როგორ გადაიბირა ბერიამ გერმანიის ელჩი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.06
ლავრენტი ბერია სტალინის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო საბჭოთა კავშირში. საბჭოთა ბელადმა, სტალინმა თავისი თანამემამულე იმიტომ დააწინაურა უპირობოდ და მოსკოვში გადაიყვანა, რომ მასში უზადო შემსრულებუელი, ორგანიზატორი და უნივერსალური კადრი შეიცნო.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერია სტალინურ პოლიტბიუროში, სტალინთან ერთად, საბჭოთა სახელმწიფოს მონოლითური ბურჯი იყო. სწორედ ამ ორმა ქართველმა შექმნა ის უმყარესი ფუნდამენტი, რომელზეც დღევანდელი რუსეთის ფედერაცია დგას და მიუხედავად დასავლური სამყაროს უდიდესი ძალისხმევისა, მის დაშლას ვერანაირად ვერ ახერხებს.
სტალინს კადრების შერჩევისა და ამუშავების უნიკალური უნარი ჰქონდა. ბერიას შემთხვევაში საბჭოთა ბელადმა, როგორც თავად აღნიშნავდა, ოქროს კადრი აღმოაჩინა. ამ კადრმა კი სტალინს ბოლომდე გაუმართლა. როგორც ბერია ამბობდა, სტალინმა მოსკოვში გადაყვანილ ბერიას ერთადერთი მიზანი დაუსახა და თანამემამულეს უთხრა: მოსკოვში შენ გევალება ქვეყნის მყარი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება. ეს სისტემა მრავალპროფილიანი უნდა იყოს და ისე გააკეთე, რომ მისი ყველა სადავე შენს ხელში მოექცესო... ბერიამ უსაფრთხოების სისტემის შექმნაში „ჩეკისტური“ კადრები გამოიყენა და ამან უდიდესი ეფექტით იმუშავა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი მოგვითხრობს: „ბერია, რომ იტყვიან, სპეცსამსახურების ასი იყო. უმაღლესი პილოტაჟის მფლობელი. ამ საქმეში არ არსებობდა ნიუანსი, რომელიც ბერიამ არ იცოდა და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ უმოკლეს დროში უდიდეს წარმატებებს ჩვენს სფეროში. ბერიამ კარგად იცოდა, რომ გერმანია თავს დაგვესხმებოდა და ყოველმხრივ გვამზადებდა დიდი ომისთვის. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიამ მოახერხა და პირადად გადაიბირა ფაშისტური გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში, ფონ შულენბურგი. ეს ადამიანი არისტოკრატული წარმოშობის იყო, ჭკვიანი, განათლებული... ჰიტლერი არ უყვარდა, თუმცა, იძულებული იყო მას დამორჩილებოდა... ერთი სიტყვით, ბერიამ შულენბურგის გადასაბირებელი გზების ძიება დაიწყო. პირველ რიგში, ლავრენტი პავლეს ძემ შულენბურგის დოსიე მოითხოვა, რომელიც კონტრდაზვერვას ჰქონდა შედგენილი. ამ დოსიეში ისეთი არაფერი ეწერა, რასაც ჰიტლერის ელჩის დასაშანტაჟებლად ხელი ჩაეჭიდებოდა. იქ არც ის ფირი აღმოჩნდა, სადაც ჩაწერილი იყო ერთ-ერთ ბანკეტზე პრივატული საუბრის დროს შულენბურგმა ჰიტლერი ცუდად რომ მოიხსენია. დოსიეში არაფერი იყო, რაც კომპრომატად გამოდგებოდა. თუმცა, ბერიამ ხელჩასაჭიდი მაინც იპოვა. იმავე დოსიეში ეწერა, რომ 1918 წელს ახალგაზრდა ფონ შულენბურგი საქართველოში სამხედრო ატაშის ფუნქციას ასრულებდა. იქვე ეწერა, რომ გრაფს, სავარაუდოდ, ინტიმური კავშირი ჰქონდა ვინმე თეკლა შერვაშიძესთან – ულამაზეს, არისტოკრატ ქართველ ქალთან. იქვე იყო მინაწერი, რომ შულენბურგი მალევე გაითხოვეს ბერლინში და ის იქ მარტო გაემგზავრა. ბერიამ თავისთან გამომიძახა და მითხრა:
– პაველ ანატოლიევიჩ, საქართველოში უნდა გაემგზავრო და ერთი ამბავი გამირკვიო. შენ უნდა მოძებნო თეკლა შერვაშიძე, 40 წლის ქალი და თუ ის ცოცხალია და არც უცხოეთშია ემიგრირებული, აქ უნდა ჩამომიყვანო.
– არის, ამხანაგო ბერია, – გამოვეჭიმე სახალხო კომისარს.
ორი საათის შემდეგ კი უკვე საქართველოს დედაქალაქისკენ მივფრინავდი.
თბილისში, საღამოს 9 საათზე ჩავფრინდი. არც კი მივახშმია, ისე შევუდექი ლავრენტი ბერიას დავალების შესრულებას. ღამის 3 საათზე საქართველოს „ჩეკას“ ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა მაცნობეს, რომ 41 წლის თეკლა შერვაშიძე ქალთა ციხეში იხდიდა სასჯელს. უფრო სწორად კი, დახვრეტის მოლოდინში იყო. მას ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში ედებოდა ბრალი. საქმეს გამაცნეს და იქ ეწერა, რომ შერვაშიძე დაბეზღების საფუძველზე იყო დაპატიმრებული და გასამართლებული. დამბეზღებელი კი ყოფილი სამხედრო პოლკოვნიკი, მისი გარდაცვლილი მეუღლის ყოფილი ხელქვეითი აღმოჩნდა. საგულისხმო იყო ის, რომ შერვაშიძეს დანაშაული არ ჰქონდა აღიარებული და ბრალდებას უარყოფდა. მოკლედ, ქალს სულზე მივუსწარი, ის ორთაჭალის ციხის ერთადგილიან საკანში იყო მოთავსებული. ასაკისა და განსაკუთრებით კი დიდი ტანჯვის მიუხედავად, მის სილამაზეს არაფერი დაჰკლებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა. შერვაშიძე იმავე ღამეს გამოვიყვანე ციხიდან. შემდეგ მოსკოვში ჩავფრინდით და პირდაპირ ბერიას მივუყვანე... ერთი სიტყვით, ბერია შერვაშიძეს ესაუბრა და თანამშრომლობაზე დაითანხმა. ორი კვირის შემდეგ კი მოვლილი, მოწესრიგებული და მოდურ, ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი თეკლა შერვაშიძე უზადოდ გამოიყურებოდა. ის გერმანიის სალეჩოში მივიდა ბანკეტზე, როგორც ერთ-ერთი საბჭოთა მაღალჩინიანის მდივან-თარჯიმანი... მოკლედ, ელჩსა და თეკლას შორის 20 წლის წინ შეწყვეტილი ურთიერთობები განახლდა. წყვილი ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ კონსპირაციულ ბინაში, რომელიც ვითომ თეკლას ეკუთვნოდა. ბინაში კი ფარული გადაღება ხორციელდებოდა და ერთი თვის მერე ბერიამ შულენბურგი ამ ფირებისა და ფოტოების მეშვეობით გადაიბირა. თან, მოასმენინა ჩანაწერები, რომელზეც შულენბურგი ჰიტლერს ლანძღავდა და ფიურერის დაპატიმრებაზე ლაპარაკობდა. თეკლა შერვაშიძე საქართველოში დავაბრუნეთ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და დახვრეტა გაუქმდა. თან, ეს ლამაზი და ნიჭიერი ქალი ერთ-ერთ სახალხო კომისარიატში მოეწყო სამუშაოდ. გრაფი შულენბურგი კი ჩვენი აგენტი გახდა და ის ბერლინში დაბრუნების შემდეგაც თანამშრომლობდა ჩვენთან, სანამ 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის არ დააპატიმრეს და შემდგომ კი დახვრიტეს.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



