მედიცინა

რა არის დოფამინი და როგორ გამოვიმუშაოთ ის

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.10, 2022 წელი

დოფამინი
დაკოპირებულია

დოფამინი ტვინისთვის მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერებაა და ბევრ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს. ის განაპირობებს ისეთ შეგრძნებებს, როგორებიცაა ბედნიერება, სიამოვნება, ეიფორია, მოტივაცია, კონცენტრირების, შემეცნების, დასწავლის უნარი, განსაზღვრავს ქცევას, გუნება-განწყობას, აკონტროლებს ძილს, სხეულის მოძრაობას. როდესაც დოფამინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ადამიანი სიამოვნებას და სიხარულს განიცდის და სურვილი უჩნდება, კვლავ გაიმეოროს ესა თუ ის ქცევა. ამის საპირისპიროდ, დოფამინის დონის დაწევისას იკლებს მოტივაცია და ენთუზიაზმი და ადამიანს აღარ ახარებს ის, რაც წინათ სიხარულს ანიჭებდა.

როგორ ამოვიცნოთ დოფამინის უკმარისობა?

დოფამინის დეფიციტს თან სდევს:

👉ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;

👉 მოტივაციის დაქვეითება;

👉 სიზარმაცე;

👉ძილის რეჟიმის დარღვევა;

👉 სისუსტე;

👉 მოუსვენარი ფეხების სინდრომი;

👉მეხსიერების გაუარესება;

👉კონცენტრირების უნარის დარღვევა;

👉იმპულსური ან მავნე ქცევა;

👉კოფეინზე ან სხვა სტიმულატორებზე დამოკიდებულება;

👉 წონის მატება.

დოფამინის უკიდურესი დეფიციტი, რომელიც პარკინსონის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, განაპირობებს მოძრაობის უნარის შეზღუდვას, კუნთების სიხისტეს და კანკალს.

მიიღეთ ბევრი ცილა

ცილები შედგება ამინმჟავებისგან. არსებობს 23 ამინმჟავა, რომელთა ნაწილს თავად ორგანიზმი წარმოქმნის, ნაწილს კი საკვებიდან ვიღებთ. ერთი მათგანი, თიროზინი, გადამწყვეტ როლს ასრულებს დოფამინის სინთეზში.

დოფამინი შეიძლება სხვა ამინომჟავისგან – ფენილალანინისგანაც წარმოიქმნას. თიროზინიც და ფენილალანინიც მოიპოვება ცილებით მდიდარ საკვებში: ინდაურისა და ძროხის ხორცში, კვერცხში, რძის ნაწარმში, სოიაში, ბანანში, პარკოსანი მცენარეების ნაყოფში.

შეზღუდეთ საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმების შემცველობა

ნაჯერი ცხიმები – ქონი, კარაქი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, ქოქოსისა და პალმის ზეთის ჭარბი მიღებისას არღვევს თავის ტვინში დოფამინური სიგნალების გადაცემას.

შეზღუდეთ შაქარი

შაქარი, ისევე როგორც ალკოჰოლი და ნარკოტიკი, ამცირებს ტვინში დოფამინის მარაგს და იწვევს ეიფორიას. დოფამინის დონის დაქვეითება კი შაქარზე დამოკიდებულებას განაპირობებს. შაქრის შეზღუდვა ორგანიზმს ტვინში დოფამინის დონის აღდგენაში ეხმარება.

საკმაო დრო გაატარეთ მზეზე

ზამთრობით ადამიანები ცოტა დროს ატარებენ მზეზე, ამიტომ უფრო ხშირად ეუფლებათ მოწყენილობა და დეპრესია. ცნობილია, რომ მზის სხივების უკმარისობა ამცირებს განწყობაზე მოქმედი ნივთიერებების, მათ შორის დოფამინის, გამოყოფას.

ივარჯიშეთ

ვარჯიში მაღლა სწევს ენდორფინების დონეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ეს შესამჩნევი ხდება ვარჯიშის დაწყებიდან 10 წუთში, თუმცა მაქსიმალური ეფექტის გამოვლენას, სულ მცირე, 20 წუთი სჭირდება.

კარგად გამოიძინეთ

ტვინში დოფამინის გამოყოფისას ადამიანი სიფხიზლესა და მხნეობას გრძნობს. რეგულარული და ჯანსაღი ძილი დოფამინის დონეს აბალანსებს და ადამიანი დღის განმავლობაში უფრო მხნე და აქტიურია.

ძილის ეროვნული ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია 7-9-საათიანი ძილი და ძილის ჰიგიენის დაცვა, რაც გულისხმობს დაძინებას და გაღვიძებას ერთსა და იმავე დროს, საძინებელში ხმაურის შემცირებას, საღამოს საათებში კოფეინის შეზღუდვას.

უსმინეთ მუსიკას

მუსიკის მოსმენა ტვინში დოფამინის გამომუშავების ერთ-ერთი სახალისო გზაა. ტვინის გამოსახულებითი კვლევების ანალიზით დაადგინეს, რომ მუსიკა ააქტიურებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მხიარულებასა და სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი და რომლებშიც უხვად არის დოფამინური რეცეპტორები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა