მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა სპაზმის – ვაზოკონსტრიქციის შესახებ

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.11

სისხლძარღვთა სპაზმი
დაკოპირებულია

ვაზოკონსტრიქცია სისხლძარღვების სპაზმია, რომელსაც სისხლძარღვის კედლის გლუვი კუნთის შეკუმშვა იწვევს. უმეტესად ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში გვეხმარება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სისხლძარღვების სპაზმი საფრთხეს გვიქმნის და ყურადღებას მოითხოვს. სიცივეში ჩვენი სხეული სწორედ ვაზოკონსტრიქციის შედეგად ინარჩუნებს სითბოს (ასაკში ეს მექანიზმი უწინდებურად ვეღარ მუშაობს, რის გამოც ხანდაზმულებს მომატებული აქვთ სიცივეში ჰიპოთერმიის განვითარების რისკი).

გარდა ამისა, ვაზოკონსტრიქციის წყალობით სტაბილურდება, ხოლო საჭიროებისას იმატებს არტერიული წნევა; კონტროლდება სხეულში სისხლის განაწილება; მეტი საკვები ნივთიერება და ჟანგბადი ეგზავნება იმ ორგანოებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ; სხეული თავს იცავს სისხლისა და სითხეების დაკარგვისგან.

მიზეზები - გაციების დროს ხშირად ვიყენებთ ცხვირის დეკონგესტანტებს (მაგალითად, ფსევდოეფედრინს), რომლებიც ავიწროებს ცხვირის სისხლძარღვებს და აცხრობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას. ვიყენებთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებსაც, რომლებსაც ასევე ახასიათებს სისხლძარღვების შევიწროება. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანს მაღალი არტერიული წნევა აქვს, ჩამოთვლილი საშუალებები გაზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამწვავების რისკს, ამიტომ ჰიპერტენზიის მქონე ადამიანმა ეს წამლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა გამოიყენოს.

ვაზოკონსტრიქციის სხვა შესაძლო მიზეზებია: ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად, რეინოს ფენომენი; ზოგიერთი ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგალითად, სტრესი. სტრესის დროს სხეული ათავისუფლებს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას; მოწევა – სიგარეტის კვამლში შემავალი ქიმიკატები აძლიერებს სისხლძარღვების სპაზმს; სიცივეში გარეთ ყოფნა. ვაზოკონსტრიქცია შესაძლოა საკვებმა ან სასმელმაც გამოიწვიოს, ამიტომ, თუ მაღალი წნევა გაქვთ, უნდა ერიდოთ: კოფეინიან სასმელებს, მარილიან საკვებს (ნატრიუმი იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას), შებოლილ და გამოყვანილ ხორცს, კონსერვებს.

სიმპტომები

ვაზოკონსტრიქცია შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილით, თავბრუხვევით, სიფერმკრთალით, შესაბამისი უბნის ციანოზით (მოლურჯო კანით).

ძლიერმა ვაზოკონსტრიქციამ შესაძლოა:

* შეამციროს სისხლის ნაკადი ხელის ან ფეხის თითებში (ისევე, როგორც აკროციანოზის ან რეინოს ფენომენის დროს), გამოიწვიოს წყლულები და განგრენა;

* გაზარდოს სითბური დაკვრის რისკი ჰიპერთერმიის დროს;

* კორონარული არტერიების დაავადების ფონზე სტრესის პირობებში შექმნას გულის პრობლემების გამწვავების მაღალი რისკი;

* გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება;

* გამოიწვიოს ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;

* წარმოშვას ძლიერი თავის ტკივილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი