ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: ვარ 5 კვირის ორსული. დილაობით ხელის თითები და კისერი მაქვს შეშუპებული. სისხლის საერთოში მომატებული მაქვს ეოზინოფილები – 9. ახლა რა შეიძლება, რომ მივიღო?
პასუხი: პირველ რიგში აუცილებელია ჩატარდეს ალერგოლოგის კონსულტაცია, ასევე გესაჭიროებათ შარდის საერთო ანალიზი და წნევის კონტროლი.
კითხვა: სახლში მაქვს ანწლის ნაყენი. რამდენად ეფექტურია დიარეის დროს და როგორ მივიღო, რამდენი?
პასუხი: დიახ, ანწლის შაქრიანი ნაყენი ეფექტურია დიარეის დროს, შეგიძლიათ, მიიღოთ 2-3-ჯერ 1 ჩაის კოვზი.
კითხვა: ნებისმიერი ინფექცისას, როდესაც ანტიბიოტიკებს ვიღებ, საშინელი შეგრძნება მაქვს – თითქოს ვკვდები თუ მეძინება, ვერ ვხვდები. ძილიანობას ჰგავს, მაგრამ ვხვდები, რომ ჩვეულებრივი ძილი არ არის. ეს, ძირითადად, ანტიბიტიკების მიღების მესამე დღეს მემართება. ეს ორგანიზმის რეაქციაა, რომ ჯანმრთელდება თუ ანტიბიოტიკების უკუჩვენება?
პასუხი: თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები სავარაუდოდ, ანტიბიოტიკების გვერდითი რეაქციაა. ზოგიერთ ანტიბიოტიკს (განსაკუთრებით მაღალი დოზით ან მგრძნობიარე ადამიანებში) შეუძლია, იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიწვიოს ძილის დარღვევები (ძლიერი ძილიანობა, უცნაური ძილი), თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, იშვიათად – კოგნიტური ცვლილებები ან შფოთვითი/პანიკური შეტევები, რასაც შესაძლოა, ახლდეს „სიკვდილის შიშის“ ან „არანორმალური ძილიანობის“ მსგავსი შეგრძნება. გარდა ამისა, ეს შეიძლება, იყოს ალერგიული რეაქცია. ზოგჯერ მძიმე ალერგიის (ანაფილაქსიის) ადრეულ ეტაპზე ვითარდება სისუსტე, გულისრევა და ძალიან უჩვეულო შეგრძნებები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





