ბელადები

ვინ და როგორ მოუსპო ბერიას მკვლელობით საბჭოთა კავშირს განვითარების პერსპექტივა

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.07, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია უფრო მეტად შესანიშნავი ორგანიზატორის სახელითაა ცნობილი, ვინც უდიდესი პროექტები განახორციელა. თუმცა ის არანაკლები იყო, როგორც პოლიტიკოსი და სტალინის შემდეგ პირველთა შორის უპირველესი ადგილი ეკავა. თუმცა, მაინც შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

გენერალი კონსტანტინე პავლეს ძე პეტროვი წერდა: „ბერია, ისევე როგორც სტალინი, შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ორივე მოკლეს და თამამად ვაცხადებ, რომ ამაში მთავარი როლი გარეშე ძალებს მიუძღოდათ. გინდათ, მათ მასონები უწოდეთ და გინდათ – უცხოპლანეტელები. ფაქტია, რომ ეს გარეშე ძალების მიერ იყო ინსპირირებული. მეტსაც გეტყვით, ბერიას, სტალინისა და არ გაგეცინოთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის მიზეზი ერთი და იგივე იყო – სამივემ ხელყო იმ გარეშე ძალების გლობალური მმართველობის მთავარი მექანიზმი, ანუ სავალუტო სისტემა. მარტივად ავხსნი: მსოფლიოს ყველა ვალუტა, ბრეტონ-ვუდსის ხელშეკრულებით, ამერიკულ დოლარზეა მიბმული. სტალინს თავიდან სჭირდებოდა ეს და კიდეც მიემხრო ამ ხელშეკრულებას. თუმცა, მისი რატიფიკაცია არ მომხდარა და სტალინმა დამოუკიდებელი, სამანეთო სისტემის შექმნას მიჰყო ხელი. ეს კი მას არ აპატიეს და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მოკლეს. ბერიამ, რომელიც ამ ამბებში საუცხოოდ იყო გარკვეული სტალინის სიკვდილისთანავე დაამყარა კონტაქტი შეერთებული შტატების შესაბამის პირებთან, რომლებიც ამ ზესახელმწიფოებრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ. შეუთანხმდა მათ, რომ საბჭოეთი სრულად ჩაებმებოდა ამ პროცესში და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა. თუმცა, ბერიაც მოკლეს. ჩემის ღრმა რწმენით, სწორედ ამ ჯგუფის შეკვეთით და მთავარი მიზეზი კი ბერიას ჭკუა და გავლენა იყო. სავარაუდოდ, ისინი მიხვდნენ, რომ როგორც კი ბერია ქვეყანაში აბსოლუტურ ძალაუფლებასა და გავლენას მოიპოვებდა, მაშინვე სტალინივით მოიქცეოდა და დოლარის დომინაციას ჩააფლავებდა. ამიტომ არ გარისკეს და ბერია მოიშორეს. ანუ, ბერიას მკვლელობა უფრო პრევენციული იყო, ვიდრე აუცილებელი. კენედიმ კი ამ ჯგუფის მთავარი მექანიზმის, ფედერალური სარეზერვო სისტემის (ეს კერძო „კანტორაა“ და ფულს ბეჭდავს) ნაციონალიზაცია მოინდომა და მოსპეს... აი, ეს კავშირებია ამ სამ მკვლელობას შორის და შემკვეთი კი ერთი იყო...“

სხვათა შორის, გენერალი პეტროვი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონცეფციის ცნობილი ავტორი – ძალიან საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. საკმაოდ კომპეტენტური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გენერალი მოკლეს. მიზეზი მისი კრიტიკული ლექციები იყო და შეკვეთა კი ქვეყნის (რუსეთის) გარედან მოდიოდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „მახსოვს, სტალინი რომ „ბრეტონ-ვუდსს“ შეუერთდა, მე და ბერია ვიყავით მასთან კაბინეტში და გვითხრა: ეს დროებითი იძულებითი ღონისძიებაა. როგორც კი ომი დასრულდება და გავიმარჯვებთ, ჩვენი სავალუტო სისტემის შექმნას დავიწყებთ და დოლარს იგნორირებას გავუკეთებთო.

– ამას ძალიან დიდი გართულება მოჰყვება, – თქვა ბერიამ.

სტალინმა კი უთხრა:

– დიდი დიდი, ჩემი მოშორება მოინდომონ „ქვის მთლელებმა“ (მასონების სახელწოდება), ომს კი არ დაგვიწყებენ. უსაფრთხოება კი შენ გევალება, ლავრენტი.

ბერიამ სტალინის გარდაცვალებისთანავე მოძებნა კონტაქტები ამერიკელებთან და პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე გვითხრა: დოლარი უნდა დავაბრუნოთო. ამაზე არავინ შეწინააღმდეგებია. ბერიამ ისიც კი გვითხრა, ამერიკელები ჩვენთან შეღავათიანი ტარიფებით იმუშავებენო. მოგვიანებით კი ხრუშჩოვი ამბობდა: „ბერია გაიძვერა იყო. ამას ამერიკელებიც მეუბნებოდნენ და მე ხომ მათზე უკეთ ვიცოდი. ამიტომ გახდა ბერიას თავიდან მოცილება ასეთი სასწრაფო.“

მოლოტოვი, უბრალოდ, ფაქტების კონსტატაციას ახდენს და ანალიზს არ აკეთებს. თუმცა, გამორიცხულია, მას ვერ გაეგო საქმის არსი, არსი იმისა, რაშიც მონაწილეობა თავად მიიღო. ხრუშჩოვის ეს წამოცდენა მკვლელობის შეკვეთის მიღების აშკარა აღიარებაა. აქ მარტივი სქემაა: ხრუშჩოვს ბერიას მოშორების შეკვეთა „გარედან“ მისცეს. მას ეს ხელს აძლევდა და შეასრულა კიდეც. სამაგიეროდ, ქვეყნის მმართველი გახდა და მსოფლიო პიარიც გაუკეთეს. 10 წელი აცადეს და მხოლოდ მაშინ გაუშვეს პენსიაზე, როდესაც საკუთარი გონებაშეზღუდულობის წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატებთან ლამის ბირთვული ომი („კარიბის კრიზისი“) დაიწყო.

გენერალი პეტროვი: „როგორც უკვე ვთქვი, ბერიას მკვლელობა პრევენციულ ხასიათს ატარებდა და ამას ვერც ხრუშჩოვი, თვით ჟუკოვი და მით უმეტეს, დანარჩენები ვერ განახორციელებდნენ, რომ არ ჰქონოდათ საზღვარგარეთული ლობი. ასეთი რამ რუსეთის ისტორიის მთავარი მახასიათებელია. ეგრეთ წოდებული, „დარბაზის გადატრიალების“ მთავარი შემოქმედები უცხოელები იყვნენ. რად ღირს მარტო ნიკოლოზ მეორის ისტორია. ასე რომ, ვერც ბერია გადაურჩა ამას და მისი მკვლელობით ქვეყანას განვითარების ყოველგვარი შანსი მოესპო, რადგან შემკვეთებმა იცოდნენ, რომ ბერია სტალინის აღმშენებლობას გააგრძელებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი