ბელადები

რას წერდა ბერიაზე ვალტერ შელენბერგი თავის მემუარებში

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 57 წუთის წინ

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ამერიკელებმა დაზვერვის გენია უწოდეს. ფაშისტური გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ვალტერ შელენბერგი კი თავის მემუარებში თეთრზე შავად წერს, რომ ფაშისტების დამარცხებაში ლომის წილი ლავრენტი ბერიას მიუძღვის და მას უდიდეს მზვერავსა და ორგანიზატორს უწოდებს.

პროფესორი, გენერალი იოსებ ლოვჩევი: „ლავრენტი ბერიას მრავალსვლიანი სადაზვერვო თამაშების წარმოების უნიკალური ნიჭი ჰქონდა. მის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები გამოირჩეოდნენ უდიდესი სიზუსტითა და შემოქმედებითი მიდგომით.

ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ეს ოპერაციები არასდროს ყოფილა ცალსახა და ყოველთვის გამოირჩეოდნენ მრავალმხრივობით. 1943 წელს ბერიამ მოიფიქრა მრავალპლანიანი სადაზვერვო კომბინაცია, რომელიც 8 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ფაშისტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. იანვრის თვეში ერთ-ერთ გაშიფრულ ფაშისტ აგენტს, რომელიც მოსკოვში მოქმედებდა, მიეწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით კი, კავკასიაში, ანტისაბჭოთა ორგანიზაციები ფუნქციონირებდნენ. ფაშისტი აგენტი გენრიხ ზომერი იყო და ის ფინანსთა სამინისტროში ბუღალტრად მსახურობდა ანატოლი ზუევის ვინაობით. ზუევს, რა თქმა უნდა, პერმანენტულად კუდზე ასხდნენ, კითხულობდნენ მის დაშიფრულ ინფორმაციებსაც და მის ირგვლივ ფართომასშტაბიანი სადაზვერვო თამაში ხორციელდებოდა. „ჩეკისტებმა“, ბერიას ბრძანებით, მოსკოვში, თბილისსა და ვლადივოსტოკში ცრუ ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წრეები ჩამოაყალიბეს და ზუევი რომ დარწმუნდა მათ ნამდვილობასა და ზრახვებში, ბერლინს დაუკავშირდა და შემდგომი ინსტრუქციები მოსთხოვა. ეს ინფორმაციები ზუევისგან პირდაპირ ვალტერ შელენბერგს მისდიოდა. შელენბერგი გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი იყო და სწორედ ის აძლევდა ვიზას სპეცოპერაციების ჩატარებას საზღვარგარეთ. გააანალიზა რა ზუევის ინფორმაციები, შელენბერგმა ჰიმლერს 3 მილიონი მარკა გამოართვა ოპერაციის დასაფინანსებლად და ვიზა მისცა ოპერაციის დაწყებას. რვათვიანი სადაზვერვო თამაში კი იმით დასრულდა, რომ ფაშისტებმა „ჩეკას“ 22 თავისი აგენტი გაუშიფრეს. საბჭოთა ტერიტორიაზე 4 რჩეული სპეცჯგუფი გადასხეს და მათი საერთო რაოდენობა 120 ადამიანი იყო, რომელთაგან ყველა დააპატიმრეს, ანუ შელენბერგის გეგმა ჩავარდა და ომის შემდგომ გამოცემულ მემუარებში ის წერდა: „ეს იყო ჩემი და ჩემი უწყების უპირობო ჩავარდნა, დამარცხება. ამ სირცხვილში მთავარი როლი ბერიას ეკვთვნის. ჩვენ ისე გაგვაბრუეს, რომ დავიჯერეთ მოსკოვში ფართომასშტაბიანი ანტისტალინური აჯანყება მოხდებოდა და რომ სტალინს გაანადგურებდნენ. ვამბობ, ვაღიარებ, რომ რუსებმა გვაჯობეს... თუმცა, სიტყვა რუსები ზოგადი ფრაზაა და ვიცი, რომ ამ გამარჯვების შემოქმედი ლავრენტი ბერია იყო, წარმოშობით ქართველი, დაბადებული შავიზღვისპირეთში“.

შელენბერგის ეს მემუარები რომ გამოქვეყნდა, არც ბერია იყო ცოცხალი, არც თავად შელენბერგი და ხრუშჩოვს რომ ბერიაზე დაწერილი თავების თარგმანი წააკითხეს, ნიკიტამ ბრძანა, რომ ეს მასალა გაზეთ „პრავდაში“ დაებეჭდათ, კომენტარებით. კომენტარში კი ეწერა: ბერიას მოღალატეობა აშკარად ჩანს ფაშისტი შელენბერგის მემუარებში და გამორიცხული არაა, რომ ბერია ფაშისტების აგენტი იყოო. ასეთ აბსურდს, ხომ მხოლოდ ხრუშჩოვი შეთხზავდა. არა მარტო ხრუშჩოვი, უშიშროების სხვა გენერლებიც მსგავსად იქცეოდნენ, რადგან, ნიკიტას არ უთხრეს, რომ ეს თარგმანი ასეთი კომენტარებით გაზეთ „პრავდაში“ არ გამოექვეყნებინა.

ნიშანდობლივია, რომ ლავრენტი ბერიას გენია არაერთ მემუარულ ლიტერატურაშია ნახსენები, რომლებიც გასული საუკუნის 50-60-იან წლებში უხვად გამოიცა და მათი ავტორები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნები. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ ბერიას უშრეტ ტალანტს. „ცეერუს“ შეფი ალენ დალესი მას დაზვერვის გენიას უწოდებს, ხოლო „მოსადის“ პირველი შეფი, ხარელი წერს, რომ „მოსადი“ ლავრენტი ბერიას პირმშოა და ბერიას მიერ მოვლინებულმა კადრებმა აგვიწყვეს სამსახურიო.

ბერიას, ასევე, დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარტიზანულ მოძრაობაში. არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეგულარულ საბჭოთა ჯართან ერთად, პარტიზანები მუსრს ავლებდნენ რჩეულ ფაშისტურ ძალებს და ეს კონცეფცია ბერიას მიერ იყო შემუშავებული და რა თქმა უნდა, შესრულებაზე კონტროლიც სწორედ მან დააწესა. პარტიზანების ცნობილი მეთაური, სიდორ კოვპაკი იხსენებდა: „ბერიამ, ფაქტობრივად, გამზადებული გეგმა დაგვიდო წინ, თუ როგორ უნდა გვემოქმედა პარტიზანულ ომში. მან დაგვიხატა მოქმედების დამუშავებული სქემები, რაც იყო უზუსტესი და ეს ჩვენ გვამარჯვებინებდა.“

საგულისხმო ფაქტია, რომ თანამედროვე პუბლიკაციებში ბერიაზე მეტი სიმართლე იბეჭდება, რაც მონსტრის იარლიყს აშორებს ამ ნიჭიერ კაცს, რომელმაც სტალინთან ერთად დიდი გამარჯვება და სიკეთე მოუტანა რუსეთს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი