რა უნდა ვიცოდეთ სწორი ნაწლავიდან სისხლდენის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.11
ძლიერი, უხვი სისხლდენა სწორი ნაწლავის ზედა ნაწილში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს, თუმცა სისხლდენის ნამდვილი მიზეზის დადგენა მხოლოდ სპეციალისტის კომპეტენციაა, რამდენადაც უკვე არსებული ბუასილის ფონზეც შესაძლოა, განვითარდეს სხვა, მეტად სერიოზული პათოლოგიები, რომელთაც ასევე, ახასიათებთ სისხლდენა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.
სისხლდენის მიზეზები
სპეციალისტმა ანალური სისხლდენისას შესაძლოა, აღმოაჩინოს:
• სწორი ნაწლავის ფისტულა ან მისი ნაპრალი. ყაბზობისკენ მიდრეკილი ადამიანის სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში ჩნდება ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობა, რომელიც დეფეკაციისას მექანიკურად ზიანდება განავლოვანი მასებით და იწვევს სისხლდენას. ამასთან, ლორწოვანი გარსის გარდა, შესაძლოა, ზიანი ადგებოდეს როგორც ანალურ ხვრელს, ასევე, თავად სწორი ნაწლავის სფინქტერსაც;
• სწორი ნაწლავის დივერტიკული – პათოლოგია, რომელიც უპირატესად დამახასიათებელია საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის – ნაწლავში ჩნდება მოდუნებული, გამობურცული კედელი, ეგრეთ წოდებული, ჯიბეები, დივერტიკულები, რომლებშიც გროვდება განავლოვანი მასები, დეფეკაციისაც დივერტიკულები ზიანდება, ვითარდება ანთებითი პროცესები და ამ უბნებიდან იწყება სისხლდენა;
• სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს ნაწლავური ინფექციებისთვის დამახასიათებელი გახანგრძლივებული ფაღარათი სამი დღით და მეტი დროით;
• ანთებითი სისხლმდენი კერები და შესაბამისად, სისხლდენაც დამახასიათებელია წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადებისთვისაც;
• ნებისმიერი ზომისა და რაოდენობის პოლიპიც შეიძლება, მცირე თუ უხვი სისხლდენის მიზეზი გახდეს;
• სწორი ნაწლავის კიბოს ახასიათებს ფარული სისხლდენაც;
• ზოგჯერ ანალური სისხლდენა ტუბერკულოზსა და პარაზიტული ჭიებით ინვაზიასაც უკავშირდება.
დეფეკაციისას სისხლდენა შესაძლოა, იყოს როგორც ერთეული სიმპტომი, ასევე ახლდეს ორგანიზმში არსებული პრობლემების შესახებ სასიგნალო სხვა ნიშნებიც, როგორებიცაა:
• ტკივილი – უშუალოდ დეფეკაციისას, უნიტაზზე ჯდომისას, შეტევისმაგვარი ან თან სდევდეს სხეულის ტემპერატურის მატება;
• განავლოვან მასებში ლორწოს არსებობა;
• დიარეა;
• ყაბზობა;
• ადვილად დაღლა;
• წონის კლება;
• მადის დაქვეითება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ონკოლოგიური მიზეზით ანალური სისხლდენისას, პრაქტიკულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და განავალში სისხლი შეუმჩნეველი და დაფარულია. სიმსივნის არსებობაზე შესაძლოა, მიგვანიშნებდეს წონის მკვეთრი კლება, ადვილად დაღლა, სხეულის ტემპერატურის მცირედ მატება.
ერთჯერადი სისხლდენა
შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ყაბზობისადმი მიდრეკილმა ადამიანმა ერთჯერადად შეამჩნიოს სისხლდენა და ის აღარ განმეორდეს, ეს მიგვითითებს სფინქტერის დაზიანებაზე და ექიმთან ვიზიტი საჭირო არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან