მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ პირის ღრუს კიბო

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.10, 2023 წელი

პირის ღრუს კიბო
დაკოპირებულია

პირის ღრუს კიბო არის სიმსივნე, რომელიც რბილ ქსოვილებში ვითარდება – ენაზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, სასაზე, ტუჩებზე ან ღრძილებზე. სიმსივნე შეიძლება, ისეთ უბანში იყოს ლოკალიზებული, სადაც მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდეს.

სიმპტომები შეიძლება, მრავალფეროვანი იყოს, შეუხორცებელი წყლულების ჩათვლით. თუმცა ყველაზე მეტად ყურადღება უნდა მივაქციოთ ხანგრძლივად არსებულ კვანძებს პირის ღრუსა და კისრის მიდამოში, კბილების მორყევას.

ასევე, საყურადღებოა დაბუჟებული ან მგრძნობელობა დაკარგული უბნის გაჩენა ტუჩზე ან ენაზე, მეტყველებაში ცვლილებები. ასეთი ნიშნების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის წყლულები, რომელიც 3 კვირის განმავლობაში არ ხორცდება. მტკივნეული წყლული, ასევე, შეიძლება კიბოს ნიშანს წარმოადგენდეს.

ასევე, განსაკუთრებით საყურადღებოა ენის გამოკვლევა - უნდა გაისინჯოს ენის ორივე გვერდითი ზედაპირი და პირის ღრუს ფსკერი. თეთრი ან წითელი ბალთები, კვანძები, დაქვეითებული შეგრძნების უბნები – ეს ის ცვლილებებია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

რეკომენდებულია ლოყის ლორწოვანი გარსისა და ენის გვერდითი ზედაპირების დათვალიერება სარკის წინ კვირაში ერთხელ. ყურადღება მიაქციეთ ლორწოვანის შეფერილობის ნებისმიერ ცვლილებას.

უჩვეულო კვანძები – ლოყის სისქეში შეიძლება არსებობდეს კვანძები, რომელიც ვიზუალურად არ ჩანს. გასინჯვის დროს ცერა და საჩვენებელ თითს შორის მოაქციეთ ლოყის გარეთა და შიგნითა ზედაპირები. უმჯობესია გამოკვლევა ორივე მხარეს ერთდროულად ჩატარდეს, ორივე ლოყის სისქის უკეთ შედარების მიზნით. თუ უჩვეულო შემაგრებებს ან კვანძებს აღმოაჩენთ, მიმართეთ ექიმს.

პირის ღრუს კიბოს ყოველთვის ახლავს შეშუპება. მისი აღმოჩენა თითებით გასინჯვით არის შესაძლებელი. გაისინჯეთ თითებით ქვედა ყბისქვეშა მიდამო და ყელი, შეადარეთ ორივე მხარე ერთმანეთს. ასიმეტრიისა და ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ხმის ჩახლეჩა შეიძლება, პირის ღრუს კიბოს უკავშირდებოდეს, თუმცა ზამთრის სეზონური ვირუსების პერიოდში აღნიშნული სიმპტომი ხშირად გვხვდება. ასეთი სიმპტომის უმიზეზოდ გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კბილების მორყევა, ისევე როგორც კბილის ამოღების შემდეგ კბილბუდის შეხორცების შეფერხება, შეიძლება პირის ღრუს კიბოს ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

კვანძების, ბალთების, შეშუპებისა და სხვა ცვლილებების გამოსავლენად ზემოთ აღწერილი მარტივი თვითგამოკვლევითა და დათვალიერებით ადვილადაა შესაძლებელი ენის, ლოყების, ღრძილების, სასის, ნუშურა ჯირკვლების, ტუჩების, პირის ღრუს ფსკერისა და კისრის შემოწმება. საეჭვო სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი