რატომ შეცვალა სტალინმა ატომური პროექტის ხელმძღვანელობა
ავტორი: ნიკა ლაშაური 56 წუთის წინ
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ, ამასთან, ანგარიშგასაწევ ძალად გადააქცია და ამაში ლომის წილი ატომურ ბომბს მიუძღვის.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „როდესაც ატომურ ბომბზეა ლაპარაკი, ალბათ, უპრიანია, რომ პირველ პლანზე ლავრენტი ბერია გამოვიყვანოთ. რადგან არავისთვისაა საიდუმლო, რომ სწორედ ბერიას მიუძღვის ლომის წილი ატომური ბომბის დამზადებაში. თუმცა, რომ არა სტალინის ნება, ატომურ ბომბს საბჭოთა კავშირი ვერ დაეუფლებოდა. სწორედ საბჭოთა ბელადმა ჩაუყარა საფუძველი ატომურ პროექტს...
თავდაპირველად ატომური ბომბის შექმნის კურატორად ვიაჩესლავ მოლოტოვი დანიშნა. სამეცნიერო ხელმძღვანელად კი – ფიზიკოსი, აკადემიკოსი პეტრე ლეონიდეს ძე კაპიცა. თუმცა ატომური პროექტის სამუშაოები თითქმის არ იძროდა წინ და სტალინმა თავის კაბინეტში საგანგებო საიდუმლო თათბირი დანიშნა, რომელსაც ლავრენტი ბერია და გენერალი პავლე სუდოპლატოვი დაასწრო.
ამ სხდომის შესახებ პავლე სუდოპლატოვი მოგვითხრობს;
„ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა და მითხრა:
– მოემზადე, ერთ საათში სტალინთან უნდა ვიყოთ კრემლში, საგანგებო, საიდუმლო თათბირზე. თემა ატომურ ბომბს ეხება.
დანიშნულ დროს სტალინის კაბინეტში გამოვცხადდით. იქ იყვნენ კაპიცა, მოლოტოვი და რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც არ ვიცნობდი, მაგრამ მივხვდი, რომ მეცნიერები იყვნენ. სტალინმა თვალი მოგვავლო და გვითხრა:
– ამხანაგებო, ატომური სპეცკომიტეტი არაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად და აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ საქმე ადგილიდან დავძრათ. ვფიქრობ, რომ მოლოტოვის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ის გავათავისუფლოთ ამ პროექტის კურატორობისგან. ახლა კი ამხანაგ კაპიცას მოვუსმინოთ, რომელიც ამ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია. გისმენთ, ამხანაგო კაპიცა.
– ამხანაგო სტალინ, ვფიქრობ, რომ საშუალება უნდა მომეცეს, რომ თავისუფალი კონტაქტები მქონდეს ჩემს უცხოელ კოლეგებთან და მათთან კონსულტაციები გავიარო. აგრეთვე, პროექტის კურატორად დაინიშნოს ისეთი ადამიანი, ვინც არანაირად არ შემზღუდავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უარს ვაცხადებ ამ პროექტში მონაწილეობაზე.
სტალინს ულვაშებში ჩაეცინა და აკადემიკოსს უთხრა:
– ამხანაგო კაპიცა, ეს ზესაიდუმლო პროექტია და ყოველგვარი კონსულტაციები გარეშე პირებთან ყოვლად დაუშვებელია. პროექტის ხელმძღვანელად კი ამხანაგ ბერიას კანდიდატურას ვაყენებ. ის კი, როგორც ცნობილია, საკმაოდ მკაცრად იცავს საიდუმლოებას და ასეთ საქმეში შეუზღუდაობის წინააღმდეგია.
– მაშინ, მე უარს ვაცხადებ ამ პროექტში მონაწილეობაზე, – თქვა კაპიცამ და მედიდურად გადახედა ბერიას.
ერთი სიტყვით, კაპიცა გათავისუფლდა. დაინიშნა ბერია და სამეცნიერო ხელმძღვანელად კი – დიდწვერა იგორ ვასილის ძე კურჩატოვი, რომელთან თანამშრომლობითაც ატომური ბომბი გაკეთდა“.
პეტრე კაპიცა, ზოგადად, თავხედობითა და მედიდურობით გამოირჩეოდა. ეს თვისებები მას სისხლში ჰქონდა გამჯდარი და სიფრთხილეს აკარგვინებდა. კაპიცამ, ფაქტობრივად, გამოიწვია ლავრენტი ბერია. ასეთ რამეს კი ბერია არავის აპატიებდა. აშკარა იყო, რომ ლავრენტი პავლეს ძე კაპიცას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ ბერია სტალინმა გააჩერა. სამაგიეროდ, კაპიცა მოიხსნა ყველა თანამდებობიდან და რიგითი ფიზიკოსის დონემდე ჩამოქვეითდა. თანაც, მას, ფაქტობრივად, შინაპატიმრობა მიესაჯა. მისი ტელეფონები ისმინებოდა და მას გარს ეხვეოდნენ „ჩეკისტები“. სტალინი, რა თქმა უნდა, არც ნობელიანტ კაპიცას აპატიებდა მსგავს თავხედობას და სიკვდილით დასჯიდა საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატისთვის, მაგრამ უფრო გონივრულად მოიქცა. გააცამტვერა რა მსოფლიო მნიშვნელობის ფიზიკოსი, ამით სხვებს დაანახვა, რომ ნაკლებად ცნობილებს უარეს დღეში ჩაყრიდა და ფიზიკოსები კიკოინი, ხარიტონი და სხვები მიხვდნენ ამ ყოველივეს და ძალისხმევას არ იშურებდნენ ბომბის შესაქმნელად. ხოლო, როდესაც ეს მისია შესრულდა, საბჭოთა ბელადმა ყველა ფიზიკოსი უხვად დააჯილდოვა და უდიდეს პატივში ჰყავდა. პეტრე კაპიცა კი, მართალია, კვლავ ცოცხალი იყო, მაგრამ უკიდურესად მიტოვებული და ყოველგვარი უფლებაშეზღუდული. სწორედ ამიტომ იყო, რომ პეტრე კაპიცას ვაჟი, სერგეი კაპიცა ამბობდა: სტალინმა მამაჩემი უკიდურესად გარიყა და ფსიქოლოგიურად კლავდა. ბერიას კი ფიზიკურად სურდა მისი განადგურება და რომ არა ხრუშჩოვი, მამაჩემს დახვრეტდნენო. აკადემიკოსის ვაჟი მხოლოდ ზედაპირულ სიმართლეს ამბობს და მალავს იმას, რომ უფროსმა კაპიცამ საბოტაჟი გასწია ქვეყნის წინააღმდეგ.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




