რატომ წერდა დასავლური პრესა ბერიაზე მხოლოდ კარგს
ავტორი: ნიკა ლაშაური 26 წუთის წინ
ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც საბჭოთა კავშირში, სტალინის შემდეგ, ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა და არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბერიას ნათელი გონება, უშრეტი ფანტაზია და შემოქმედების დიდი ნიჭი ჰქონდა. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ბერია შესანიშნავი პოლიტიკოსი იყო და უზადოდ შეეძლო ამ სფეროში ინტრიგების ხლართვა.
პროფესორი ბორის სოკოლოვი: „ბერია ერთადერთი კაცი იყო სტალინის ახლო გარემოცვაში, ვისაც საბჭოთა ბელადი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედების უფლებას აძლევდა. რადგან სტალინი ნათლად ხედავდა, რომ სწორედ ბერიას შეეძლო მისი საქმის გაგრძელება ღირსეულად და ის ბელადს თავის მემკვიდრედ მიაჩნდა.
ბერია, ნათელი გონების დამსახურებით, ყოველთვის ზუსტად ხვდებოდა სტალინის სურვილებს და მათ შესაბამისად იქცეოდა. ანუ, ბერია აბსოლუტურად სწორად მოქმედებდა და ამით თავის საქმესაც აკეთებდა. ეს კი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სასიკეთოდ ხორციელდებოდა. მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, ამ ომის მთავარ გმირად, გამარჯვების შემოქმედად, სტალინის შემდეგ, მარშალ გიორგი ჟუკოვს მიიჩნევენ. ეგრეთ წოდებულ, გამარჯვების მარშალს თავში ჰქონდა ავარდნილი დიდება, იმდენად, რომ დასავლეთის ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა და საკუთარ თავს სტალინთან ერთად გამარჯვების ერთადერთ შემოქმედად სახავდა. სტალინმა შესანიშნავად იცოდა ამ ინტერვიუების შინაარსი. თუმცა, მიაჩნდა, რომ ეს არ იყო მიზეზი ჟუკოვის შერისხვისა და ბელადი უფრო მეტ და სერიოზულ მიზეზს ელოდებოდა. ეს მიზეზი კი, რომელსაც შემდგომ „ალაფის საქმე“ ეწოდა, ბელადს „სმერშის“ უფროსმა, ვიქტორ აბაკუმოვმა მიაწოდა, ანუ, ფაქტები საბჭოთა სარდლების მიერ და პირველ რიგში, ჟუკოვის მიერ, დამარცხებული გერმანიიდან და ასევე, ევროპის სხვა ქვეყნებიდან ძვირფასი ნივთებისა და ანტიკვარიატის ეშელონებით გამოზიდვის შესახებ. უბრალოდ რომ ვთქვათ, საბჭოთა მაღალჩინოსანი სამხედროების მოროდიორობის საქმე, რომლის სათავეშიც გიორგი ჟუკოვი იდგა... სტალინმა აბაკუმოვი დაიბარა და დაავალა, კომპრომატი გაეზარდა, ოღონდ ნამდვილი ფაქტებით და არა ცილისწამებით. ჟუკოვისთვის კი ხელი არ ეხლო და მის მიმართ 24-საათიანი თვალთვალი დაეწესებინა. აბაკუმოვმა ეს დავალება შესანიშნავად შეასრულა. ჟუკოვის წინააღმდეგ 10 ტომი შეგროვდა. სტალინმა კი მარშალი დაიბარა. ძირითადი ფაქტები დაუდო წინ და ოდესაში გაგზავნა ბანდიტებთან საბრძოლველად, რაც „გამარჯვების მარშლისთვის“ დიდი დამცირება იყო. ბერიამ ამით სამხედრო სივრცე გაითავისუფლა და ჟუკოვის მოსკოვიდან განდევნით, არმიაზე სერიოზული კონტროლი დაამყარა. შემდგომი ნაბიჯი იყო აბაკუმოვის მოშორება და უშიშროების სისტემის სრული გაკონტროლება. ეს ნაბიჯი ბერიამ კიდევ უფრო იოლად გადადგა. ბერიას გამზადებული ჰქონდა ოპერატიული სამსახურების მიერ აბაკუმოვზე შეგროვებული და დოკუმენტირებული მასალები, იმავე კუთხით, რაც თავად აბაკუმოვმა შეაგროვა ჟუკოვზე. ანუ, საქმე კვლავ მოროდიორობას ეხებოდა და როცა ეს მასალები სტალინთან მოხვდა, ბელადმა აბაკუმოვის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ვიქტორ სემიონის ძე აბაკუმოვი იმავე ღამეს დააპატიმრეს და ბერიას გზა გაეხსნა უშიშროების სისტემაზე კონტროლის დასაბრუნებლად, რაც სულ რაღაც, სამ კვირაში განახორციელა... ამგვარად, ბერიამ, მალენკოვთან ერთად, შექმნა მძლავრი პოლიტიკური ტანდემი და მათ ზურგს „ჩეკისტები“ და სამხედროები უმაგრებდნენ, იერიში მიიტანეს სტალინის ახალ, ახალგაზრდა ფავორიტებზე, ეგრეთ წოდებულ, „ჟდანოველებზე“ – ვოზნესენსკიზე, საბუროვზე, პერვუხინზე, ნოვიკოვსა და სხვებზე. ყველა მათგანი სულ მალე დახვრიტეს და ბერიას მიერ გაწმენდილ სივრცეს ბერიას ხალხი იკავებდა. ერთი მხრივ, ეს იყო ინტრიგნული კომბინაცია, რომელიც აბსოლუტურ ფაქტებზე დამყარდა. განსაკუთრებით ჟუკოვისა და აბაკუმოვის მიმართ. მეორე მხრივ კი, ბერიამ იცოდა რა, როგორ უნდა ემოქმედა სტალინის სიკვდილის შემდეგ, გზა გაიწმინდა და გაიფართოვა. სწორედ აქედან გამომდინარე იყო, რომ სტალინის გარდაცვალებისთანავე ერთადერთი ლავრენტი ბერია იყო, ვინც არ დაბნეულა და სწორედ მოქმედებდა. ბერიამ, სანამ ვერაგულად მოკლავდნენ, სტალინის გარდაცვალების მერე, 100 დღე იმოღვაწა და რადიკალური რეფორმების განხორციელება დაიწყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ბერია ჭკვიანი ადამიანი იყო და იცოდა, რომ რაც არ უნდა ძლიერი მმართველი იყო, თუკი საერთაშორისო მხარდაჭერა არ გაქვს, ვერაფერს დიდს ვერ მიაღწევ. ამიტომ ბერიამ ახლო ურთიერთობების დამყარება დაიწყო შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, დამარცხებული გერმანიის დასავლურ ანკლავთან და გერმანიის გაერთიანების მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დასავლურმა პრესამ ბერიაზე მხოლოდ კარგის წერა დაიწყო. მას ჭკვიან რეფორმატორს უწოდებდნენ და ეს ყოველივე განხორციელდებოდა კიდეც, ის ვერაგულად რომ არ მოეკლათ.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



