როგორ შეგვიძლია კატარაქტის პრევენცია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ჯანსაღი საკვები რაციონი – კვლევებით დასტურდება, რომ C და E ვიტამინის, ლუტეინისა და ზეაქსანტინის შემცველი საკვები ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას.
C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა, არის ანტიოქსიდანტი, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება თვალში. მეცნიერების თანახმად, დღეში 300 მილიგრამი C ვიტამინის მიღება საგრძნობლად ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს. C ვიტამინს შეიცავს ციტრუსი, კენკრა, კივი, ბულგარული წიწაკა, კომბოსტოს ნაირსახეობა (ბროკოლი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო).
E ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტი, რომელიც თვალს იცავს საზიანო ქიმიური ნივთიერებებისგან. E ვიტამინს შეიცავს ნუში, თხილი, მიწის თხილი, მზესუმზირისა და გოგრის თესლები, ბოსტნეულის ზეთები, ისპანახი, ავოკადო.
ლუტეინი და ზეაქსანტინი არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც თვალს იცავენ მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებისა და მავნე ცისფერი სინათლისგან. ეს ნივთიერებები ასოცირებულია ქრონიკული თვალის დაავადებების შემცირებულ რისკთან. ამასთან, ამ ნივთიერებების დაბალი დონე დაკავშირებულია კატარაქტის განვითარებასთან. დღეში 6-20 მილიგრამი ლუტეინისა და ზეაქსანტინის მიღება ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. ლუტეინსა და ზეაქსანტინს შეიცავს ისპანახი, ოხრახუში, ფსტა, ბარდა, კვერცხის გული, სიმინდი, შავი ყურძენი. ლუტეინიცა და ზეაქსანტინიც კაროტინოიდებს მიეკუთვნებიან და ცხიმთან ერთად უკეთ შეიწოვება, შესაბამისად, ასეთი საკვების მიღებისას უმჯობესია მათი ზეითუნის ზეთთან ან ავოკადოსთან ერთად მირთმევა.
მოწევის შეწყვეტა – მოწევა სერიოზული რისკფაქტორია მრავალი დაავადების განვითარებისთვის, რომელთა შორის არის კატარაქტა. მოწევა ზრდის თვალში არსებული თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რაც აზიანებს ბროლს და ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას. ანტიოქსიდანტები აუვნებლებენ თავისუფალ რადიკალებს, თუმცა მოწევას შეუძლია ანტიოქსიდანტების განადგურება და თვალისათვის საზიანო ტოქსინების წარმოქმნა, ამიტომ მოწევის შეწყვეტა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ალკოჰოლის მოხმარების შემცირება – კვლევების თანახმად, ჭარბი ალკოჰოლის მიღება ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს. ალკოჰოლი ზრდის ორგანიზმის ანთებით პასუხსა და თვალებში თავისუფალი რადიკალების რაოდენობას. ამასთან ერთად, ალკოჰოლს შეუძლია ორგანიზმის დეჰიდრატაცია, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ბროლის შემადგენელ ცილებზე. ალკოჰოლის შემცირება არ გულისხმობს კვების რაციონიდან მის ამოღებას – დღეში ერთი ჭიქა საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის შენარჩუნება – დიაბეტით დაავადებული ადამიანები კატარაქტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ამ რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის რეგულირება.
მზის სათვალის გამოყენება – მზის სათვალე იცავს თვალებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგთან რეგულარულად ვიზიტი და თვალის სრული გამოკვლევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





