი, ბლაგვცხვირიანი ჩექმის პატრონი. თუ თვითონ არ მოვა, თავის თანამზრახველს გამოგზავნის. ის კაცი ყველაფერს სასწორზე დადებს, ოღონდ ბეჭედი დაიბრუნოს. ჩემი ვარაუდით, ბეჭედი მაშინ დაუვარდა, როდესაც დრებერის გვამზე დაიხარა. იარაღი გაქვთ?

– ჩემი რევოლვერი მაქვს და რამდენიმე ვაზნა.

– კარგს იზამდით, თუ გაწმენდდით და სასროლად მოამზადებდით. იგი თავზე ხელაღებული კაცია და თუმცა თავს მოულოდნელად დავესხმები, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რევოლვერი ჯიბეში ჩაიდეთ, როცა ის ვაჟბატონი გამოცხადდება, სრულიად ძალდაუტანებელი კილოთი ელაპარაკეთ. დანარჩენი ჩემზე იყოს. მეტისმეტად ჩაცივებული მზერით არ შემიშინოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი