გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.03, 2021 წელი

საჭირო და საინტერესო სამედიცინო რჩევები ,,თბილისელებისგან"👇
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ. მისი გამოვლინების შემთხვევები გაცილებით ხშირია განვითარებულ ქვეყნებში.
გარდა იმისა, რომ დაავადების მრავალი სიმპტომი სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს, მნიშვნელოვნად აქვეითებს შრომის უნარს და უკარგავს სიცოცხლის ხალისს. ამ დაავადების დროს რაიმე ორგანული პათოლოგიის გამოვლენა ვერ ხერხდება, ამიტომ მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს და ის სიმპტომატურ მკურნალობას ემყარება.
დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ნერვული სისტემის მდგომარეობასა და კვების ხასიათს. ის შესაძლოა, განვითარდეს ყველა ასაკში, თუმცა უფრო ხშირად 40 წელს ზემოთ გვხვდება. დაავადების ჩამოყალიბება არ ნიშნავს მუდმივად მწვავე მიმდინარეობას. გამწვავებებს ცვლის მშვიდი პერიოდები, როცა დაავადების მკვეთრად სიმტომები არაა გამოხატული ან საერთოდ არ აღინიშნება.
დაავადების გამწვავების პერიოდში ადამიანს აწუხებს მუცლის ტკივილი მსხვილი ნაწლავის საპროექციო არეში, ნაწლავის დაჭიმულობის შეგრძნება და ტკივილის გადაცემა სწორი ნაწლავის მიმართულებით. მკვეთრად გამოხატული მეტეორიზმისა და მუცლის შებერილობის გამო ტკივილი ხშირად ატარებს დიფუზიურ ხასიათსაც. თუმცა, დეფეკაციისას ტკივილი შეიძლება შემცირდეს. აქტიურ ფაზაში, შესაძლოა, გამოხატული იყოს ფაღარათი ან ყაბზობა. მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი და ფაღარათი შესაძლოა, განვითარდეს საკვების მიღებისთანავე.
დაავადების გამწვავების პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, ემთხვევა ალკოჰოლის, სიგარეტის, კოფეინის შემცველი სასმელის, ასევე, ცხარე და მჟავე საკვებისა და ალერგიული პროდუქტების მიღებას. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის განცდა. თუმცა, შესაძლოა, მიზეზი სრულიად უცნობი დარჩეს.
დაავადების გამწვავების პროცესში მკვეთრადაა გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები. მათ შორის: დარღვეულია ძილის რიტმი, პაციენტი დეპესიულია, სიცოცხლის ხალისი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული, შრომის უნარიც დაქვეითებული აქვს. ამ პროცესს თან ახლავს, სიმსივნის არსებობის შიშიც. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, როგორც წესი, აქცენტი ყოველთვის სწორ კვებაზე კეთდება. დიდ როლს ასრულებს ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ამიტომ აუცილებელია სტრესული მდგომარეობებისაგან თავის არიდება. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა.
დაავადებას ახასიათებს გარკვეული ინდივიდუალურობა და ამიტომ ის სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანებში მეტ-ნაკლებად განსხვავებულად მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია:
* სიმპტომების მაპროვოცირებელი საკვებისა და სასმელისგან თავის არიდება;
* საკვებში შემავალი უჯრედისის (ბოჭკოვანი ნივთიერებების) ცვლილება;
* რეგულარული ვარჯიში.
ეს მდგომარეობა არაპროგნოზირებადია. შესაბამისად, შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდეთ სიმპტომების გარეშე და შემდეგ უეცრად გაგიმწვავდეთ მდგომარეობა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს და არ ზრდის კიბოს განვითარების ან ნაწლავებთან დაკავშირებული სახიფათო დაავადებების შანსს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან