მედიცინა

როგორ ვუშველოთ მაღალ ტემპერატურას

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.11, 2021 წელი

მაღალი ტემპერატურა
დაკოპირებულია

როგორც წესი, ტემპერატურის მატება ბავშვზე მეტად ხშირად გამოუცდელ მშობლებს აწუხებთ. ნუ შეშინდებით, გახსოვდეთ, რომ ცხელების დროს წამალი ყოველთვის არ არის აუცილებელი. მაგალითად, 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის დაწევა ზედმეტია, თუ ბავშვს არასოდეს ჰქონია გულყრა მაღალი სიცხის დროს ან მაინცდამაინც არ აწუხებს სიცხე.

სიცხის დროს ნუ ჩააცმევთ ბავშვს თბილად, პირიქით, გააგრილეთ, რათა სხეულმა უფრო იოლად გასცეს სითბო და ტემპერატურამ დაიკლოს. ამისთვის ბავშვი შეიძლება ოთახის ტემპერატურის წყლით დაზილოთ, გაამშრალოთ და გრილად ჩააცვათ. ნუ დაზელთ არყით ან სპირტით – ამან, შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

სიცხის დროს ბავშვს ჩვეულებრივზე მეტი სითხე ასვით (თუ ჯერ მხოლოდ ბუნებრივ კვებაზეა, უფრო ხშირად აწოვეთ ძუძუ), მაგრამ ნუ მისცემთ კოფეინიან სასმელებს – მათ შარდმდენი მოქმედება ახასიათებს და შესაძლოა, დეჰიდრატაცია გაამწვავოს. თუ სიცხეს თან ახლავს ღებინება ან დიარეა, საჭიროა სარეჰიდრატაციო ხსნარების მიცემაც. რაც შეეხება კვებას, მიეცით ნება, ჭამოს, რაც სურს, მაგრამ ნუ დააძალებთ.

ეცადეთ, ბავშვმა კარგად დაისვენოს. მთელ დღეს საწოლში წოლას ნუ მოსთხოვთ, მაგრამ აჯობებს, შეძლებისდაგვარად ხშირად წამოწვეს და არ იცელქოს.

აუცილებლად უნდა გაანიავოთ ოთახი.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს:

👉 თუ სახლის პირობებში სამდღიანი მკურნალობის შემდეგ ტემპერატურა არ იკლებს.

👉 ტემპერატურა, თუნდაც დაბალი, გრძელდება 7 დღის განმავლობაში.

👉 თუ ტემპერატურას თან ახლავს გამონაყარი, თავის ტკივილი, პირღებინება, სიფერმკრთალე.

👉 თუ ტემპერატურა არის 39,5 ან მეტი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

👉 თუ წამლის მიღების შემდეგ 30 წუთში ტემპერატურა არ დაიწყებს კლებას.

👉 თუ თქვენი პატარა 3 თვეზე მცირე ასაკისაა და ექნება სიცხე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი