როდის არის ფეხების შეშუპება საშიში და როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.02, 2022 წელი

ფეხების შეშუპება ნამდვილად საყურადღებოა, ამიტომ ასეთ დროს თუ შეგაწუხებთ ტკივილი გულის მიდამოში, რომელიც გრძელდება 5–10 წუთზე მეტხანს, სუნთქვის გაძნელება, გულის წასვლის ან თავბრუსხვევის შეგრძნება, გონების არევის ან გათიშვის მომენტი, ასევე, თუ ფეხების შეშუპება დაკავშირებულია ფიზიკურ ტრავმასთან, როგორიცაა, ჩამოვარდნა, სპორტული ტრავმა ან სატრანსპორტო შემთხვევა, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის ან თირკმელების დაავადება და ფეხების შეშუპება გაიზარდა, გაქვთ ღვიძლის დაავადება და შენიშნეთ, რომ გაგიჩნდათ შეშუპება ფეხებში ან მუცლის მიდამოში ან ფეხების შეშუპებასთან ერთად გაქვთ ცხელება, შეშუპებული ფეხები წითელი ან ცხელია შეხებისას, ხართ ორსული და გაქვთ ფეხის საშუალოზე მეტი შეშუპება ან შეშუპების უეცარი ზრდა.
გაითვალისწინეთ, ფეხების შეშუპება ჩვეულებრივი პრობლემაა მოხუც ადამიანებში.
ფეხების შეშუპებას იწვევს გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების და სხვა დაავადებები. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის უკმარისობის დროს, ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად, ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი;ა
თირკმელების დაავადებების დროს მთელი სხეულია შეშუპებული, რასაც შარდთან ერთად ცილა ალბუმინის კარგვა განაპირობებს.
შეშუპების მიზეზია ასევე ღვიძლის დაავადებები.
ვენების ქრონიკული უკმარისობა – ვენების სარქველების დაზიანების გამო ვენურ სისხლს უჭირს გულისკენ გადინება, რაც იწვევს ქვემო კიდურების შეშუპებას.
ზოგჯერ ფეხების შეშუპებას იწვევს:👇
მედიკამენტები – დეპრესიის, არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი, ტესტოსტერონი, აგრეთვე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები.
პერიკარდიტები – ერიკარდიუმი გულის პერანგია, ის გულის შეკუმშვათა პარალელურად იკუმშება და იშლება. მისი დაზიანებისას გულს უძნელდება ნორმალური შეკუმშვა, ამიტომ სისხლი ჯერ კისრის ვენებში, შემდეგ მუცელში, ბოლოს კი ქვედა კიდურებში გუბდება.
ორსულობა – მოცულობაში მომატებული საშვილოსნო აწვება სისხლძარღვებს ტანის ქვემო ნაწილში, რაც იწვევს სისხლის მოძრაობის შეფერხებას და ქვედა კიდურების შეშუპებას.
თრომბოფლებიტი და ღრმა ვენების თრომბოზი – ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებასა და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. გულის უკმარისობისგან განსხვავებით, ფლებიტის დროს აღინიშნება ტკივილი და მხოლოდ ცალი კიდურის შეშუპება.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – შეშუპებას, ისევე როგორც თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ალბუმინის დეფიციტის დაბალანსების მცდელობა იწვევს.
მდგომარეობის შესამსუბუქებლად:
👉 როდესაც წამოწვებით ფეხების ქვემოთ დაიდეთ ბალიში, რომელიც შეამსუბუქებს შეშუპებას,
👉თუ თქვენ გიწევთ დიდხანს ჯდომა ან დგომა, ხშირად გაიარეთ და იმოძრავეთ. შეწყვიტეთ მოძრაობა მაშინ, როდესაც დაგეწყებათ ტკივილი;
👉 ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი;
👉 თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას;
👉 ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან