მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ სინუსიტის შესახებ

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

სინუსიტი
დაკოპირებულია

სეზონურ ვირუსულ ინფექციას ცხვირის გაჭედვა ყოველთვის ახლავს თან, მაგრამ თუ გავიდა ათი დღე, ორი კვირა, უკეთესობა კი არა და არ გეტყობათ, შესაძლოა, სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების ანთება გქონდეთ. სინუსები, ცხვირის დანამატი წიაღები, თავის ქალაში მდებარე ერთმანეთთან დაკავშირებული ჰაერით სავსე ღრუებია. მათ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია:

* მათში წარმოიქმნება ლორწო, რომელიც ცხვირის ღრუდან და ყელიდან გვაშორებს მტვერსა და მიკრობებს;

* მათში თბება და ტენიანდება ჩასუნთქული ჰაერი, რაც აუცილებელია სასუნთქი გზებისა და ფილტვების ჯანმრთელობისთვის;

* მათი წყალობით მცირდება თავის ქალას წონა;

* ტრავმის დროს თავის თავზე იღებენ დარტყმას, რითაც ტვინს დაზიანებისგან იცავენ;

* ითავსებენ რეზონატორის ფუნქციას, რისი წყალობითაც ხმა უფრო ძლიერი, თბილი და მჟღერი ხდება.

ადამიანს, წესისამებრ, ოთხი წყვილი სინუსი აქვს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ეს წყვილებია:

* ფრონტალური სინუსები (შუბლის წიაღები) – მდებარეობს თვალების ზემოთ;

* ჰაიმორის (მაქსილარული) წიაღები – მდებარეობს ზედა ყბაში, თვალების ქვემოთ, ყვრიმალების უკან;

* ეთმოიდური წიაღები – მდებარეობს ცხვირის უკან, ცხავის ძვალში;

* სფენოიდური წიაღები – მდებარეობს ცხვირის უკან, სოლისებრ, ძირითად ძვალში.

სინუსიტი წიაღების ამომფენი ქსოვილის ანთებისა და შეშუპების შედეგია. შეშუპება ხელს უშლის სინუსებიდან ლორწოს გადმოსვლას, დაგროვილ ლორწოში კი ადვილად მრავლდება ბაქტერიები და სხვა მიკრობები. სინუსიტის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს გაციებამ, ალერგიამ, ცხვირის ძგიდის გამრუდებამ, ცხვირის ძვლის დაჩირქებამ, ცხვირის პოლიპებმა, ქრონიკულმა ინფექციამ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოშლილია ცილიების – სინუსების ლორწოვანი გარსის ამომფენი წვრილი წამწამების – ფუნქციობა და ლორწოს გამოდევნა ძნელდება.

მოზრდილებს მწვავე სინუსიტი ხშირად უვითარდებათ გაციებისას. სინუსიტია საეჭვო, თუ ავად გახდომიდან 7-10 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა კიდეც. მისი სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა და გამონადენი; ყელის ტკივილი და პოსტნაზალური წვეთვა (ხახის გავლით ლორწოს ყელში გადასვლა); ხველა, რომელიც უმეტესად ღამღამობით ძლიერდება; სიცხე; პირიდან ცუდი სუნი; ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება ან დაკარგვა; თავის ტკივილი; ზეწოლა, ტკივილი თვალების უკან; კბილის ტკივილი; სახის მტკივნეულობა შეხებისას; ყურის ტკივილი; დაღლილობა და ცუდი თვითშეგრძნება.

იმავე სიმპტომებით ვლინდება ქრონიკული სინუსიტიც, თუმცა უფრო მსუბუქია და გრძელდება 12 კვირაზე მეტხანს.

ბავშვებთან სინუსიტზე მიუთითებს: სიმპტომების შესუსტება და კვლავ დამძიმება გაციების ან სასუნთქი გზების სხვა დაავადების დროს; სულ მცირე, სამდღიანი მაღალი სიცხე ცხვირიდან მუქ გამონადენთან ერთად; ცხვირიდან გამონადენი, რომელიც 10 დღეზე მეტია აღინიშნება და არ მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში გამონადენს თან ახლავს ხველაც.

სინუსების შეშუპების შესამცირებლად:

* დღეში რამდენჯერმე დაიდეთ სახეზე თბილი, ნოტიო პირსახოცი;

* სვით ბევრი სითხე – ეს ხელს შეუწყობს ლორწოს გათხელებას;

* ჩაისუნთქეთ ორთქლი დღეში 2-4-ჯერ (მაგალითად, სააბაზანოში მოუშვით ცხელი წყალი, რომ ორთქლი დატრიალდეს და ისუნთქეთ);

* ცხვირში დღეში რამდენჯერმე ისხურეთ ფიზიოლოგიური ხსნარი;

* სახლში დაამონტაჟეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა.

* სინუსები გამოირეცხეთ ფიზიოლოგიური ხსნარით – სინუსების გამორეცხვა მოხერხებულია სპეციალური პატარა ჩაიდნისმაგვარი ჭურჭლით. გამოსარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ფიზიოლოგიური ხსნარი ან თავად მოამზადოთ შინ: გამოხდილ ან ანადუღარ ნახევარ ლიტრ წყალში (არ უნდა იყოს ერთ დღეზე მეტი ხნის) გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი. გამორეცხვა ხდება ასე: თავი ნიჟარის ზემოთ დაიჭირეთ და გვერდზე ისე დახარეთ, რომ შუბლი და ნიკაპი, დაახლოებით, ერთ სიმაღლეზე აღმოჩნდეს. ისუნთქეთ პირით. ჭურჭლის ცხვირიდან სითხე ზედა ნესტოში შეუშვით (არ შეისუნთქოთ) და აცადეთ, რომ ქვედა ნესტოდან გადმოვიდეს. ამის შემდეგ მოიხოცეთ ცხვირი და პროცედურა მეორე ნესტოზეც ჩაიტარეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი