ბელადები

ვინ გამოიყვანეს ჰიტლერის ბუნკერიდან ბერიას საიდუმლო ბრძანებით

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.11

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანი იყო. მას ძალიან ბევრი რამ ხელეწიფებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ადამიანი სპეცსამსახურების „სპეცი“ იყო და ტყუილად როდი უწოდა მას ალენ დალესმა „დაზვერვის გენია“.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „მტერი რომ „დაზვერვის გენიას“ გიწოდებთ, დამიჯერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შექებაა. ისტორიულად უკვე ცნობილია და შესაბამისი დოკუმენტაციაცაა იმის თაობაზე, რომ კაცობრიობის ისტორიაში იმდენი ფასეული მაღალჩინოსანი აგენტი არავის ჰყოლია, რამდენიც ლავრენტი ბერიას. თუმცა ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ზოგიერთი მათგანის გადაბირება გვიან განხორციელდა, ზოგიერთი თავიდანვე მუშაობდა საბჭოთა უშიშროებაზე. მაგრამ; ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბერია ყველაზე ფასეული აგენტების კურატორი იყო და ეს აგენტები სხვადასხვა დარგს წარმოადგენდნენ.

გამორჩეულთა შორის არიან რობერტ ოპერჰაიმერი, ოტო სკორცენი, მარტინ ბორმანი, კიმ ფილბი და „კემბრიჯის ოთხეულის“ დანარჩენი წევრები, ოლგა ჩეხოვა... ამ სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი სახელები უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ კატეგორიის (იგულისხმებიან აგენტები) ადამიანებს შორის მოიაზრებიან, აგრეთვე, ნახევარაგენტები, გავლენის აგენტები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ხალხია, ვიდრე უშუალოდ აგენტები. მაგალითად, „აბვერის“ გერმანიის სამხედრო დაზვერვის შეფი ადმირალი ვილჰელმ კანარისი და გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი ვალტერ შელენბერგი. ბერია ამ ადამიანებსაც დიდი წარმატებით იყენებდა თავის საქმიანობაში.

ცოტა არ იყოს, რთულია ამ ადამიანებს შორის ყველაზე პრიორიტეტული აგენტის დასახელება. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ ხალხს შორის მაინც მარტინ ბორმანი იყო ყველაზე ფასეული. ბორმანი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ჰიტლერთან ყველაზე დაახლოებული ადამიანი იყო. ბუნკერში ჰიტლერი პირისპირ ესაუბრა ბორმანს საათების განმავლობაში და შესთავაზა, რომ მემკვიდრე ყოფილიყო. თუმცა, შემდგომ ბორმანი გაუჩინარდა და ფიურერმა თავის მემკვიდრედ ადმირალი დენიცი დაასახელა. ამ შემთხვევიდან სულ რაღაც ორ კვირაში ომი დასრულდა. ჰიტლერისა და მისი მეუღლის დანახშირებული ცხედრები რაიხსკანცელარიის ეზოში აღმოაჩინეს და მას მერე, რაც იქ ფოტოკორესპონდენტები მიიწვიეს და გადაღების უფლება მისცეს, ამ ფოტოებმა მსოფლიო პრესის ფურცლები მოიარა. თუმცა მალევე გავრცელდა ხმა, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ორეულები იყვნენ, ხოლო ფიურერი და მისი მეუღლე კი ბუნკერიდან გაიპარნენ და სამხრეთ ამერიკაში, წინასწარ შერჩეულ ადგილზე გაემგზავრნენ. ამ ხმებთან ერთად მალევე გავრცელდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ჰიტლერთან და ევა ბრაუნთან ერთად ბუნკერიდან მარტინ ბორმანიც გაიქცაო. სინამდვილეში, ხმებს ფიურერთან ერთად ბორმანის გაქცევის შესახებ, ბერიას ბრძანებით, საბჭოთა დაზვერვა ავრცელებდა. ეს კი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ბორმანის შესახებ სიმართლე დაემალათ. სიმართლე კი ის იყო, რომ მარტინ ბორმანი რაიხსკანცელარიის ბუნკერიდან, ბერიას მიერ შემუშავებული ოპერაციის თანახმად, საბჭოთა დაზვერვის სპეცჯგუფმა გამოაპარაა და ის პოლონეთის გავლით მოსკოვში ჩაიყვანეს.

მარტინ ბორმანი, ჯერ კიდევ ძერჟინსკის „ჩეკისტებმა“ მეოცე საუკუნის ოციან წლებში გადაიბირეს და მას წარმატებულად იყენებდნენ. იმავდროულად, ბორმანს კარიერულ წინსვლაში ყოველმხრივ ეხმარებოდნენ და გზას უსუფთავებდნენ. ხოლო, როდესაც ნაცისტები გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, ბორმანის ფასი გაასმაგდა და საბჭოთა დაზვერვა დროდადრო სპეცოპერაციას ატარებდა, რომ ბორმანის აგენტობა არ გამჟღავნებულიყო. მას მერე, რაც საბჭოთა უშიშროებას ბერია ჩაუდგა სათავეში, მსგავსი სპეცოპერაციები უფრო დაიხვეწა. ბორმანს კი სამხედრო წოდებებს უმატებდნენ და 1945 წლისთვის ბორმანი გენერალ-ლეიტენანტი, ანუ ორვარსკვლავიანი გენერალი იყო. ასევე, ბორმანს, საიდუმლოდ, საბჭოთა ორდენებითაც აჯილდოვებდნენ და ის 1945 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. საგულისხმო ფაქტია, რომ 1945 წლის დეკემბერში ბერიას შესთავაზეს, ბორმანი შესაბამისად მოემზადებინათ და სამხრეთ ამერიკაში დამკვიდრებული, გაქცეული ფაშისტების დიასპორებში შეეშვათ. საქმე ის იყო, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ჰიტლერის გაქცევის შესახებ. ბორმანის გამოყენება კი ფიურერის მოსაძებნად, მოსახელთებლად და გასასამართლებლად უნდოდათ, თუკი ის მართლა გაიქცა. თუმცა, ბოლო მომენტში ბერიამ უარყო ეს წინადადება, რადგან უიმედოდ მიიჩნია, იმიტომ, რომ ბორმანის ჩავარდნის შემთხვევაში მთელი ის სისტემა ჩავარდებოდა, რომელიც ბორმანმა საბჭოთა დაზვერვას გაუმჟღავნა. „დაე, ბორმანი ყველას მკვდარი ან ჰიტლერთან ერთად დამალული ეგონოს. ეყოფა მას აქტიური მუშაობა. დაისვენოს გენერალმა“, – უთქვამს ბერიას და ბორმანი შეცვლილი გარეგნობითა და სხვა ვინაობით რუსეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა და მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. მართლაც რომ, ფანტასტიკური აგენტურული ქსელი ჰქონდა საბჭოთა დაზვერვას მეოცე საუკუნეში და მათი 70 პროცენტი ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო. მას მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაღალჩინოსნებში ჰყადა „ბობოლა“ აგენტები, თვით „თეთრ სახლსა“ და „დაუნინგ სთრითზეც“. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჯერ კიდევ ლავრენტი ბერიას სიცოცხლეში იყვნენ ჩანერგილი აგენტები სხვადასხვა ქვეყნის მომავალ მეთაურებთან, რომლებშიც უკვე შემდგომ იწყებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე კარიერულ სვლას, სწორედ ბერიას აგენტებისვე ხელშეწყობით. მარტო ის რად ღირს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პირადი თანაშემწე საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდა და უძვირფასეს ინფორმაციებს აწვდიდა „ცენტრს“. ეს აგენტი კი ჯერ კიდევ ბერიას დროს იქნა გადაბირებული და იქ ჩანერგილი. ერთი სიტყვით, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მიერ შემუშავებული და ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს „გაშვებული“ სადაზვერვო სისტემა დღესაც ქმედითუნარიანია და თითქმის 100 წლის შემდეგაც ისევ აქტიურად მუშაობს რუსეთის ფედერაციისთვის. ამ სისტემას დღემდე არ აქვს ანალოგი მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ძალიან განვითარდნენ, ბერიას სისტემა მაინც ყველა მათგანზე მეტად ეფექტურია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა