მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ თავის ტკივილზე

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

თავის ტკივილი
დაკოპირებულია

თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ის ნევროლოგიური სიმპტომების ტოპ-სამეულში შედის. თავის ტკივილის შესამსუბუქებლად და მის სამართავად უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ მათი სწორად გამოყენება რომ შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, რა წარმოშობისაა, რა ტიპისაა თავის ტკივილი.

პირველადი თავის ტკივილი

პირველად თავის ტკივილს იწვევს ტკივილისადმი მგრძნობიარე სტრუქტურების მომატებული აქტივობა ან დაზიანება. ტკივილის განვითარებაში თავის როლს ასრულებს თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები, თავის ქალაზე არსებული ნერვები და სისხლძარღვები, თავისა და კისრის კუნთები, გენეტიკა.

პირველადი თავის ტკივილის ნაირსახეობებია:

* კლასტერული თავის ტკივილი;

* შაკიკი;

* დაძაბულობის თავის ტკივილი;

* ტრიგემინული (სამწვერა) ავტონომიური ცეფალალგია.

სიტყვა „პირველადი“ ნიშნავს, რომ თავის ტკივილი სხვა დაავადებისგან დამოუკიდებლად ვითარდება, მაგრამ ისიც შესაძლოა, მისი თითოეული ნაირსახეობა სხვა დაავადების სიმპტომად მოგვევლინოს. ასეთია, მაგალითად, ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი, ხველისმიერი, ვარჯიშისმიერი, სქესობრივი აქტივობით გამოწვეული თავის ტკივილი. პირველადი თავის ტკივილის აღმოცენების მიზეზად შესაძლოა იქცეს ალკოჰოლი, განსაკუთრებით – წითელი ღვინო, შაშხი, ლორი და სხვა ისეთი ხორცპროდუქტები, რომელთა წარმოებაში გამოყენებულია ნიტრატები; ძილის დარღვევა, ძილის უკმარისობა; არასწორი პოზა, რომლის დროსაც იძაბება ზურგი, კისერი და მხრები; კვების გამოტოვება; სტრესი.

მეორეული თავის ტკივილი

მეორეული თავის ტკივილი ვითარდება, როდესაც შინაგანი ან გარეგანი ფაქტორები ააქტიურებს თავის ტკივილისადმი მგრძნობიარე ნერვებს. ამ ფაქტორთა ჩამონათვალშია: დეჰიდრატაცია; ჩაფხუტის ან სათვალის ზეწოლა; მწვავე სინუსიტი; გრიპი ან სხვა ვირუსული ინფექცია; შუა ყურის ანთება, ოტიტი; სტომატოლოგიური პრობლემები; ძალიან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია); პანიკის შეტევა, პანიკური აშლილობა; გლაუკომა; მენინგიტი, ენცეფალიტი, ტვინის შერყევა, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა; ინსულტი, თრომბოზი, ანევრიზმა, არტერიოვენური მალფორმაცია; თავის ტვინის სიმსივნე; სამწვერა ნერვისა და სახის სხვა ნერვების ნევრალგია; ტოქსოპლაზმოზი; ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა; ზოგიერთი მედიკამენტი. გარდა ამისა, არსებობს ნაყინის თავის ტკივილი, ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილი, თავზურგტვინის სითხის წნევის ან მოცულობის შემცირებით გამოწვეული თავის ტკივილი, ჭექა-ქუხილის თავის ტკივილი...

როგორ ამოვიცნოთ

თავის ტკივილის ხასიათი რომ განვსაზღვროთ, უნდა დავაკვირდეთ: როგორია მისი ხასიათი (მფეთქავი, უწყვეტი, ყრუ, მკვეთრად გამოხატული, მძაფრი); როგორია მისი ინტენსივობა (გვიშლის თუ არა ხელს მუშაობაში, დაძინებაში, ხომ არ გვაღვიძებს); სად არის ლოკალიზებული (მთელ თავში, თავის ცალ მხარეს, კეფაზე, შუბლზე, თვალების უკან).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან გვერდით მყოფ ადამიანს გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი:

* უეცარი ძალიან ძლიერი თავის ტკივილი;

* თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ცხელება, კისრის რიგიდულობა (დაჭიმულობა), გონების არევა, კრუნჩხვა, მხედველობის გაორება, სისუსტე, დაბუჟება ან მეტყველების დარღვევა;

* ტკივილი თავის ტრავმის შემდეგ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ტკივილი ძლიერდება);

* ქრონიკული თავის ტკივილი, რომელიც იმატებს ხველების, ფიზიკური დატვირთვის, გაჭინთვის, უეცარი მოძრაობის დროს;

* ძლიერი თავის ტკივილი, რომელმაც პირველად 50 წლის შემდეგ იჩინა თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი