მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ეგზემის შესახებ

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19 წუთის წინ

ეგზემა
დაკოპირებულია

ეგზემა (ატოპიური დერმატიტი) ყოველი ოთხი ბავშვიდან ერთს აღენიშნება. ამ დროს კანზე ჩნდება მშრალი, მქავანა წითელი უბნები. ატოპიურ ბავშვებს გარემო ფაქტორების მიმართ სხვებზე უფრო მგრძნობიარე კანი აქვთ. ეგზემა საკმაოდ დამღლელი და სტრესულია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძლიერი ქავილი ბავშვს ძილს უფრთხობს, მაგრამ ექიმთან ერთად სწორად შერჩეული მკურნალობის გეგმითა და კანის მოვლის ყოველდღიური რუტინით სიმპტომების მართვა და ბავშვის ცხოვრების ხარისხის საგრძნობლად ამაღლება სავსებით შესაძლებელია.

ეგზემის გამომწვევი მთავარი მიზეზი კანის დამცავი ბარიერის დარღვევაა. ატოპიური დერმატიტის მქონე ბევრ ბავშვს კანის ზედა ფენაში აკლია სპეციფიკური ცილა – ფილაგრინი. ეს უკანასკნელი ეხმარება კანს, შექმნას მტკიცე, გამძლე ბარიერი სხეულსა და გარე სამყაროს შორის. როდესაც ორგანიზმი ამ ცილას საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს, კანს უჭირს ტენის შენარჩუნება, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში შეჭრის მსურველ ბაქტერიებსა და გამაღიზიანებლებს აღარაფერი ეღობება წინ. ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორებიც. პრობლემა ხშირად ოჯახური ხასიათისაა: თუ მშობლებს აქვთ ალერგიული განწყობა, რისკი იმატებს.

ეგზემა ხშირად თანაარსებობს სხვა ალერგიულ დაავადებებთან, მაგალითად, ასთმასა და ალერგიულ რინიტთან (თივის ცხელება, სეზონური ალერგია) ერთად.

ატოპიური დერმატიტის მქონე ბევრ ბავშვს კვებითი ალერგიაც აღენიშნება, თუმცა თავად საკვები ეგზემის უშუალო მიზეზი არ არის.

ეგზემის დროს გამონაყარი ინდივიდუალურია. ის შეიძლება მოედოს მთელ სხეულს ან გაჩნდეს მხოლოდ რამდენიმე უბანზე. დაავადებას ახასიათებს ტალღური მიმდინარეობა: პერიოდულად სიმპტომები მწვავდება (აფეთქების, რეციდივის ფაზა), მერე კი მშვიდდება (რემისიის ფაზა).

ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა შეიცვალოს გამონაყარის ლოკალიზაციაც:

* ჩვილებთან დერმატიტის პირველი ნიშნები თავის კანზე (თმიან ნაწილზე) და სახეზე ვლინდება. წითელი, მშრალი გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ლოყებზე, შუბლზე და პირის გარშემო. საგულისხმოა, რომ საფენის ქვეშ, პამპერსის ზონაში, ეგზემა, როგორც წესი, არ ვითარდება;

• სკოლის ასაკის ბავშვებს გამონაყარი ყველაზე ხშირად უჩნდებათ იდაყვისა და მუხლის უკანა ნაკეცებში, კისერზე და თვალების გარშემო. ეგზემა გადამდები არ არის. მართალია, ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებს უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ კანის ინფექციებისკენ, მაგრამ სხვას ამით საფრთხე არ ემუქრება. ინფექციები, რომლებიც ამ დროს ვითარდება, უმთავრესად გამოწვეულია იმ მიკრობებით, რომლებიც ისედაც მშვიდობიანად ცხოვრობენ ნებისმიერი ადამიანის კანზე. უბრალოდ, ეგზემის დროს დაზიანებული და დასუსტებული ბარიერი მიკრობებს ვეღარ აკავებს და ისინი ადვილად იწვევენ ანთებას.

სამწუხაროდ, ეგზემა მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს არ იწვევს – ბავშვებისა და მოზარდებისთვის ის შესაძლოა ფსიქიკური დისტრესის წყაროდ იქცეს. კანის სიმშრალე და ქავილი ხშირად არღვევს ძილს, ძილის უკმარისობა კი შფოთვასა და დეპრესიას იწვევს. ზოგიერთისთვის ეს მდგომარეობა დროებითია, ზოგს კი ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება. ეგზემა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე. შესაძლოა, ბავშვმა უხერხულად ან სტიგმატიზებულად იგრძნოს თავი და ამის გამო თავი აარიდოს სპორტსა და სხვა აქტივობებს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს დაავადება მნიშვნელოვან კვალს ტოვებს როგორც თავად პაციენტების, ისე მათი მომვლელების (მშობლების) ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ბევრ ბავშვს 4 წლის ასაკიდან ნელ-ნელა, თავისთავად უქრება ეგზემა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც სიმშრალე და კანის ჭარბი მგრძნობელობა ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ. წინასწარ იმის თქმა, ვის გაუვლის ეს პრობლემა საბოლოოდ და ვის დარჩება ქრონიკულად, პრაქტიკულად შეუძლებელია. მოვლისა და მკურნალობის სტრატეგიები ეგზემისგან განკურნების მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ სიმპტომების მართვა და მდგომარეობის შემსუბუქება სავსებით შესაძლებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი