მედიცინა

რომელი სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ათეროსკლეროზი და რა უნდა ვიცოდეთ გართულებების შესახებ

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:37

ზაზა კევლიშვილი
დაკოპირებულია

სტენოკარდია – ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში; სუნთქვის გაძნელება; ტკივილი, სისუსტე ან დაბუჟება ფეხებში; თავის ტკივილი და თავბრუსხვევა; კოორდინაციისა და მოტორიკის დარღვევა; მეხსიერების დაქვეითება; მხედველობის ფუნქციის დროებითი დარღვევა; ერექციული დისფუნქცია ახალგაზრდა ასაკში – ეს ათეროსკლეროზის სიმპტომებია, პრობლემის, რომელიც თანამედროვეობაში საკმაოდ გავრცელებულია. ამ ტიპის დაავადებების და საპროფილაქტიკო გზების შესახებ, ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ზაზა კევლიშვილი გვესაუბრება.

– რა არის ათეროსკლეროზი და როგორ ზიანდება არტერიები ათეროსკლეროზის დროს?

ზაზა კევლიშვილი: ათეროსკლეროზის დროს არტერიების კედლებზე ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნა. სწორედ ეს ფოლაქები იწვევენ შემდგომში არტერიების სანათურის შევიწროებას და ზოგ შემთხვევებში – მათ სრულ დახშობას. შესაბამისად, ხდება სისხლის მიმოქცევის შეფერხება, რაც იწვევს შესაბამისი ორგანოების ფუნქციურ დარღვევას.

ათეროსკლეროზის განვითარების რისკ-ფაქტორები მრავალფეროვანია: გენეტიკური ფაქტორი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, თამბაქოს მოწევა, არააქტიური ცხოვრების წესი.

როგორც წესი, აღნიშნული პრობლება უფრო ხშირად მამაკაცებში აღინიშნება. რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას, არტერიების დაზიანება უფრო 40 წლის ასაკიდან გვხვდება. თუმცა ბოლო პერიოდში ადგილი აქვს აღნიშნული დაავადების გაახალგაზრდავებას.

– რა სიმპტომებით ხასიათდება არტერიების დაზიანება და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა სპეციალისტს?

– სიმპტომებს განსაზღვრავს ათეროსკლეროზული დაზიანების ლოკალიზაცია და ის ორგანო, რომლის მკვებავი სისხლძარღვებიც არის დაზიანებული. მაგალითად, თავის ტვინის მკვებავი არტერიების – ეგრეთ წოდებული, საძილე არტერიების დაზიანების დროს ხდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რაც შესაძლოა, იშემიური ინსულტის განვითარების მიზეზი იყოს. საძილე არტერიების დაზიანების დროს შესაძლო სიმპტომებია: თავის ტკივილი, ყურებში შუილი, კოორდინაციის დარღვევა სიარულის დროს, თავბრუსხვევა, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება.

აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საძილე არტერიების დაზიანება შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. მათი აღმოჩენა ხდება ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე.

თეძოსა და ქვემო კიდურების არტერიების დაზიანების დროს ვითარდება ქვემო კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ძირითადი სიმტომი არის სიარულის დროს ტკივილი კანჭის კუნთებში, ეგრეთ წოდებული, გარდამავლი კოჭლობა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად უმტკივნეულოდ გავლილი დისტანცია მცირდება და რაღაც მომენტში ტკივილმა შესაძლოა, მიიღოს მუდმივი ხასიათი, ანუ ტკივილი კანჭის კუნთებში იქნება მოსვენებულ მდგომარეობაშიც.

– ათეროსკლეროზული დაზიანების გართულებაა ანევრიზმა. მის შესახებ რისი თქმა შეგვიძლია?

– ათეროსკლეროზის დროს შესაძლოა, მოხდეს არტერიის კედლის განლევა და აღნიშნულ ადგილას ყალიბდება ანევრიზმა. ნებისმიერი ლოკალიზიაციის ანევრიზმა შესაძლოა, რაღაც პერიოდი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად შესაძლებელი ხდება მოპულსირე წარმონაქმნის აღმოჩენა დაზიანებული არტერიის პროექციაში. ანევრიზმის გართულებაა მისი გასკდომა, ამიტომ ანევრიზმის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სისხლძარღვთა ქირუგის კონსულტაცია და საჭირო მოქმედების დაგეგმვა.

– საკმაოდ ხშირად ანგიოლოგიური პრობლემა უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს. როგორ უნდა მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა და ამ დროს კვლევის რა მეთოდებია მიღებული?

– არტერიული სისტემის დიაგნოსტიკის მეთოდებია: დუპლექს-სკანირება, დოპლეროგრაფია, ანგიოგრაფია, კომპიუტერული კვლევა კონტრასტით. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში კი – ქირურგიული მკურნალობა.

– რა პროფილაქტიკური ღონისძიებები არსებობს?

– პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა, არტერიული წნევის კონტროლი, თამბაქოზე უარის თქმა, მაღალკალორიული და ქოლესტერინით მდიდარი საკვების რაციონიდან ამოღება, სხეულის მასის კონტროლი, ცხიმოვანი ცვლის მდგომარეობის გაცნობა და ქოლესტერინის დონის მოწესრიგება, შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი