ბელადები

როგორ დააყენებინა ბერიამ მოლოტოვს ჰიტლერის კაბინეტში „ჟუკები“

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია რომ დიდი ორგანიზატორი იყო და გლობალურ პროექტებს ახორციელებდა, საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია და ამას არავინ უარყოფს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბერია დროგამოშვებით რიგითი ჯაშუშის ფუნქციებსაც ითავსებდა, ამ საქმიანობას კი ყოველთვის დიდი ეფექტი მოჰქონდა. ამიტომ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ბერიას ნებისმიერი საქმიანობა გლობალური იყო.

გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი): „როგორც კი ლავრენტი პავლეს ძე ბერია „ენკავედეს“ უფროსად დაინიშნა, ჩვენი უწყების მუშაობის ეფექტურობა გაორმაგდა. ყველა სიახლესთან ერთად ლავრენტი ბერიამ გააფართოვა „ენკავედეს“ სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილება. ანუ, გაზარდა მოწინააღმდეგის კონტროლის საშუალებები. ერთ-ერთი მთავარი რგოლი ამ საქმეში კი მოსასმენი აპარატურის ზომების შემცირება და მოსასმენი მანძილის გაზრდა იყო. ეს კი იმ სიახლის დანერგვით მოხდა, რასაც წლების შემდეგ მიკროელექტრონიკა ეწოდა.“

მართალია, მიკროელექტრონიკა, ჩიპები და მსგავსი რამეები უკვე ბერიას სიკვდილის შემდეგ გახდა ფართო მოხმარების ინსტრუმეტები, თუმცა მათი „ნათლია“ ბერია იყო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ამ საიდუმლოს ორმოც წელზე მეტი ვინახავდი და ახლა უნდა გამოვტყდე (ეს ინტერვიუ ჩაწერილია 1986 წელს. მოლოტოვი 96 წლისაა), ერთხელ, ჯაშუში ოპერმუშაკის როლიც კი შევასრულე. ეს კი ასე იყო: 1940 წლის 12 ნოემბერს ბერლინში ვიმყოფებოდი და რაიხსკანცელარიაში ადოლფ ჰიტლერს შევხვდი. საკმაოდ დიდხანს ვილაპარაკეთ. სხვადასხვა პოლიტიკურ დავალებებთან ერთად, რომელიც სტალინმა მომცა, მე ბერიასთანაც ვიყავი შეთანხმებული, რომ ჰიტლერის კაბინეტში მოსასმენი მიკროფონი, ეგრეთ წოდებული „ჟუკი“ დამეყენებინა,. ეს მიკროფონი იყო კალმისტრის თავსახურის ზომის. მას წვეტიანი ზედაპირი ჰქონდა და ის მოხერხებულ ადგილზე სწორედ ამ ნემსებით უნდა დამემაგრებინა. და მე ეს შევძელი – როდესაც ჰიტლერს პირისპირ ვესაუბრებოდი და ის შებრუნდა, რომ მინერალური წყალი ჭიქაში დაესხა, „ჟუკი“ ტყავის სავარძლის ქვეშ მივამაგრე,.“

ძალიან საგულისხმო ფაქტია, რასაც მოლოტოვი ყვებოდა. თუმცა, ერთი წლით ადრე ასეთივე მანიპულაცია თავად ბერიამ ჩაატარა ბერლინში ყოფნის დროს, როდესაც ის შეხვედრებზე იმყოფებოდა რაიხსფიურერ ჰიმლერსა და საგარეო დაზვერვის შეფს, შელენბერგს კაბინეტებში საკუთარი ხელით ზუსტად ის „ჟუკები“ დაუყენა, რომელზეც მოლოტოვი ყვებოდა.

პავლე სუდოპლატოვი (გენერალი): „მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბერია სულით ხორცამდე „ჩეკისტი“ იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უწყებას ხელმძღვანელობდა, საჭიროების შემთხვევაში, რიგითი ოპერთანამშრომლის ფუნქციასაც კი დიდი წარმატებით ითავსებდა. ხუმრობა ხომ არაა, მოსასმენი მიკროფონების ისეთი ფიგურების კაბინეტში დაყენება, როგორებიც შელენბერგი და თავად ჰიმლერი იყვნენ. უკვე აღარაფერს ვამბობ მოლოტოვის მისიაზე, რომელსაც ბერიამ ჩაუდგა სული. ერთი სიტყვით, ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ მტრის „ბუნაგიდან“ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიგვეღო.

მართალია, „ჟუკები“ ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ წერტილებში იყო მიმაგრებული, მაგრამ მოსმენა ყოველთვის არ ხერხდებოდა. ამისთვის საჭირო იყო, რომ გამოყოფილი პირი მოსასმენი ადგილს სულ მცირე 500 მეტრით მიახლოებოდა. თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის არ იყო შესაძლებელი. განსაკუთრებით კი ომის დაწყების შემდეგ, რადგან ფაშისტებმა კონტროლი უკიდურესად გაამკაცრეს და სტრატეგიულ ობიექტებთან მიახლოების მანძილიც გაზარდეს. თუმცა, ეს აქცია ძალიან დიდი შედეგის მომტანი იყო და მისი წყალობით, საბჭოთა დაზვერვა მაინც ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებდა.

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „მამაჩემი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ეგრეთ წოდებულ ელექტრონულ შპიონაჟს და საკმაოდ პერსპექტიულიც გამოდგა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, სულ რაღაც 20 წლის, როდესაც ამ ჯგუფში გამამწესა, რომელიც იალტის კონფერენციის (1945 წლის თებერვალი) დროს რუზველტსა და ჩერჩილს უსმენდა. შემდგომ მე სარაკეტო მრეწველობაში დავიწყე საქმიანობა. თუმცა ელექტრონიკაზე ვსწავლობდი და მამამ, რომ იტყვიან, „ჩეკისტური“ პრაქტიკაც გამატარა.“

ლავრენტი ბერიას ინოვაციურ მოღვაწეობაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თემები ამოუწურავია. ასევე უშრეტი და უზომოა ამ ადამიანის მრავალმხრივი ღვაწლი საბჭოთა კავშირის გაძლიერებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი