რა უნდა ვიცოდეთ ფეხების შეშუპებაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 45 წუთის წინ
ფეხების შეშუპება საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. მართალია, ზოგჯერ ის მხოლოდ ფეხზე დიდხანს დგომის ან ცხოვრების მჯდომარე წესის შედეგია, მაგრამ მედიცინაში მას მნიშვნელოვან კლინიკურ სიმპტომად განიხილავენ, რომელიც შესაძლოა, ორგანიზმში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებზე მიანიშნებდეს. შეშუპება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ქსოვილებში ჭარბი სითხე გროვდება. ზოგჯერ ის მხოლოდ ტერფებსა და წვივებზეა ლოკალიზებული, ზოგჯერ მთელ ქვედა კიდურს მოიცავს. ექიმს უნდა შეეძლოს, ერთმანეთისგან განასხვაოს მისი გამომწვევი მდგომარეობები. სწორი დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ცალმხრივია შეშუპება თუ ორმხრივი, ახლავს თუ არა თან ტკივილი, კანის ფერის ცვლილება ან სუნთქვის გაძნელება.
იმის გასაგებად, რამდენად საშიშია ფეხების შეშუპება, უპირველეს ყოვლისა, მისი გამომწვევი ფაქტორის იდენტიფიცირებაა საჭირო. შეშუპების მიზეზების სპექტრი საკმაოდ ფართოა – უწყინარი დაღლილობიდან სერიოზულ ორგანულ დაზიანებებამდე. ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მაინც ისეთი ცხოვრების წესი მიიჩნევა, რომელიც დიდხანს ჯდომას (მაგალითად, ფრენისას) ან დგომას მოითხოვს. პრობლემას ამწვავებს ჭარბი წონა და მჭიდრო ტანსაცმელი – ზედმეტად ვიწრო ჯინსები ან წინდები, რომლებიც ხელს უშლის სითხის თავისუფალ ცირკულაციას. აქვე უნდა ითქვას, რომ ფეხების შეშუპება ორსულობასაც ახასიათებს – ამ დროს ფიზიოლოგიური ცვლილებები ბუნებრივად განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული შეშუპება შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობამ (როდესაც ორგანო სისხლს ეფექტურად ვეღარ ტუმბავს) და ვენების ქრონიკულმა უკმარისობამ. ამ დროს ზიანდება ვენებში არსებული სპეციალური სარქველები, რომლებიც სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით – გულისკენ ატარებს და ხელს უშლის მის უკან დაბრუნებას. როდესაც სარქველები ფუნქციას კარგავს, სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, სისხლძარღვებში წნევა იმატებს და სითხე ქსოვილებში ჟონავს.
კიდევ უფრო საყურადღებოა ღრმა ვენების თრომბოზი და თრომბოფლებიტი, რომლის დროსაც სისხლძარღვში არსებული თრომბი სისხლის ცირკულაციას აბრკოლებს.
ორგანიზმში სითხისა და ცილების ბალანსის დარღვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები. თირკმლის მწვავე თუ ქრონიკული უკმარისობა, ისევე როგორც ნეფროზული სინდრომი, იწვევს ფილტრაციის პროცესის მოშლას და სასიცოცხლო ცილების კარგვას, ასეთივე ეფექტი აქვს ღვიძლის ციროზსაც, რომელიც ერთდროულად აფერხებს სისხლის მიმოქცევასაც და ცილების წარმოქმნასაც.
სურათი განსხვავებულია ანთებითი პროცესებისა და ტრავმების დროს. აქ შეშუპება, წესისამებრ, ლოკალიზებულია და თან ახლავს ტკივილი. მიზეზთა ამ ჯგუფში შედის ინფექცია (მაგალითად, ცელულიტი), მოტეხილობა, აქილევსის მყესის გაწყვეტა, დამწვრობა, ასევე – სახსრების დაავადებები: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ბეიკერის ცისტა.
ხშირად მიზეზი მედიკამენტურ და ჰორმონულ ფაქტორებშია საძიებელი. ზოგიერთი წამლის თანმხლები ეფექტი სწორედ სითხის შეკავებაა. ასეთი რამ ახასიათებს პოპულარულ ტკივილგამაყუჩებლებს (იბუპროფენს, ნაპროქსენს), წნევისა და დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს, ჰორმონულ და ქიმიოთერაპიულ საშუალებებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ლიმფური სისტემის პათოლოგიები, კერძოდ, ლიმფედემა, როდესაც ლიმფური სადინარების ბლოკირების გამო ქსოვილებში ცილებით მდიდარი სითხე გროვდება, ძილის აპნოე (სუნთქვის შეფერხება ძილის დროს), რომელიც გავლენას ახდენს გულზე, ალერგიული რეაქციები, რომელთა დროსაც ჰისტამინის გამოყოფა კაპილარების შეღწევადობას ზრდის. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ: შეშუპება განვითარდა სწრაფად, რამდენიმე საათში; შეშუპებული კიდური შეხებისას მტკივნეულია; შეშუპებული არე ცხელია; განვითარდა ქოშინი ან ჰაერის უკმარისობა; დაგეწყოთ სისხლიანი ხველა; მხოლოდ ცალი ფეხია შესივებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





