ბელადები

რატომ გაგზავნა სტალინმა „ჰოლივუდში“ საბჭოთა კინომუშაკები

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 39 წუთის წინ

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

სტალინი, გარდა იმისა, რომ მგზნებარე რევოლუციონერი იყო და ეს საქმე იდეოლოგიის რანგში ჰქონდა აყვანილი, ის იმთავითვე ავლენდა გლობალური მასშტაბის პოლიტიკოსის უნარ-ჩვევებს და ეს მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში აისახებოდა.

პროფესორი ვალენტინ აფანასევი: „სტალინმა სახელმწიფოს მშენებლობის განსაკუთრებული ნიჭი და უნიკალური მიდგომა გამოავლინა. საბჭოთა ბელადი არა მარტო მილიონიან მასებს რაზმავდა აღმშენებლობისთვის, არამედ სხვა ხერხებსაც დიდი წარმატებით იყენებდა. საბჭოთა ბელადმა ჯერ კიდევ იატაკქვეშა მოღვაწეობის პერიოდში გაითავისა, რომ პროპაგანდა-აგიტაცია ბრძოლისა და აღმშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო. თუკი არალეგალური საქმიანობისას პროპაგანდა-აგიტაციის იარაღი არალეგალური სტამბებიდან გამოსული გაზეთები და პროკლამაციები იყო, შემდგომ ეს არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბევრად უფრო დახვეწილი სახე მიიღო. 30-იანი წლების დასაწყისში სტალინმა პროპაგანდა-აგიტაციის მძლავრ იარაღად კინოდოკუმენტალისტიკის გამოყენება დაიწყო. სტალინი ხელოვნების ამ სახეობას განსაკუთრებით სწყალობდა და დოკუმენტურ კინოსთან ერთად, ამ ხელოვნების მხატვრულ ჟანრსაც დიდი წარმატებით იყენებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საბჭოთა, შემდგომ რუსულ კინოს უზარმაზარი ბიძგი სწორედ სტალინმა მისცა.

1931 წელს, საბჭოთა ბელადის მითითებით, „ჰოლივუდში“ საბჭოთა კინოს მუშაკები მიავლინეს. ამ აქციისთვის საბჭოთა ბელადმა მილიონი მანეთი გამოყო, რაც უზარმაზარი თანხა იყო. მივლინება 6 თვეს გაგრძელდა და ამერიკიდან დაბრუნებულმა კინოს მუშაკებმა საბჭოთა კავშირში უახლესი კინოდანადგარები და „ჰოლივუდური“ ტექნოლოგიები ჩამოიტანეს. უმოკლეს დროში შეიქმნა თანამედროვე კინოსტუდიები მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ოდესაში, მინსკსა და თბილისში. დაიწყო დახვეწილი კინოპროპაგანდა და დოკუმენტური და მხატვრული ფილმები საბჭოთა წყობის უპირატესობას ქადაგებდნენ. ამ პროცესში კი მხატვრული ხელოვნების დიდოსტატები იღებდნენ მონაწილეობას – რომი, კარმენი, ალექსანდროვი... ორლოვა, ლადინინა, კრუჩკოვი და სხვა კინოვარსკვლავები. მთელი ეს პროპაგანდისტული ინდუსტია კი ისეთ უმაღლეს მხატვრულ დონეზე იყო გაკეთებული, რომ ამერიკიდან წამოღებული ტექნოლოგიით თავად „ჰოლივუდს“ აჯობეს. ამერიკა საბჭოთა ფილმებს დიდი ენთუზიაზმით ყიდულობდა და ამერიკის ფართო საზოგადოებას აცნობდნენ. ეს ყოველივე კი სტალინის გენიალურმა პროპაგანდისტულმა ალღომ შექმნა.

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 1935 წელს, როდესაც ადოლფ ჰიტლერი და ნაცისტები გერმანიას მართავდნენ, მათ საბჭოთა ბელადს თხოვნით მიმართეს, რომ ნება დაერთოთ და გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გერმანელ კინოხელოვანთა დელეგაცია მიეღოთ. სტალინმა თანხმობის ვიზა გასცა და ერთ თვეში, ლენი რიფენშტალის ხელმძღვანელობით, გერმანელთა დელეგაცია მოსკოვს ეწვია. „მოსფილმსა“ და სხვა კინოსტუდიებში მათ შესანიშნავი მასპინძლობა გაუწიეს. რიფენშტალი თბილისში, „ქართულ ფილმშიც“ იყო და ნატო ვაჩნაძით მოიხიბლა. ამ დელეგაციის წევრები იყვნენ იოზეფ გებელსის პროპაგანდის სამინისტროს თანამშრომლებიც და როცა გერმანელები ბერლინში დაბრუნდნენ და გებელსს ანგარიში ჩააბარეს, მან ფაშისტების მთავარ პროპაგანდისტულ მანქანას საბჭოთა კავშირში გამოყენებული ტექნოლოგიები დაამატა. გარდა მკაცრი პროპაგანდისტული ტონალობით გაჟღენთილი დოკუმენტალისტიკისა, გებელსის მითითებით, მხატვრულ-პროპაგანდისტულ ფილმებსაც იღებდნენ და მათში საკმაო ადგილი ეკავა სოციალისტურ სიუჟეტებს. დაგმობილი იყო ანტისოციალისტური მოვლენები, ფაშისტური გერმანიის სახელმწიფო წყობა კი უჰუმანურესად იყო წარმოჩენილი. არადა, იმ პერიოდში უკვე ფუნქციონირებდნენ ჰიმლერის სიკვდილის ბანაკები და ადოლფ ეიჰმანი ებრაელების გენოციდის აზარტში იყო... თუმცა ეს ყველაფერი არსად ჩანდა, გასაიდუმლოებული იყო. ფიურერის სახე კი ღმერთობამდე აყვანილი და სულაც არაა გასაკვირი, რომ მთელი გერმანია ჰიტლერს უჭერდა მხარს...

მოგვიანებით, ასევე პროპაგანდისტული ხერხების გამოყენებით ამხილეს ჰიტლერი, ნაცისტები და სწორედ სტალინურმა პროპაგანდამ გააცნო მსოფლიოს, თუ როგორ აკეთებდნენ ადამიანებისგან საპონს ფაშისტები.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი