რა უნდა ვიცოდეთ B ჰეპატიტზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
B ჰეპატიტი ანთროპონოზული ვირუსული ინფექციაა, ანუ მხოლოდ ადამიანს ხვდება. მისი გამომწვევია დნმ-შემცველი ჰეპადნავირუსი. B ვირუსი საკმაოდ გამძლეა გარე ფაქტორების მიმართ. 150 გრადუსზე მშრალი ორთქლით სტერილიზაციის დროს ის 60 წუთში კვდება, ხოლო დუღილისას – 45 წუთში. B ჰეპატიტი ან მწვავე, ან ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. შემთხვევათა 90% მწვავეა, 10% – ქრონიკული. ინფექციის წყარო შეიძლება, იყოს როგორც B ჰეპატიტის მწვავე ან ქრონიკული ფორმით დაავადებული ადამიანი, ისე ვირუსმატარებელიც. მწვავე B ჰეპატიტის დროს ვირუსი გამოვლენამდე 3-8 კვირით ადრე ჩნდება დაავადებულის სისხლში და ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც საკმაოდ დიდხანს რჩება.
ინფექციის გადაცემის მექანიზმი პარენტერალურია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვლელად), გადაცემის გზა კი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურიც. ბუნებრივია სქესობრივი და პერინატალური გზები (ეს უკანასკნელი გულისხმობს ვირუსის გადაცემას დედისგან შვილზე მშობიარობისას ან საკეისრო კვეთისას). ხელოვნური გზა გულისხმობს ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას, მაგრამ ამჟამად ის ნაკლებაქტუალურია. დღეს B ჰეპატიტი უმთავრესად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად მიიჩნევა, განსაკუთრებით – ჰომოსექსუალებში. დაავადებულთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიური (16-დან 35 წლამდე) ასაკის მამაკაცია.
B ჰეპატიტი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: სიყვითლით, უსიყვითლოდ და სუბკლინიკურად (სწორედ ამ უკანასკნელს ვუწოდებთ ვირუსმატარებლობას).
სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. ცალკე გამოვყოფთ B ჰეპატიტის ელვისებურ, ფულმინანტურ ფორმას, რომელსაც 24-48 საათში ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. ის დაავადებულთა 1%-ს უვითარდება. სიყვითლით მიმდინარე ფორმის დროს სიყვითლის წინა პერიოდი ერთ თვემდე გრძელდება. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ცხელება (37-38 გრადუსამდე), წვრილი და მსხვილი სახსრების ტკივილი, რომელიც უპირატესად ღამღამობით, მოსვენებისას იჩენს თავს (სახსრები ამ დროს შეწითლებული არ არის). ართრალგიური სიმპტომების დროს ავადმყოფი უჩივის წელის, კუნთების, ძვლების ტკივილს. ამავე პერიოდში შეიძლება, განვითარდეს გრიპისმაგვარი ან დისპეფსიური (კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა) მოვლენებიც. დაავადების მე-4–მე-6 დღიდან ღვიძლი დიდდება. იშვიათად კი დაავადება ზემოთ აღწერილი ნიშნების გარეშეც იწყება. სიყვითლის გამოვლენა თვითშეგრძნების გაუმჯობესებას არ იწვევს. დაავადების ყველა ნიშანი ნარჩუნდება. სიყვითლე 3-4 კვირიდან ორ თვემდე გრძელდება. დაავადების სიმძიმეს განსაზღვრავს ინტოქსიკაცია და კლინიკურ-ბიოქიმიური მაჩვენებლები. რაც შეეხება B ჰეპატიტის უსიყვითლო ფორმას, ამ დროს გამოხატულია ღვიძლის ანთების ყველა ნიშანი, გარდა სიყვითლისა. დაავადების დიაგნოზი ისმება ეპიდემიოლოგიური მონაცემების (დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების, მაგალითად, საპარსის გამოყენება და სხვა) და სისხლის შრატში ტრანსამინაზების (ALT, AST) მომატების მიხედვით. სუბკლინიკური ფორმის შემთხვევაში კი დაავადების კლინიკური სიმპტომოკომპლექსი არ ვლინდება. შესაბამისად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





