რა უნდა ვიცოდეთ ტაქიკარდიაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.12, 2023 წელი
თუ ადამიანის პულსი წუთში 100 დარტყმას აღემატება, საუბარია ტაქიკარდიაზე.
ეს შეიძლება, იყოს ფიზიოლოგიური პასუხი ვარჯიშზე, ემოციურ სტრესზე ან საჭმლის მონელების პროცესზე, მაგრამ ასევე, შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების ნიშანი.
ტაქიკარდიის სერიოზული გართულებებია სიცოცხლისათვის საშიში არითმიები, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და სიკვდილიც კი. გახანგრძლივებული ტაქიკარდია იწვევს გულის კუნთის დათრგუნვას, მის „დაღლილობას“, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მისი დეფორმაცია და დისფუნქცია.
ტაქიკარდია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
• ფსიქოემოციური სტრესი;
• ვარჯიშის სტრესი;
• კოფეინის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება;
• ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
• ანემია და ორგანიზმში რკინის ნაკლებობა;
• ინფექციები და ანთებითი დაავადებები;
• გულისა და სისხლძარღვების ფუნქციონირების დარღვევა: არითმიები, გულის კორონარული დაავადება, ჰიპერტენზია;
• მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
ტაქიკარდიამ შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუ, სისუსტე, გონების დაკარგვა, გულმკერდის ტკივილი და ქოშინი, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად გააუარესოს ცხოვრების ხარისხი.
ზოგჯერ აღინიშნება მაღალი პულსი და დაბალი წნევა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ, სისუსტე, გონების დაკარგვა და მძიმე შემთხვევებში გულის შეტევაც კი. ხშირად ამის მიზეზია დეჰიდრატაცია, ანემია, ალერგიული რეაქცია, გულის უკმარისობა, შოკი ან გარკვეული მედიკამენტების მიღება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისა და გულისცემის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის მონიტორინგი და იმ ფაქტორების თავიდან აცილება, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს გულისცემის გახშირება (სტრესი, კოფეინი, ალკოჰოლი). ამაში, ასევე, დაგეხმარებათ რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი დიეტა,
პროფილაქტიკა
• იკვებეთ ჯანსაღად;
• შეამცირეთ ან უარი თქვით თამბაქოზე, ენერგეტიკულ სასმელებზე, ალკოჰოლზე, ყავაზე;
• დააბალანსეთ სამუშაო და განტვირთვის საათები;
• დაიწყეთ ფიზიკური აქტივობა, მსუბუქი ვარჯიში, სეირნობა.
ზაფხულის პერიოდში კი მაღალი ტემპერატურის ზეგავლენისგან დასაცავად
• მოერიდეთ 12:00-იდან 16:00 საათამდე გარეთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნას;
• შეიმოსეთ ბუნებრივი ქსოვილის, გრილი, ღია ფერის ტანსაცმლით;
• თუ გიწევთ მზეზე ყოფნა/მუშაობა, აუცილებლად შეისვენეთ 15 წუთით ყოველ 30-40 წუთში ერთხელ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





