ბელადები

ვინ და როგორ „ჩაუშვა“ სტალინი სასულიერო სემინარიაში

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.03

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც ძალაუფლება არალეგალური რევოლუციური ბრძოლის შედეგად მოიპოვა და ისეთი რადიკალური გარდაქმნა განახორციელა სახელმწიფოში, რომელმაც ათეულ მილიონობით ადამიანს მოუტანა სიკეთე.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ფაქტია, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ადრეული არალეგალური მოღვაწეობის თაობაზე გაცილებით ნაკლებია ცნობილი, ვიდრე შემდგომ პერიოდზე. თუმცა, სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა მას მარქსისტული მსოფლმხედველობა და აქტიურად ჩაება არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაში. თავის ბიოგრაფიაში ამ პერიოდზე სტალინი წერდა: „ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, სულ რაღაც 14 წლის, როდესაც იატაკქვეშა საქმიანობაში ჩავები. მაშინ პირველად მომხვდა ხელში ილიჩის (ლენინის) მიერ შედგენილი პროკლამაცია „ძირგამომპალი ცარიზმის“ თაობაზე და ისე გამიტაცა მან, რომ თავად დავიწყე მარქსისტული ლიტერატურის (არალეგალურის) ძებნა...“ სულ მალე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი სტალინი თავად შეუდგა მარქსიზმის ქადაგებასა და გავრცელებას. თანაც, ეს ისე ოსტატურად და საკმაოდ სახიფათოდ განახორციელა, რომ მეფის „ოხრანკის“ სტაჟიანი, გამოცდილი თანამშრომლებიც კი გააოცა...“

1899 წლის 20 მაისს, სწავლების მეხუთე კურსზე, სტალინი თბილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს. დადგენილებაში ოფიციალურად ეწერა – გამოცდაზე გამოუცხადებლობის გამო. სინამდვილეში კი, 19 წლის სემინარისტი იოსებ ჯუღაშვილი არალეგალური, მარქსისტული პროპაგანდისთვის მოიშორეს თავიდან. იმ პერიოდში სრულწლოვანების ასაკი 21 წლით იყო განსაზღვრული და სტალინი არასრულწლოვანი იყო. სემინარიის ოფიციალური მოტივაცია გარიცხვის შესახებ (გამოცდაზე გამოუცხადებლობა) კი იმით იყო გამოწვეული, რომ სემინარიის ხელმძღვანელებს არ სურდათ გახმოვანებულიყო ის ამბავი, რომ მათ კედლებში რევოლუციური იდეებით განმსჭვალული სტუდენტი „ბუდობდა“; სხვათა შორის, ახალი იატაკქვეშელის ასპარეზზე გამოსვლის აფიშირება არც „ოხრანკას“ აძლევდა ხელს, რადგან პეტერბურგიდან ისედაც საყვედურები მოდიოდა კავკასიის ჟანდარმერიის მისამართით. ამგვარად, სემინარიის ხელმძღვანელობასა და „ოხრანკის“ ხელმძღვანელობას შორის უსიტყვო გარიგება დაიდო, თუმცა, თბილისის „ოხრანკის“ სამმართველოს სპეცარქივში იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის მიმართ საქმე გაიხსნა და მასზე მუდმივი პოლიციური, ფარული მეთვალყურეობა დაწესდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სტალინი დარწმუნების დიდი უნარით იყო დაჯილდოებული და ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მაშინაც კი (იმ პერიოდში მას „კობაც“ კი არ ერქვა) შეეძლო, ადამიანი (მტერიც) თავის მხარეზე გადმოეყვანა. ამგვარად, სემინარიიდან გარიცხულმა სტალინმა ძალიან მალე მოიმხრო თავის იატაკქვეშა საქმიანობაში 38 წლის ანტონ როგოვი. ეს ადამიანი სასულიერო პირი იყო, დიაკვნის ხარისხს ატარებდა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სლავი ხალხის ისტორიას კითხულობდა, ანუ ლექტორი იყო. ამგვარად სტალინმა ის იატაკქვეშა საქმიანობაში ჩააბა და როგოვი მოგვიანებით მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახდა... სხვათა შორის, სტალინის სასულიერო სემინარიიდან გარიცხვას წინ უძღოდა იური კრუმინის „დანოსი“ (დაბეზღება). კრუმინიც სემინარიის სტუდენტი იყო და მან სრულიად შემთხვევით შეიტყო, რომ სემინარიის სტამბაში სტალინი პროკლამაციებსა და არალეგალურ გაზეთს ბეჭდავდა და სწორედ, ეს გახდა სტალინის გარიცხვის საფუძველი...“

ძალიან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იური კრუმინი 1941 წელს, 61 წლის ასაკში, უკრაინაში, კერძოდ კი, ქალაქ ლვოვში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალს ხელმძღვანელობდა და ფაშისტების მხარეზე გადავიდა. 200-ზე მეტი საბჭოთა პარტიული და სამეურნეო მუშაკი დააბეზღა, რომლებიც დახვრიტეს. ეს ისეთი რეზონანსული მოვლენა იყო, რომ სტალინს აცნობეს. საბჭოთა ბელადმა კი კრუმინში თავისი ძველი თანასემინარიელი ამოიცნო. ბერიას დაავალა მისი მოღვაწეობის გამოძიება. სტალინმა კრუმინის მოსკოვში ჩაყვანა და გასამართლება მოითხოვა. 1942 წლის მარტში კრუმინი „ჩეკისტებმა“ ლვოვიდან მოიტაცეს. მოსკოვში ჩაიყვანეს, გაასამართლეს და დახვრიტეს.

პროფესორი როი მედვედევი: „მე, სტალინის მეხოტბედ არ გამოვდგები, თუმცა არც სიმართლეს დავუკარგავ. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი თავისი მოღვაწეობის დასაწყისში აბსოლუტურად გულწრფელი იყო. ის ნამდვილად იდეალისტისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით იღვწოდა ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად და ეს უტყუარი ფაქტია... სხვათა შორის, ფაქტები ამ ადამიანის მიერ ჩადენილ საშინელებებზე დიდი ეჭვის ქვეშ დგება და იურიდიულად საჭიროებს დამტკიცებას. რეალურად კი ცნობილია, რომ სტალინმა ააშენა უდიდესი სახელმწიფო (წითელი იმპერია) და ცდილობდა, ეს სიკეთე პლანეტურ მასშტაბში გადაეტანა, თუმცა დრო არ ეყო...“

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ სტალინის გენიასა და საქმეებს ისეთი ადამიანებიც აღიარებდნენ, ვისაც სტალინურმა მმართველობამ პირადი დაღი დაასვა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი