რა უნდა ვიცოდეთ ყურიდან გამონადენზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა მოსალოდნელია გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთების ან დიფუზური ანთების, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების დროს. ჩირქოვანი გამონადენი დიდი რაოდენობით მკვდარ ლეიკოციტებს შეიცავს. ასეთი გამონადენი შეიძლება სხვადასხვა ფერისა იყოს: მოთეთრო-მოყვითალო, ყვითელი, იშვიათად – მომწვანოც. მომწვანო ფერი გამომწვევ მიკროორგანიზმთან არის დაკავშირებული. ჩირქოვანი გამონადენი შეიძლება იყოს თხელიც და სქელიც, სუნიანიც და უსუნოც. სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი დამახასიათებელია ქრონიკული ეპიტიმპანიტისთვის. ეს არის ქრონიკული ოტიტის რთული ფორმა, რომელსაც თან სდევს სასმენი ძვლების კარიესული დაშლა.
ყურიდან გამონადენი არასოდეს არ არის ნორმა, ის ყოველთვის დაავადებაზე მეტყველებს. ჩირქოვანი გამონადენიც საყურადღებო სიმპტომია – ეს ნიშანია, რომ აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგს მივმართოთ. თუმცა, ჩირქოვანი გამონადენის არსებობა შუა ყურის ანთების დროს, ერთი მხრივ, დადებითი მოვლენაც არის: ჩირქის გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ხდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერის დრენირება. უფრო საშიშია მდგომარეობა, როდესაც შემოფარგლულ სივრცეში, ნებისმიერ ადგილას, ყალიბდება ჩირქოვანი კერა. ყური კი ანატომიური თავისებურებების გამო ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: შუა ყურის (დაფის ღრუს) ზედა კედელი მხოლოდ თხელი ფირფიტით არის გამიჯნული ქალას შუა ფოსოსგან. ზოგჯერ აღნიშნულ ფირფიტას აქვს ხვრელები. ამ ხვრელების საშუალებით შესაძლოა, ინფექციური პროცესი თავის ტვინისკენ გავრცელდეს. რიგ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული მექანიზმით ვითარდება ყურისმიერი ქალასშიგა გართულებები. ასეთ გართულებათა შორისაა: მენინგიტი, ტვინის აბსცესი. შუა ყურის (დაფის ღრუს) უკანა კედელი ესაზღვრება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს, აქედან კი არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხეც. ინფექციის გავრცელება გამოიწვევს ანტრიტსა და მასტოიდიტს, რომლებიც ხშირად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. როდესაც ყურში არსებული ჩირქი გარეთა სასმენი მილით გარეთ გამოდის და ჩირქოვანი ინფექციის კერა იცლება, ინფექციური პროცესის თავის ტვინისაკენ გავრცელების საფრთხეც მცირდება.
ზოგჯერ, განსაკუთრებით – ბავშვთა ასაკში, აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, თუ დაფის აპკის მთლიანობა თავისთავად არ დაირღვა და ჩირქი არ გამოიყო, ხდება მისი პარაცენტეზი ანუ გაკვეთა. ამრიგად, მსგავს შემთხვევებში ჩირქის გამოყოფა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა. თუმცა ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან ნიშნავს, რომ არსებობს დაავადება, დაავადების არსებობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მისი გართულების რისკთან.
ქრონიკული ოტიტი ანუ ყურის ქრონიკული ანთება, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად, გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს. გამწვავებისას დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები მაქსიმალურად არის გამოხატული, ხოლო რემისიის დროს სიმპტომები თითქმის არ აღინიშნება. სწორედ გამწვავების მაჩვენებელია სხვა სიმპტომებთან ერთად ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა. რემისიის პერიოდში გამონადენი მცირდება, ზოგჯერ ქრება კიდეც, თუმცა ეს ქრონიკული ოტიტისგან განკურნებას არ ნიშნავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





