ბელადები

როგორ მოახსნევინა ბერიამ ტრუმენს ცნობილი გენერალი

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია სტალინურ პოლიტბიუროში ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც საბჭოთა ბელადი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევდა და მასთან შეთანხმების მერე აამოქმედებდა.

გენერალი ივანე ტროშკინი: „ბერიას ინტელექტი, სტალინის გარდა, მთელი პოლიტბიუროს წევრთა ერთობლივ ინტელექტს, მინიმუმ, სამჯერ აღემატებოდა. სტალინი ამას მშვენივრად ხედავდა და სწორედ ამიტომ ანდობდა მას ყველაზე საიდუმლო და მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს. ბერია ამასობაში კიდევ უფრო დაიხვეწა. მეტი გამოცდილება მიიღო და იმ მოკლე დროში (სულ რაღაც, 100 დღეში) სტალინის გარდაცვალებიდან ბერიას განადგურებამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო და შეასრულა.

როგორც ცნობილია, კორეის ომი ისეთი ძალით ვითარდებოდა, რომ გამორიცხული არ იყო, ეს კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო. ამის უტყუარ საბაბს იძლეოდა გენერალი დუგლას მაკარტური. ის კორეაში ამერიკული ძალების მეთაური იყო და ძალიან გამოცდილი, მამაცი მეომარი. თუმცა მაკარტური ხშირად თავის მოქმედებებს მხოლოდ სიმამაცეზე ამყარებდა. არ ფიქრობდა არც პოლიტიკურ და ზოგჯერ არც სამხედრო შედეგებზე. მაკარტურის ბუნებას კარგად იცნობდნენ როგორც „პენტაგონში“, ასევე „ლენგლსა“ და „თეთრ სახლშიც“. ამიტომ, მასთან შეტაკებას თვით პრეზიდენტიც კი ერიდებოდა და აქედან გამომდინარე, დუგლას მაკარტურს თავისი კაპრიზები გასდიოდა ხოლმე. თუმცა კაპრიზიცაა და კაპრიზიც. 1953 წელს, როგორც კი სტალინი გარდაიცვალა და ამერიკელებს ეგონათ, საბჭოთა მმართველობაში მტკიცე პასუხის გამცემი აღარ დარჩაო, კორეის კამპანია გააძლიერეს და ბრძოლები კიდევ უფრო სისხლიანი და სასტიკი გახდა. თუმცა, მაკარტურმა თავისი სიტყვა ვერ შეასრულა და კორეა მთლიანად ვერ აიღო. ამიტომ, პატივმოყვარე გენერალი შეერთებული შტატების პრეზიდენტს კორეაში ატომური ბომბის ჩამოგდებას სთხოვდა. ტრუმენი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ეწურებოდა, ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიდა შლეგი მაკარტურისგან და ღმერთმა უწყის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ საქმეში ლავრენტი ბერია არ ჩართულიყო. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტუაციაში ბერიამ სტალინის როლი იკისრა. მართალია, მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დრო არ ითმენდა, ყოველი წამი ძვირფასი იყო. დაზვერვა გვატყობინებდა, რომ მაკარტური არნახულ ზეწოლას ახორციელებდა ტრუმენზე. ამიტომ მითხრა:

– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, სასწრაფოდ საპირწონეს უნდა მივმართოთ, თორემ თუკი ტრუმენი გატყდა, მაკარტური უმალვე ბირთვულ ზამთარს მოუწყობს კორეის ნახევარკუნძულს.

– რას აპირებ? – ვკითხე ბერიას.

– ტრუმენთან ლაპარაკს. დარეკე „თეთრ სახლში“.

იმ მომენტში შეერთებულ შტატებში ღამის 3 საათი იყო. წესით, პრეზიდენტს უნდა სძინებოდა, მაგრამ როცა მორიგემ გაიგო, თუ საიდან და ვინ რეკავდა, ნახევარ წუთში ტრუმენმა გვიპასუხა. ხმაზე ეტყობოდა, რომ არ ეძინა.

– დიახ, მისტერ მოლოტოვ, გისმენთ.

– გამარჯობა, ბატონო ტრუმენ. თქვენთან ბერიას სურს ლაპარაკი.

– დიახ, – უპასუხა ტრუმენმა ბერიას და მათი ლაპარაკი მეც მესმოდა, რადგან დინამიკი იყო ჩართული.

– ბატონო პრეზიდენტო, გვაქვს უტყუარი ცნობები, რომ გენერალი დუგლას მაკარტური თქვენგან კატეგორიულად მოითხოვს კორეის ნახევარკუნძულის ბომბარდირებას. ამიტომ, გირჩევთ, ნუ შეხვალთ ისტორიაში იმ ადამიანის სახელით, ვინც მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა. ვფიქრობ, იაპონიის დაბომბვაც კმარა. კორეა კი ნამეტანზე ნამეტანი იქნება.

– გმადლობთ. ვიფიქრებთ თქვენს რჩევაზე.

– ბატონო ტრუმენ, ფიქრის დრო არაა. გარწმუნებთ, კორეაში რომ ატომური ბომბი ჩამოვარდეს, ამერიკაშიც ანალოგიური მოხდება. მე მგონი, აქ საფიქრალი არაფერია, უბრალოდ, მაკარტური არ უნდა გაეკაროს ბირთვულ იარაღს. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები კი, რაც შეიძლება, მალე უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და კონფლიქტი შეწყდეს.

– გასაგებია, ბატონო ბერია!

– ნახვამდის, – უპასუხა ბერიამ და ტელეფონი გათიშა.

ორ კვირაში მაკარტური ტრუმენმა პენსიაში გაუშვა და მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავიცილეთ.

ბერიასა და ტრუმენის სატელეფონო საუბრის შინაარსი სამხედროებმა გაავრცელეს. ტრუმენს დასცინოდნენ, შეშინებულს უწოდებდნენ. თუმცა, აშკარა იყო, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მესამე მსოფლიო ომი არ გააჩაღა. რა თქმა უნდა, საბჭოთა პარტიულმა ელიტამ ეს ამბავი განგაშის ნიშნად აღიქვა. გარდა იმისა, რომ ბერიას ქვეყნის შიგნით დიდი გავლენა ჰქონდა, მას ტრუმენთან საუბრის შემდეგ ეს გავლენა შეერთებულ შტატებსა და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზეც გაუფართოვდა. ამ ამბავმა საბჭოთა ელიტას დააჩქარებინა ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა. ეს ადამიანი ჯერ ვერაგულად მოკლეს, შემდეგ კი მისი გასამართლების სპექტაკლი დადგეს და ასე მოიშორეს თავიდან.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი