ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 28 წუთის წინ
კითხვა: ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული. გავიკეთე ღვიძლის ელასტოგრაფია პასუხია: 11.03 kpa f3. როგორ შევძლო, რომ f0 ზე ჩამოვიდეს?
პასუხი: 11.03 kPa, F3 – ეს მიუთითებს მძიმე ფიბროზზე ღვიძლში. F3–ის დროს ღვიძლის ქსოვილი უკვე დაზიანებულია, ამიტომ უშუალოდ F0–ზე დაბრუნება თითქმის შეუძლებელია, თუმცა პროგრესის შეჩერება და ნაწილობრივი რეგრესია შესაძლებელია ალკოჰოლზე უარის თქმით, დიეტური რეჟიმის დაცვით და ჰეპატოლოგთან შეთანხმებით, მედიკამენტების დახმარებით.
კითხვა: სამსახურში მჭირდება ნარკოლოგიურიდან ცნობა, მითხრეს, შარდის ანალიზით კეთდებაო. ნევროლოგის დანიშნულებით, ვიღებ ციტოლესს, 10 მილიგრამს 2-ჯერ დღეში და ეს რამე გავლენას ხომ არ მოახდენს ანალიზის პასუხზე. ხომ არ უნდა ვაცნობო ლაბორატორიაში,ს რომ ამ მედიკამენტს ვიღებ?
პასუხი: ციტოლესი არ არის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალება, ამიტომ სტანდარტულ ნარკოლოგიურ ანალიზზე გავლენას არ ახდენს და ცრუ დადებით პასუხს, როგორც წესი, არ იძლევა. მიუხედავად ამისა, აუცილებლად აცნობეთ ნარკოლოგიური შემოწმების დროს, რომ პრეპარატს იღებთ ექიმის დანიშნულებით და, საჭიროების შემთხვევაში, თან იქონიეთ რეცეპტი ან ექიმის ცნობა. ეს სტანდარტული პრაქტიკაა და ანალიზის ინტერპრეტაციის ნებისმიერ შესაძლებლობას გამორიცხავს.
კითხვა: მაინტერესებს, ალკოჰოლის საწინააღმდეგო ნემსს სად აკეთებენ?
პასუხი: ალკოჰოლის საწინააღმდეგო ნემსს, რომელსაც სამედიცინო ენაზე ფარმაკოლოგიურ ბლოკირებას ან კოდირებას უწოდებენ, აკეთებენ სპეციალიზებულ ნარკოლოგიურ კლინიკებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებსა და ზოგიერთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც ნარკოლოგიური განყოფილება ფუნქციონირებს. გაითვალისწინეთ, რომ ნემსის გაკეთებამდე აუცილებელია პაციენტის წინასწარი კონსულტაცია ნარკოლოგთან და ორგანიზმის სრული გაწმენდა ალკოჰოლისგან, მინიმუმ, რამდენიმე დღის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





