მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიაზე

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ალერგია
დაკოპირებულია

ალერგიული რეაქცია შეიძლება ბევრმა რამემ გამოიწვიოს.

მცენარეული მტვერი – მის მიმართ ალერგია უმეტესად რინიტისა და კონიუნქტივიტის ნიშნით ვლინდება და სეზონურობა ახასიათებს, ვინაიდან გამწვავება დამნაშავე მცენარის ყვავილობას ემთხვევა. თუ თქვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ადრეული გაზაფხულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალერგიას რომელიმე ხემცენარე იწვევს: ფიჭვი, ჭადარი, ალვა, კაკალი, ევკალიპტი, წაბლი, მურყანი. მაისიდან ივლისამდე მარცვლოვნები ყვავილობენ: ჭვავი, ტიმოთელა, შვრია, სათითურა. ზაფხულის მიწურული და შემოდგომა კი სარეველათა ყვავილობის დროა. კონკრეტული დამნაშავის საპოვნელად ექიმებს ალერგიული სინჯების ჩატარება დასჭირდებათ. თუ გეცოდინებათ, როდის უფრო მეტად გაწუხებთ ალერგია, ძებნას საგრძნობლად გაუადვილებთ. მტერს თქვენამდე მოღწევა რომ გაუძნელდეს, სულ უბრალო რამ არის საჭირო: ეცადეთ, მძიმე პერიოდი სხვა კლიმატურ პირობებში გაატაროთ, სადაც თქვენმა მტერმა უკვე დაიყვავილა ან აყვავებას ჯერ არ აპირებს. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, კანიდან და თმიდან ალერგენის მოსაცილებლად ყოველ საღამოს მიიღეთ შხაპი ან აბაზანა. ერიდეთ ქუჩაში სეირნობას, განსაკუთრებით – მშრალ, ქარიან დღეებში. ასეთ ამინდში შინ შეიკეტეთ, კარ-ფანჯარა საგულდაგულოდ დაგმანეთ და კონდიციონერი აამუშავეთ, ოღონდ გახსოვდეთ: ამ უკანასკნელს წვრილი ნაწილაკების შემაკავებელი საიმედო ფილტრი უნდა ჰქონდეს.

ობი – ეს მიკროსკოპული პარაზიტი სოკოები სპორებს გამოყოფენ, რომლებიც მტვრის ნაწილაკების მსგავსად დაფარფატებენ ჰაერში. მას ვერც ერთი თავმოყვარე დიასახლისი ვერ შეეგუება, ხოლო თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია გაწუხებთ, ობს ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ. გააჩუქეთ ოთახის ყვავილები – ობის სოკო შესანიშნავად მრავლდება ტენიან მიწაზე. ხშირად გაწმინდეთ საშხაპე, ნიჟარები, აბაზანა, დროულად შეაკეთეთ მილები, რათა წყალი არ ჟონავდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სანაგვე ყუთებს, მაცივარს.

მტვერი – ეს პოტენციური ალერგენების მთელი ნაკრებია. რას არ შეხვდებით მასში: ქსოვილის ნაწილაკებს, ცხოველების ბეწვს, ბაქტერიებს, სოკოს სპორებს, საკვების ნამცეცებს. ეს კიდევ არაფერი; ამ ნაკრებში თურმე მიკროსკოპულ ორგანიზმებს – მტვრის ტკიპებს – ჰყვარებიათ ბინის დადება. მათ ყველაზე მეტად თბილი, ტენიანი ადგილები მოსწონთ. ეტანებიან ისეთი ქსოვილის ბოჭკოებსაც, იშვიათად რომ ირეცხება. მიმოიხედეთ – ასეთ რამეებს შინ მრავლად ნახავთ: ბალიშებს, ლეიბებს, ხალიჩებს, გობელენებს... ეცადეთ, ოთახებში შეინარჩუნოთ, დაახლოებით; 21 გრადუსი ტემპერატურა და 30-50 პროცენტი ტენიანობა. აჯობებს, საერთოდ უარი თქვათ ხალიჩებსა და ფარდაგებზე. ხის იატაკი და ლინოლეუმი ნაკლებ მტვერს აგროვებს. ავეჯიც ხის, ტყავის ან პლასტმასის ზედაპირიანი შეარჩიეთ. თუ მთელ სახლში მისი გამოცვლა შეუძლებელია, საძინებელში მაინც მოახერხეთ – სიცოცხლის მესამედს ხომ სწორედ აქ ატარებთ. მტვრის ტკიპები ვერ ძლებენ სინთეტიკურ ლეიბებსა და ბალიშებში. ამიტომაც ალერგიით დაავადებულებს ყველაზე მეტად სწორედ ასეთი საწოლი შეეფერებათ. თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოცვალეთ და 55 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხეთ. ხშირად რეცხეთ ფარდებიც. ყველა ზედმეტი ნივთი კარადაში ან პლასტმასის ყუთში გამოკეტეთ. კვირაში ერთხელ მაინც დაალაგეთ სახლი სველი წესით. თუ ალერგიული თავად ბრძანდებით, ამ დროს პირბადე აიფარეთ, ანდა ეს საქმე ოჯახის არაალერგიულ წევრს გადააბარეთ.

ცხოველების ბეწვი – შინაური ცხოველების, ბეწვი, საოფლე ჯირკვლების გამონაყოფი და ნერწყვში შემავალი ცილები ზოგიერთ ადამანში ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთი ალერგია რომ განვითარდეს, ზოგჯერ წლებია საჭირო, სიმპტომების გაქრობას კი კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვეც კი შეიძლება, დასჭირდეს.

საკვები – ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად ხამანწკები, არაქისი, თხილი, თაფლი, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული იწვევს. გარდა ამისა, ბავშვებს ალერგია უვითარდებათ რძის, კვერცხის, მარცვლეულის მიმართ. ძლიერი ალერგენებია საღებავებითა და კონსერვანტებით გაჯერებული საკვებიც.

მწერების შხამი – ძალზე ძლიერი და საშიში ალერგენია. ნაკბენს ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილიც კი მოსდევს. არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც თავად არ იწვევს ალერგიას, მაგრამ მის სიმპტომებს აღრმავებს, ამიტომ მათაც უნდა ერიდოთ. ყველაზე ძლიერი გამღიზიანებელი თამბაქოს კვამლია, თუმცა არანაკლებ საშიშია აეროზოლები, დაბინძურებული ჰაერი, ძლიერი ტენიანობა, მძაფრსუნიანი ნივთიერებები, ქარი, კვამლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი