მედიცინა

განგრენის მიზეზები და პროფილაქტიკა

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.10, 2022 წელი

განგრენა
დაკოპირებულია

განგრენა სხეულის ან ორგანოს რომელიმე ნაწილის ნეკროზი ანუ სიკვდილია. მკვდარი უბანი ფერს იცვლის – მოლურჯოდან შავამდე. განგრენა ქსოვილისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის ან მკვეთრი შეზღუდვის შემთხვევაში ვითარდება. ის გვხვდება გულისგან დაშორებულ ადგილებში (მაგალითად, კიდურებზე, თითებზე) და იმ უბნებში, სადაც ადგილობრივად არის დარღვეული სისხლის მიმოქცევა (მაგალითად, ინფარქტის დროს გულის კუნთში ან ფილტვის ქსოვილში).

არსებობს განგრენის რამდენიმე სახეობა:

* მშრალი განგრენა, რომელიც აზიანებს სხეულის კონკრეტულ ადგილს და არ ვრცელდება სხვაგან;

* სველი განგრენა, რომელიც ვითარდება მშრალ განგრენაზე უფრო დინამიკურად და ვრცელდება მთელს სხეულზე;

* გაზოვანი, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს კიდურებს.

გახსოვდეთ, რომ განგრენით შეიძლება დაზიანდეს არა მარტო კონკრეტული ნაწილი, არამედ მთელი ორგანო.

განგრენის განვითარების ძირითადი მიზეზებია:

* ძლიერი ტრავმა სისხლძარღვების გახეთქვითა და ნერვული დაბოლოებების დაზიანებით;

* მაღალი და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება;

* რადიაციით დაავადება;

* ქიმიური პრეპარატების ზემოქმედება;

* არტერიული სკლეროზი;

* თრომბების განვითარება;

* ორგანიზმში სეპტიკური ან ჩირქოვანი წარმონაქმნების გაჩენა.

დაავადების სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:

* დაზიანებული ადგილი იცვლის ფერს, ხდება შავი ან ლურჯი;

* განგრენა შეიძლება გაჩნდეს ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტით ან მისი მიმოცვლის დარღვევით;

* ჭრილობის გარშემო კანის დასიება;

* მწვავე ტკივილი;

* კიდურების გაყინვა;

* კრუნჩხვა, რაც იწვევს კოჭლობას;

* ტროფიკული წყლულები;

* კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა.

განგრენის მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

* სისხლის გადასხმა;

* ნეკრექტომია (ნეკროზის მოცილება ჯანსაღ ქსოვილებამდე);

* ანტიბიოტიკების დანიშვნა;

* განგრენის ამპუტაცია – ჯანსაღ ქსოვილებამდე.

დაავდების საშიშროებას წარმოადგენს ორგანოს დაკარგვა, ასევე მთელი ორგანიზმის დაავადება, რასაც მივყავართ ლეტალურ შედეგამდე. განგრენის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხური მეთოდების გამოყენება. აუცილებელია ექიმთან მისვლა.

განგრენის პროფილაქტიკა შეიძლება იყოს დაზიანებული ადგილის დროული დამუშავება და ანტიბიოტიკების მიღება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი