მედიცინა

ქავილის მიზეზები და გამოსავალი

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.06, 2023 წელი

ქავილის მიზეზი
დაკოპირებულია

ქავილის შესაძლო მიზეზებია: კანის, ასევე, სხვა გარკვეული დაავადებები, მედიკამენტების მიღება, ორსულობა, კანის სიმშრალე, გამაღიზიანებელ ნივთიერებასთან კონტაქტი.

ჩვეულ სიმპტომებს მიეკუთვნება კანის სიმშრალე, აქერცვლა და მწერის შესამჩნევი ნაკბენის არსებობა.

დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე, ასევე, ტარდება კანის ალერგიული სინჯები, სისხლის ანალიზი, მიმართავენ საეჭვო მედიკამენტის მიღების შეწყვეტას, გარკვეულ შემთხვევებში – კანის ბიოფსიას ან ანაფხეკის შესწავლას.

ქავილის შესამცირებლად შესაძლოა, ეფექტიანი იყოს თბილი წყლის ხანმოკლე აბაზანა, დამატენიანებელი კრემები და ანტიჰისტამინური მედიკამენტები, კორტიკოსტეროიდების შემცველი ადგილობრივი საშუალებები და სხვა გარკვეული პრეპარატები.

ქავილი შესაძლოა, განპირობებული იყოს როგორც კანის დაავადებით, ასევე, მდგომარეობით, რომელიც მთელ ორგანიზმს (სისტემური დაავადება) აზიანებს.

კანის დაავადებებს, რომელთაც ახასიათებს ინტენსიური ქავილი, მიეკუთვნება: პარაზიტული ინვაზიები (როგორიცაა: მუნი, დატილიანება), მწერის ნაკბენი, ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი და კონტაქტური დერმატიტი. აღნიშნულ მდგომარეობებს, როგორც წესი, თან ახლავს გამონაყარიც.

სისტემური დაავადებებიდან ქავილის მიზეზი შესაძლოა, იყოს ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, ლიმფომა, ლეიკემია და სისხლის სხვა დაავადებები, ასევე, ზოგჯერ – ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, შაქრიანი დიაბეტი და კიბო. სისტემურ დაავადებასთან ასოცირებულ ქავილს, ჩვეულებისამებრ, არ ახასიათებს გამონაყარი.

ქავილის გამოწვევა ასევე, შეუძლია არაერთი მედიკამენტის მიღებას, მათ შორისაა: ბარბიტურატები, მორფინი, ასპირინი და ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელზედაც პიროვნებას ალერგია აქვს.

ქავილი ხშირად ვითარდება ორსულობის ბოლო თვეებში. როგორც წესი, ორსულობასთან ასოცირებული ქავილი არ მიგვითითებს რაიმე პათოლოგიაზე, თუმცა, შესაძლებელია, ის ღვიძლის მსუბუქი დაზიანების გამოვლინებაც იყოს.

ხშირად ქავილს შალთან ან სხვა ირიტანტებთან – გამხსნელები, კოსმეტიკა – კონტაქტი იწვევს. კანის სიმშრალე (ქსეროზი), რომელიც უპირატესად ასაკოვან ადამიანებში გვხვდება, ასევე შესაძლოა, იყოს ძლიერი, გავრცელებული ქავილის მიზეზი. ხშირად მდგომარეობას ცხელი წყლის აბაზანა აუარესებს.

არცთუ იშვიათად მოქავება უფრო აღიზიანებს კანს და აძლიერებს ქავილს, იქმნება ქავილისა და მოქავების ციკლი. აქტიური მოქავების შედეგად ვითარდება კანის სიწითლე და ნაკაწრები. ზოგიერთში მსუბუქი მოფხანვითაც კი ყალიბდება კანიდან წამოწეული, წითელი ფერის დაზიანება. პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში კანი სქელდება და ნაწიბუროვანი ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი