რა უნდა ვიცოდეთ ჰემოგლობინის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ჰემოგლობინი რკინის შემცველი, ჟანგბადის გადამტანი ცილაა, რომლის სტრუქტურასაც ოთხი ურთიერთდაკავშირებული ცილოვანი მოლეკულა ქმნის.
დაბალი ჰემოგლობინი ცნობილი, როგორც ანემია, გავრცელებული დაავადებაა და ის, ძირითადად, ქალებში გვხვდება მენსტრუაციისა და მშობიარობის გამო. ანემიის დროს სისხლს აკლია რკინა და ჰემოგლობინი. დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ რკინით მდიდარი საკვები. ის ხელს უწყობს ჰემოგლობინის გამომუშავებასა და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას. რკინით მდიდარი საკვებია: ხორცი და თევზი, სოიის პროდუქტები, ჩირი, ბოსტნეული, ისპანახი, მწვანე ლობიო, თხილი, მიწის თხილის კარაქი.
ადამიანს დაბალი ჰემოგლობინის დონე შეიძლება, სხვადასხვა მიზეზის გამო ჰქონდეს: რკინის დეფიციტისგან გამოწვეული ანემიით, ორსულობით, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებით. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, როცა ჰემოგლობინის დონე ყველანაირი მიზეზის გარეშე იკლებს. აგრეთვე, ადამიანებს, რომელთაც ჰემოგლობინის დაბალი დონე აქვთ, შესაძლოა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეთ.
დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანს აღენიშნება: სწრაფი გულისცემა, ფერმკრთალი კანი ან ღრძილები, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, ხშირი და აუხსნელი სისხლჩაქცევები, ძლიერი თავის ტკივილები.
დაბალი ჰემოგლობინის გამომწვევი ფაქტორები: კიბო, რომელიც გავლენას ახდენს ძვლის ტვინზე, მაგალითად, ლეიკემია; რკინის ან ფოლიუმის დეფიციტი; თირკმლის ან ღვიძლის დაავადება; ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც არ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონებს; ფილტვის დაავადება; ზედმეტი მოწევა; დამწვრობა.
დაბალი ჰემოგლობინის მკურნალობა მის მიზეზზეა დამოკიდებული. თუ დაბალი ჰემოგლობინის მიზეზი მადის დაქვეითებაა, ექიმმა შეიძლება, შემოგთავაზოთ გარკვეული ცვლილებები კვებით რაციონში და მოგთხოვოთ რკინით მდიდარი პროდუქტების დიეტაზე გადასვლა. ანემიის მსუბუქი შემთხვევების დროს ექიმები გვირჩევენ რკინის პერორალურ დანამატებს და რკინის ინიექციებს. მძიმე ანემიის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება, გირჩიოთ სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა და ერითროპოეტინის მიღება. ერითროპოეტინი არის ჰორმონი, რომელიც ზრდის სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას. ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად, სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, უნდა ეცადოთ რეგულარულად ივარჯიშოთ, თავი აარიდოთ მოწევას და ალკოჰოლს, მოერიდოთ კოფეინის ჭარბ მოხმარებას, მიირთვათ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და დალიოთ საკმარისი წყალი.
გარკვეული საკვები პროდუქტები მდიდარია რკინით. სწორედ ამიტომ ისინი საუკეთესო არჩევანია დაბალი ჰემოგლობინის სამკურნალოდ.
საკვები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს რაციონში: მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და სალათის ფურცლები; ბრინჯი, უმჯობესია, ყავისფერი ბრინჯი; ავოკადო, თირკმლის ლობიო, არაქისი, შავთვალა ბარდა, კვერცხი, კრევეტები.
თქვენ შეგიძლიათ, გაზარდოთ ორგანიზმის რკინის შეწოვის უნარი C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებით, როგორიცაა: ციტრუსი – ლიმონი და ფორთოხალი, მარწყვი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ღვიძლი.
თქვენი რაციონი ასევე, უნდა შეიცავდეს A ვიტამინს და ბეტა-კაროტინს. რკინის შეწოვას ხელს უწყობს ისეთი საკვები, როგორიცაა მანგო, სტაფილო და ტკბილი კარტოფილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





