რა გავრცელებული ჩვევები მოქმედებს უარყოფითად ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 27 წუთის წინ
ყოველდღიური ჩვევები და ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი მათგანი აქვეითებს ჰორმონულ ბალანსს, ზოგიც კი პირდაპირ აზიანებს სასქესო უჯრედებს.
თამბაქოს მოწევა (მათ შორის ელექტრო სიგარეტები და ვეიპები) – მამაკაცებში ნიკოტინი და თამბაქოს კვამლში არსებული ტოქსინები აქვეითებს სპერმის მოძრაობას (მობილობას), ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას და იწვევს მათ გენეტიკურ დაზიანებას (დნმ-ის ფრაგმენტაციას). ქალებში აჩქარებს საკვერცხეების „დაბერებას“, აქვეითებს კვერცხუჯრედების ხარისხს და ნაადრევად აახლოებს მენოპაუზის პერიოდს. ასევე, ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობისა და მუცლის მოშლის რისკს.
ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მიღება – ალკოჰოლი არღვევს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში. მამაკაცებში იწვევს ტესტოსტერონის დონის შემცირებას, პოტენციის დაქვეითებას და პათოლოგიური სპერმატოზოიდების რაოდენობის ზრდას. ქალებში არღვევს მენსტრუალურ ციკლს, აფერხებს ოვულაციას და უარყოფითად მოქმედებს ემბრიონის იმპლანტაციის პროცესზე.
ქრონიკული სტრესი და ძილის უკმარისობა – მუდმივი სტრესი ზრდის ჰორმონ კორტიზოლის დონეს, რომელიც თრგუნავს სასქესო ჰორმონების (ესტროგენის, პროგესტერონისა და ტესტოსტერონის) გამომმუშავებელ მექანიზმებს. ძილის ქრონიკული ნაკლებობა არღვევს ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ანოვულაცია (როდესაც კვერცხუჯრედი არ მწიფდება) ქალებში და ტესტოსტერონის სინთეზის შემცირება მამაკაცებში.
მჯდომარე ცხოვრების წესი და მცირე ფიზიკური აქტივობა – მცირე მოძრაობა იწვევს მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას (შეკავებას). განსაკუთრებით საზიანოა საათობით ერთ ადგილზე ჯდომა მამაკაცებში (მაგალითად, მძღოლები, ოფისის თანამშრომლები), რაც იწვევს სათესლე ჯირკვლებში ტემპერატურის მატებას და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, ეს კი ასუსტებს სპერმატოგენეზს.
არაბალანსირებული კვება და მავნე დიეტები, ზედმეტად მკაცრი დიეტები (წონის სწრაფი კლება) – ქალებში იწვევს ესტროგენების მკვეთრ ვარდნას, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტას და ოვულაციის შეჩერებას. ორგანიზმი „ზოგავს“ ენერგიას და თიშავს რეპროდუქციულ ფუნქციას.
ფასტფუდი და გადამუშავებული საკვები – ტრანსცხიმები და შაქრის სიჭარბე იწვევს ინსულინრეზისტენტობას და ანთებით პროცესებს, რაც უარყოფითად აისახება ჰორმონულ ფონსა და კვერცხუჯრედების/სპერმის ხარისხზე.
მავნე ფიზიკური ფაქტორები (გაჯეტები და თბოიზოლაცია) მამაკაცებისთვის – ლეპტოპის მუდმივად კალთაში დაჭერა, მჭიდრო სინთეტიკური თეთრეული და ცხელ აბაზანებში ხშირი ყოფნა ზრდის ტემპერატურას სათესლე ჯირკვლის არეში, რაც კლავს ან აქვეითებს სპერმატოზოიდების აქტივობას.
მობილური ტელეფონები – ტელეფონის შარვლის წინა ჯიბეში ტარება (მამაკაცებში) ან მუცელთან მუდმივი კონტაქტი ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამო გარკვეულწილად უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ქსოვილებზე.
და ბოლოს, თვითმკურნალობა და მედიკამენტების უკონტროლო მიღება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





