ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 18 წუთის წინ
კითხვა: დილით, გაღვიძებისას თვალების გარშემო და სახეზე მაქვს მკვეთრი შეშუპება (დასიება), რომელიც შუადღისთვის გამივლის ხოლმე. გულს ხომ არ უნდა მივაქციო ყურადღება?
პასუხი: დილით შეშუპება, რომელიც სახეზე ვლინდება, უფრო ხშირად თირკმელების პრობლემებზე ან მარილის ჭარბ მიღებაზე მიანიშნებს. გულისმიერი შეშუპება, პირიქით, საღამოობით ვითარდება და იწყება ფეხებიდან (კოჭებიდან). საჭიროა შარდის საერთო ანალიზის გაკეთება და სისხლში კრეატინინის შემოწმება.
კითხვა: კატაფასტის ფხვნილის მიღება დღეში რამდენჯერ შეიძლება და რამდენ ხანს?
პასუხი: კატაფასტი (კალიუმის დიკლოფენაკი) სწრაფი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელია და მისი მიღება შეიძლება, დღეში 2-3-ჯერ (მაქსიმუმ, 150 მილიგრამი დღეში), მკაცრად – ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს. პრეპარატის ბოროტად გამოყენება მკვეთრად ზრდის არტერიულ წნევას, გულძმარვასა (რეფლუქსი) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკს.
კითხვა: მაინტერესებს სოიოს სამკურნალო თვისებები და რკინას თუ შეიცავს?
პასუხი: სოიო მდიდარია მცენარეული ცილით, ბოჭკოთი, იზოფლავონებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც შეიძლება ხელს უწყობდეს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და ძვლების სიმტკიცეს.
სოიო რკინასაც შეიცავს — 100 გრამ მოხარშულ სოიოში დაახლოებით 5 მილიგრამი რკინაა, თუმცა მცენარეული რკინა ორგანიზმში შედარებით ნაკლებად შეიწოვება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
დავით სილაგაძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





