ბელადები

ვისი იდეით შეიქმნა პარტიის გენერალური მდივნის პოსტი

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო. მან ააშენა მრავალფეროვანი და თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, რომელიც დღეს ფორმალურად არ არსებობს, მაგრამ საბჭოთა კავშირის კანონმემკვიდრე რუსეთი, სწორედაც რომ, სტალინის მიერ ჩადუღაბებულ ფუნდამენტზე დგას.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „საბჭოთა კავშირის შემქმნელად ლენინი მიიჩნევა. მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზეა, ფორმალურად. ფაქტობრივად კი, საბჭოთა კავშირი სწორედ იოსებ სტალინმა შექმნა, ააშენა, განავითარა და მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ გადააქცია. ეს გეგმა რომ განეხორციელებინა, სტალინმა ძალიან გრძელი და რთული გზა გაიარა – მოყოლებული იატაკქვეშა რევოლუციონერობიდან გენერალურ მდივნობამდე. ეს უკანასკნელი კი, ანუ გენერალური მდივნის პოსტი, სტალინისა და მთელი სახელმწიფოსთვის საკვანძო და გადამწყვეტი იყო.

მოდი, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ: მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისია. ბოლშევიკები თავიანთი ძალაუფლების მეოთხე წელიწადს ითვლიან. პარტიაში გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს პირველობისთვის. მხოლოდ სტალინი არ გამოხატავს თავის ამბიციას აშკარად. ტროცკის მიაჩნია, რომ სწორედ ისაა ლენინის ერთადერთი მემკვიდრე (ლენინი ჯერ კიდევ ცოცხალია), ზინოვიევ–კამენევი და სხვები კი თავიანთ ამბიციებს ვერ მალავენ და პოლიტიკური ბრძოლის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ლენინი ჯერ კიდევ სრულ ჭკუაზეა. მაგრამ, ყველა ხედავს, რომ ოქტომბრის რევოლუციის ბელადი ძალებს კარგავს. 2-3 წელიწადს თუ გაძლებს და მისი თანამებრძოლები თადარიგს იჭერენ მისი ადგილის დასაკავებლად. ლენინი ამ ყველაფერს შესანიშნავად ხედავს და იმედი აქვს, რომ შეძლებს ძალების მოკრებას. მთელი ძალაუფლების ხელში აღებასა და ქვეყნის მართვას. ამიტომ, ეშმაკობას მიმართავს. ლენინს შემოაქვს გენერალური მდივნის პოსტი და ამ პოსტზე სტალინის კანდიდატურას წარადგენს, რომელსაც ერთხმად ირჩევენ. ფორმალურად გენერალური მდივნის პოსტი ტექნიკური თანამდებობაა, რომელიც საკადრო საკითხებს წყვეტს. სინამდვილეში კი ძალიან გავლენიანია, რადგან სწორედ გენერალური მდივანი ნიშნავდა და ათავისუფლებდა კადრებს და ამის გაკეთება, წესდების მიხედვით, მას პოლიტბიუროს გვერდის ავლით შეეძლო. ლენინმა ეს სვლა ზინოვიევ-კამენევის „პადაჩით“ გააკეთა, რომელიც ტროცკის „გასახედნად“ იყო გამიზნული და მისი კადრების მოშთობას ისახავდა მიზნად. ლენინს კი საკმაოდ ეშმაკური, ფარული ზრახვა ჰქონდა. ოქტომბრის რევოლუციის ბელადი იმედოვნებდა, რომ სტალინი მთლიან პარტიას მოიქცევდა მუჭში. ხოლო გამოჯანმრთელებული ლენინი კი მორჩილ პარტიას სტალინისგან მზამზარებულად მიიღებდა და ამის მეშვეობით განახორციელებდა ქვეყნის მართვას. ეს ყველაფერი სტალინის მიერ იყო მოფიქრებული. სწორედ სტალინმა მიაწოდა ეს აზრი ზინოვიევ-კამენევს. იმათმა კი – ლენინს... როგორც ცნობილია, ლენინი ვერ გამოჯანმრთელდა. სტალინმა კი პარტია თავად დაიქვემდებარა და მისი მეშვეობით ააშენა საბჭოთა კავშირი. ღმერთმა უწყის, ლენინს რომ ჩავარდნოდა ხელში სტალინის მონაგარი, რას დაატრიალებდა. სავარაუდოდ, მსოფლიო რევოლუციის მოწყობას შეეცდებოდა და ტროცკის ოცნებისა არ იყოს, რუსეთს მსოფლიო რევოლუციის კოცონში დაწვავდა... საბედნიეროდ, ასეთი რამ არ განხორციელდა. სტალინმა მსოფლიო რევოლუციის იდეა უარყო. გეზი აიღო სუპერსახელმწიფოს მშენებლობაზე და მიაღწია კიდეც ამ მიზანს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სტალინმა უნივერსალური სამუშაო შეასრულა. მრავლისმომცველი, ამასთან, გარეშე ძალების დახმარების გარეშე. ჯერ სრული ძალაუფლება მოიპოვა და მოწინააღმდეგეები მოიშორა. შემდგომ მთელი ქვეყნის მობილიზება მოახდინა და ინდუსტრიალიზაცია განახორციელა; მოიგო დიდი ომი. მიწასთან გასწორებული ქვეყანა ფეხზე დააყენა და ნომერ პირველ სუპერსახელმწიფოდ გადააქცია. ასეთ რამეს არათუ ლენინი და ტროცკი ცალ-ცალკე, არამედ არც ლენინი და ტროცკი ერთადაც ვერ შეძლებდნენ.

სტალინის ყველაზე დაუძინებელი მტერ-ოპონენტი უინსტონ ჩერჩილი უდიდეს პატივს სცემდა საბჭოთა ბელადს და მას კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მმართველოს უწოდებდა და ამბობდა – სტალინმა რუსეთი სახნისით ჩაიბარა და თერმობირთვული ბომბით დატოვაო. საბჭოთა ბელადს იმაზე მილიონჯერ მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული რუსეთისთვის, ვიდრე რუსეთის ყველა მმართველს ერთად აღებულს. სტალინმა არა მარტო რუსეთის იმპერიის დაკარგული ტერიტორიები დააბრუნა, არამედ ეს ტერიტორიები მნიშვნელოვნად გააფართოვა, საბჭოთა კავშირი დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმა. ამას რომ მივუმატოთ პროსაბჭოთა ქვეყნები, თავიანთი მოსახლეობით, გამოდის, რომ პროსტალინურ-საბჭოური ძალები მნიშვნელოვნად ჭარბობდნენ ანტისტალინურ, ანტისაბჭოთა ძალებს და ეს თანაფარდობა უფრო და უფრო იზრდებოდა. უბრალოდ, სტალინს არ დასცალდა, რომ ბოლომდე მიეყვანა თავისი იდეა, საბჭოთა ბელადი გარდაიცვალა. მეორე სტალინი კი არ არსებობდა და ქვეყანამ რღვევა დაიწყო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი