ცხოვრების წესი გულის მანკის დროს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.12, 2022 წელი

შეუძლია თუ არა გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტს დაკავდეს სპორტით?
- ეს არის ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რაც ისმება მშობლებისა და ბავშვებისგან, როდესაც იგებენ დიაგნოზის შესახებ. სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვთა უმრავლესობის ცხოვრებაში. გულის თანდაყოლილი მანკების უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, ძალიან არ შეიზღუდოს ფიზიკური აქტივობა. თუმცა არსებობს გულის თანდაყოლილი მანკების გარკვეული ფორმა, როცა სპორტის ზოგიერთი სახეობა არ არის რეკომენდებული. ასეთებია: ძალოსნობა, კონტაქტური სპორტის სახეობები, როცა ხშირია შეჯახება, რადგან არსებობს სისხლძარღვების დილატაციისა და მათი გასკდომის რისკი.
გადაეცემა თუ არა გულის თანდაყოლილი პათოლოგია მშობლიდან შვილს?
- დიახ, გარკვეული პათოლოგიები გადაეცემა მემკვიდრეობით. ეს ნიშნავს, რომ თუ მშობელს აქვს გულის თანდაყოლილი მანკის გარკვეული სახეობა, არსებობს მცირე რისკი, რომ მათ შვილსაც ჰქონდეს გულის თანდაყოლილი დაავადება. ეს შესაძლოა, იყოს დაავადების იგივე ფორმა, ასევე განსხვავებულიც. თუ პაციენტი გულის თანდაყოლილი მანკით დაორსულდა, აუცილებელია მისი მეთვალყურეობა. საბედნიეროდ, უმრავლესობას არ აქვთ ორსულობის უკუჩვენება. თუმცა არსებობს გარკვეული სპეციფიკური მდგომარეობა, როცა ორსულობა დედისა და ნაყოფის სიცოცხლისთვის მაღალი რისკის შემცველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტი გეგმავს ორსულობას, აუცილებელია, კონსულტაცია კარდიოლოგთან გაიაროს.
ცხოვრება გულის მანკით
სარქვლოვანი პათოლოგიის დროს აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ სარქვლების შემდგომი დაზიანება, ხშირად - მაშინაც კი, როცა პაციენტს უკვე გადატანილი აქვს სარქვლის პროთეზირება ან სხვა ოპერაცია. ამისთვის აუცილებელია:
👉 პაციენტმა იცოდეს, რა სახის მანკი აქვს;
👉 ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად აცნობოს ექიმს, რომ მანკი აქვს;
👉 ინფექციის სიმპტომებისას შეეხმიანოს მკურნალ ექიმს;
👉 გულდასმით მოუაროს პირის ღრუს, პრობლემების აღმოცენებისას დაუყოვნებლივ მიმართოს სტომატოლოგს;
👉რეგულარულად მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები არტერიული წნევის, ქოლესტერინის, არითმიის კონტროლისა და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან