როგორ მოამზადა სტალინმა კადრები მომავალი „წითელი“ ევროპისთვის
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო, ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებდა შეცდომას. მას ჰქონდა უნიკალური უნარი, მოვლენები წინასწარ განეჭვრიტა...
იაკობ კედმი (კაზაკოვი): „უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში სტალინი მოვლენებს თავად ქმნიდა და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ისე არავინ გამიგოს, რომ თითქოს მსოფლიო კრიზისები (მეორე მსოფლიო ომი) სტალინის „შემოქმედება“ იყო. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, სტალინმა წინასწარ გათვალა ეს მოვლენა და მომზადებული დახვდა, ამ ცნების ფართო გაგებით. ანუ, სტალინმა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ჰიტლერი გაანადგურა, არამედ მსოფლიო გეოპოლიტიკა შეცვალა. საბჭოთა ბელადმა უზარმაზარი ბუფერი შექმნა საბჭოთა სახელმწიფოს ირგვლივ და უსაფრთხოების მყარი სისტემა ჩამოაყალიბა. ეს ის ზონაა, რასაც დასავლეთმა ევროპის „გაწითლება“ უწოდა და არა მარტო ევროპის... სტალინური „გაწითლების“ გეგმამ აზიის დიდი ნაწილიც მოიცვა. ეს ყოველივე კი უეცრად და სპონტანურად არ მომხდარა, არამედ იმ დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც საბჭოთა ბელადი ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ახორციელებდა. მხედველობაში მაქვს საერთაშორისო კომუნისტური კადრების მომზადება. ერთია, გარკვეული ქვეყნის ტერიტორიაზე შეხვიდე, მაგრამ, თუკი იქ შენდამი ლოიალური ძალა არ მოიყვანე, ოკუპანტად დარჩები და არა განმათავისუფლებლად. სწორედ ასეთ კადრებს ზრდიდა სტალინი ევროპის „გაწითლებამდე“ 15-20 წლით ადრე და მას თადარიგი ჯერ კიდევ 1920-1930-იანი წლების მიჯნაზე ჰქონდა დაჭერილი. ამ პერიოდში, როდესაც ჰიტლერიც კი არ ჩანდა ჰორიზონტზე.
ძალიან საინტერესო, ნიშანდობლივი მოგონება შემოინახა არქივმა, რომელიც ამჟამად ტაბუირებულია. ვგულისხმობ სტალინური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის ინტერვიუს. მან (მოლოტოვმა) გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისცა ეს ინტერვიუ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტს, რომელსაც უთხრა: „სტალინს, განჭვრეტის უნიკალური უნარი ჰქონდა. ტროცკი ჯერ კიდევ არ იყო განდევნილი და ქვეყნის შიგნით აგვარებდა საქმეებს, როდესაც მან მითხრა:
– დასავლეთი ჩვენთან შესატაკებლად დიდ ძალას ამზადებს და თადარიგი აქედანვე უნდა დავიჭიროთ.
– ვის გულისხმობ, კობა? რა ძალას?
– ცალსახად გერმანიას, – მოკლედ და მტკიცედ მითხრა სტალინმა.
გერმანია იმ პერიოდში ძალიან დაკნინებული ქვეყანა იყო. მისი ძველი დიდება ვერსალის ხელშეკრულებით იყო დამარხული, თან კოლოსალური რეპარაციები ჰქონდა დაკისრებული. ერთი სიტყვით, სტალინის სიტყვები არარეალურად მომეჩვენა და ვუთხარი:
– გერმანიას? გერმანია ხომ მიწასთანაა გასწორებული?
– უცებ დააყენებენ ფეხზე და მოგვიქსევენ. ეს ერთადერთი ძალაა, რომელიც ჩვენზე გალაშქრებას გაბედავს. ბრიტანეთი არასდროს გამოიწევს ჩვენზე. ფრანგები ჭკვიანები არიან და ნაპოლეონის შეცდომას აღარ გაიმეორებენ. პოლონეთი ამ როლისთვის არ გამოდგება. ევროპის სხვა პატარა ქვეყნები არ ითვლება. იტალია აზრადაც კი არ დაუშვებს ამას. გერმანია და მხოლოდ გერმანია. აი, ნახე, თუ სულ მალე გერმანიაში ლიდერი არ გამოაჩინონ და მისი აღზევება არ დაიწყონ. დიდი ალბათობით, ეს ადოლფ ჰიტლერი იქნება.
როგორც ცნობილია, სტალინის ეს სიტყვები ასი პროცენტით გამართლდა. მაგრამ, სტალინს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ბელადმა მითხრა, რომ გერმანიასთან დიდი ომის მოგების შემდეგ მსოფლიო გეოპოლიტიკა შეიცვლებოდა, რომ ჩვენი მომხრე ქვეყნები მთელ ევროპაში აღმოცენდებოდნენ და ამისთვის კადრების მომზადება აქედანვე უნდა განგვეხორციელებინა.“
მოლოტოვის ეს მონათხრობი 1928 წლით თარიღდება. სწორედ მაშინ მოჰკიდა ხელი სტალინმა კომინტერნს, ანუ კომუნისტურ ინტერნაციონალს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციას და სრული კონტროლი დააწესა მასზე. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მოსკოვში მდებარეობდა. მასში მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების ადამიანები და სწორედ მათგან გამოძერწა სტალინმა მომავალი „წითელი“ ევროპის ლიდერები – გიორგი დიმიტროვი, ენვერ ხოჯა, ბროს ტიტო, ნიკოლაე ჩაუსესკუ, იანოშ კადარი, ერიხ ხონეკერი და სხვები, ანუ, როგორც კი „წითელი არმია“ ევროპაში შეიჭრა და ეს ტერიტორიები ფაშისტებისგან გაწმინდა, „კომინტერნში“ გამოზრდილმა კადრებმა დაიკავეს მმართველი პოსტები და პოსტსტალინური პოლიტიკის გამტარებლები გახდნენ. ამ ადამიანებმა საკმაოდ ფართო აღზრდა-განათლება მიიღეს მარქსიზმ-ლენინიზმის სკოლებში („იმელი“). ეს სკოლები სტალინის პირმშოებია. საგულისხმოა, რომ 1928-1930 წლებში „იმელში“ თავად სტალინი უკითხავდა ლექციებს მსმენელებს. თანაც, პოლიტოლოგიაში. ეს საგანი კი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. და მხოლოდ სპეცსასწავლებლებში ისწავლებოდა... ერთი სიტყვით, სტალინმა სწორი გეგმა შეადგინა. აბსოლუტურად სწორი გეზი აიღო და იუველური სიზუსტით განახორციელა. ისეთი სიზუსტით, რომ საბჭოთა ბელადის მიერ შექმნილი ფუნდამენტი დღესაც კი მყარია.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




