მაგიდის გარეთ დარჩენილები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 13 წუთის წინ
ანუ კერძობის შიშით
იმ მარტივი მიზეზით, რომ გეოპოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება (რომელიც აშკარა ტაკიმასხრობას დაემსგავსა, თუმცა ტრაგიკული ის არის, რომ ადამიანები იღუპებიან და ცოცხლად დარჩენილები უბედურდებიან), აბუ-დაბიშიც გრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებები (აშშ-რუსეთი-უკრაინა), რომელიც მიზნად, ვითომ, ომის დასრულებას ისახავს, რეალურად კი მხარეები ჯერჯერობით მხოლოდ ტყვეების მასობრივ გაცვლაზე შეთანხმდნენ (თუმცა, ავბედითად ცნობილმა რადელმა არახამიამ გვამცნო, რომ ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს).
აბუ-დაბის მოლაპარაკებების ისტორიაში პირველად (ეს გამოთქმა ამ ბოლო დროს მეტად მოდურად იქცა) გამოჩნდნენ ავანსცენაზე ევროკავშირის, კერძოდ, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები და მათ აშშ-ელები, ნატოელები და უკრაინელები შეხვდნენ. მეტიც, ერთობლივი განცხადებაც კი მიიღეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საინტერესო ისიცაა, რომ მხარეებმა ისეთ საკითხზეც კი იმსჯელეს, როგორიცაა ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და შეთანხმებების საფუძველზე ახალი მექანიზმების შექმნა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, როდის დასრულდება ომი და, რაც მთავარია, კითხვათა კითხვად რჩება: უნდა კი უმეტესობას ომის დასრულება?!). განცხადებაში, აგრეთვე, ითქვა, რომ ევროპელი პარტნიორები, უკრაინა და აშშ მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
მეორე მხრივ, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს უშუალოდ მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ (იმიტომ რომ მაგიდასთან არ მიუშვეს) და მხოლოდ შორიდან აკვირდებოდნენო პროცესს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, ვინც სუფრასთან არ ზის, ის მხოლოდ კერძი შეიძლება, იყოს, ევროპელთა დაჟინებული მცდელობანი, რამენაირად მოხვედრილიყვნენ აბუ-დაბიში, ვითომ მარტო იმას ემსახურება, რომ შესახრამუნებელ კერძად არ იქცნენ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





