ბელადები

რა მიმართულება შექმნა სტალინმა ხელოვნებაში

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 19:00 04.06

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი არა მარტო საბჭოთა კავშირის მმართველი და აღმშენებელი იყო, არამედ მოდის კანონმდებელი, რომელსაც სოციალისტური რეალიზმი ეწოდა.

მწერალი ედვარდ რაძინსკი: „იოსებ სტალინი რევოლუციური მმართველი იყო. მან თავის მმართველობაში რევოლუციური მეთოდები შემოიღო, შექმნა ახალი მიმართულებები და მყარად დანერგა პრაქტიკაში. რევოლუციურ მმართველობას რომ ვახსენებ, ვგულისხმობ არა მარტო საბჭოთა ადამიანების დამკვრელურ შრომასა და მასების უზომო ენთუზიაზმს, არამედ ხელოვნების სფეროს, მის ყველა მიმართულებას, იქნება ეს ლიტერატურა, მხატვრობა, კინო თუ სხვა. სტალინს დიქტატორად კი მიიჩნევდნენ, მაგრამ ის იყო ნაკითხი, დიდად განვითარებული და მაღალი გემოვნების მქონე პიროვნება. სტალინს უტყუარად შეეძლო, გაერჩია ყალბი შედევრისგან და მას ვერ მოატყუებდი, თვალში ნაცარს ვერ შეაყრიდი. საბჭოთა ბელადმა, ქმნიდა რა სოციალისტური რეალიზმის სისტემას ხელოვნებაში, ძალიან კონკრეტული სქემა მოხაზა. ეს კი ასე ჟღერდა – ნაწარმოები უნდა იყოს შესრულებული მაღალმხატვრულად, ფერთა სრული გამით და მათში უნდა იყოს ასახული სოციალისტურ-კომუნისტური რეალობა წარსულში, აწმყოსა და მომავალში. მასში მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული სოციალისტური ქვეყნის სიდიადე. მსოფლიოში კი ერთი სოციალისტური ქვეყანა არსებობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირი და სტალინი სწორედ სოციალისტური საბჭოეთის სიდიადის გამოხატვას ავალებდა, მოუწოდებდა ხელოვნების მუშაკებს... ფაქტობრივად, გამოდის, რომ სტალინი შემკვეთი იყო. ხელოვანები კი – შემსრულებლები. მაგრამ, შემსრულებლები არა პრიმიტიული, მდარე გაგებით, არამედ მაღალმხატვრული ნაწარმოებების, ნიმუშების შემომქმედები... მაგალითისთვის ავიღოთ, თუნდაც, ელენა მუხინას საყოველთაოდ ცნობილი, მსოფლიოში აღიარებული ქანდაკება „კოლმეურნე ქალი და მუშა“ ეს ქმნილება, არა მარტო სტალინის მიერ დანერგილი სოციალისტური რეალიზმის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და საბჭოთა კავშირის სიდიადეს წარმოაჩენს, ის აკმაყოფილებს სახვითი ხელოვნების (ქანდაკების) ყველა ტექნიკურ და ესთეტიკურ მოთხოვნილებებს. ამიტომაც იყო, რომ მუხინა სტალინის ფავორიტი ხელოვანი იყო. ბელადი დიდ პატივს სცემდა მას და ამას უამრავი ჯილდოთიც გამოხატავდა. ასე იყო სხვა დარგებშიც. მართალია, სოციალისტური რეალიზმი იდეოლოგიასთან იყო მიბმული და საბჭოთა პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ, სტალინს, როგორც ხელოვნების ჭეშმარიტ გურმანს, აღაფრთოვანებდა ხელოვნების სხვა მიმართულებები. ბელადი, აღტაცებას ვერ მალავდა, ეგრეთ წოდებული, მონმარტრული მხატვრობის მიმართ. სტალინი დიდ პატივს სცემდა მოდელიანს, პიკასოსა და სხვებს... მეორე მსოფლიო ომამდე სტალინმა გამოფენაც კი მოუწყო პიკასოს მოსკოვში, რომელმაც გრანდიოზულად ჩაიარა. თანაც, პიკასო კომუნისტი იყო და ეს აორმაგებდა სტალინის პატივისცემას დიდი ხელოვანის მიმართ. მოსკოვში ჩასული პიკასო სტალინმა კუნცევოში მიიღო და დიდი პატივი სცა. პიკასომ კი იქვე, ფანქრით საბჭოთა ბელადის პორტრეტი დახატა და წარწერით უსახსოვრა სტალინს. ეს ნახატი ადრე კუნცევოში ინახებოდა. მისი შემდგომი ბედი კი უცნობია... ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს არქიტექტურისადმი. ჯერ ერთი, რომ სოფლური სტილის ბარაკებიანი მოსკოვი სტალინმა თანამედროვე ტიპის, მოწინავე მსოფლიო დონის ქალაქად გადააქცია. სტალინური ეპოქის შენობები, იგივე „სტალინკები“, დღემდე გამოირჩევა ინჟინრული სიმყარითა და არქიტექტურული ბრწყინვალებით, იქნება ის სახელმწიფო დაწესებულება თუ საცხოვრებელი სახლი. ეს შენობები დღესაც გვხიბლავენ თავიანთი გრანდიოზულობით. საცხოვრებელი სახლები გამორჩეულნი არიან ბინების მოხერხებული განლაგებით, დიდი ფართითა და კეთილმოწყობით, ავეჯითურთ. ასეთი შენობების ჰოლები მუზეუმების დარბაზებს ჩამოჰგვანან და ისინი მოპირკეთებულია ძვირფასი და გამძლე მასალებით. ჭაღები კი უზარმაზარია და ბროლისგან დამზადებული. სანიმუშოა ამ შენობების ფასადები და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანზე კომუნისტური სიმბოლიკაა, ყოველი დეტალი ხელითაა შესრულებული და ამასთან, უმაღლეს დონეზე... ცალკე თემაა მოსკოვის მეტროპოლიტენი (სტალინის დროს აშენებული). ესაა მუზეუმი, ძვირფასი მასალისგან და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან შექმნილი. როდესაც სტალინი მოსკოვის მშენებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობდა და მეტროს მშენებლობას განიხილავდნენ, ამ საქმის კურატორს, ლაზარ კაგანოვიჩს უთხრა: მოსკოვის მეტრო უნდა იყოს არა მარტო ტექნიკურად სრულყოფილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, არამედ მისი სადგურები უნდა წარმოადგენდეს სოციალიზმის მუზეუმს მიწის ქვეშო. ითქვა და შესრულდა... საბჭოთა ხელოვნება და არქიტექტურა დღემდე დარჩა სტალინის სიდიადის უტყუარ ნიმუშად.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი