როგორ დავარეგულიროთ მაღალი არტერიული წნევა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.12, 2023 წელი

ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები ხშირად აღემატება, 140/90-ს გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა, ჰიპერტენზიის მკურნალობისას, ყველა შემთხვევაში, კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ამ დროს დიეტა, ძირითადად, დაბალანსებული უნდა იყოს, რაციონი უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას.
არის პროდუქტები, რომლებიც ჰიპერტენზიის დროს აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, ეს არის სადილის მარილი, ცხოველური ცხიმები და ნახშირწყლები – ძირითადად, ტკბილეული.
მარილის დღიური ნორმა შეიძლება, იყოს 3-5 გრამი, ანუ, ჩაის კოვზზე ნაკლები, მაგრამ თუ არის თირკმლის პათოლოგია, გულის უკმარისობა ან სხვა რისკფაქტორები, მაშინ მარილი მთლიანად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.
რაციონი უნდა იყოს გამდიდრებული კალიუმის, მაგნიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტებით, ასეთია ზღვის პროდუქტები.
ჰიპერტენზიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დღის განმავლობაში მიიღოს, მინიმუმ, ლიტრ-ნახევარი სითხე, წვნიანი კერძების ჩათვლით. სითხის მიღება გადანაწილებული უნდა იყოს დღის განმავლობაში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებად.
თუ გაწუხებთ თირკმლის ან გულის უკმარისობა, რაციონიდან სრულად უნდა ამოიღოთ მწნილი და მსგავსი სახის დაკონსერვებული პროდუქტები.
ჰიპერტენზიის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, ბოსტნეულიდან, ძირითადად, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, გოგრა; კვირაში ერთხელ ან ორჯერ დასაშვებია კვერცხის მიღება. აუცილებელია ბოსტნეული და მწვანილი. რძის პროდუქტებიდან დასაშვებია უცხიმო რძე, მაწონი, ხაჭო კეფირი, უმარილო ყველი, მაგრამ შეზღუდულია არაჟანი, ნაღები და ნაყინი. დასაშვებია ნებისმიერი ხილის მიღება. აუცილებელია ბოსტნეული და მწვანილი.
თუ მიდრეკილი არ ხართ ჭარბი წონისკენ, ასევე, ნებადართულია შვრიის, წიწიბურას, მაკარონის ფაფები.
გთავაზობთ, მცენარეულ რეცეპტებს, რომელიც დაგეხმარებათ მაღალი არტერიული წნევის დარეგულირებაში:
1 სადილის კოვზი კამის თესლი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ მთელი ღამით. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზი.
შეურიეთ ერთმანეთში ოხრახუშისა და სტაფილოს წვენი, შეფარდებით – 1:3. მიიღეთ დღეში სამ–ოთხჯერ 1 სადილის კოვზი.
ერთ სავსე სადილის კოვზ ვარდკაჭაჭას ფესვს დაასხით ერთ-ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე. რომ ადუღდება ცეცხლი გამორთეთ და ასე გააჩერეთ 5 წუთი. დადგით სითბოში 4 საათის განმავლობაში. დალიეთ მცირე ყლუპებით დღეში 1-1,5 ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა – 10–12 დღე.
აიღეთ 40 გრამი კალენდულას ყვავილედი და 30 გრამი კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
გამოწურეთ ჭარხლის წვენი, გააჩერეთ მაცივარში, მინიმუმ, 2 საათი და მიიღეთ ჭიქის მესამედი ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.
1 სადილის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა წყალი, აადუღეთ ორჯერ და გააჩერეთ ორთქლზე 3 საათი. გააცხელეთ და დალიეთ ჩაის სახით დღის განმავლობაში. ამ დროს ჯობს, არ მიიღოთ ხორცეული.
2 სადილის კოვზ შავი მოცხარის მშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში ოთხჯერ.
20 გრამ ხმელ დაქუცმაცებულ კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 30 წუთი, გადაწურეთ და შეავსეთ წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან